როდესაც ბებერ ფიჭვს პირველი
ტოტი შეახმა, მან შეამჩნია,
რომ
მის ახლოს
წამოიზარდა ორი მისი შვილი – პატარა ფიჭვები.
მან ამაყათ გადახედა მტკვარს
და უხაროდა,
რომ
მის ტოტებზე იმ დილას ბევრი ფრინველები
ისხდენ და გალობდენ.
შვილები გაიზარდენ
და ყოველ დილას
თავის ტოტებით
ეხებოდენ საყვარელ
დედას:
„დილა მშვიდობის!“
ტყის მცველმა
შეამჩნია ორი ლამაზი
და უბრძანა დარაჯს:
მოსჭერით ბებერი ფიჭვი –
ძირ დამპალია
ჯანმრთელ ხეებს უშლის ზრდას.
მოსჭრეს.
დედა ისე წაიქცა, რომ არც ერთ შვილს არ ატკინა
ტოტი.
მაგრამ ეს იყო მათი პირველი ტკივილი.
აბასთუმანში სააგარაკოთ
წავიდა ახალგაზრდა ჭლექიანი
პოეტი.
როდესაც ტყეში სეირნობდა
მივიდა ტყუპებთან
და რადგან უყვარდა ორი ახალგაზრდა ქალი
მაია და მარინა
ერთ ფიჭვზე ამოჭრა
მაიას სახელი,
მარინასი მეორეზე…
ორი ნიბლია აძლევდა მისამართს ამხანაგებს:
ერთი ამბობდა: მე ვცხოვრობ
პირველ სართულზე „მაიას“ ტოტზე
მეორე:
მე ვცხოვრობ „მარინას“ პირველ ტოტზე აღმოსავლეთით.
ხე არავის არ ეცოდება,
მით უმეტეს
ქარხნის პატრონს,
ფიცრის დამხერხავს.
მან იჯარით აიღო ის ტყე,
სადაც ტყუპები იზრდებოდენ,
და აპრილში,
როდესაც მტკვარი მოდიდდა,
მოსჭრა ორი ფიჭვი,
ორივე გაატიტვლა,
გადახერხა
და სხვა მეზობლებთან ერთად
შეკრა ტივათ.
ეს იყო მეორე ტკივილი,
ერთად ტიროდენ,
რადგან ტივში
ერთად მოხვდენ გადაბმული; –
დაო, ნუ დამტოვებ,
ჩამეკარი,
ტივი თუ დაინგრეს
ნუ მომშორდები ერთად ვიცუროთ.
შენ თუ კასპიის ზღვაში წახვედი
და მე დავრჩი ტფილისში,
ერთმანეთს ხომ ვეღარ ვნახავთ.
ერთად დაგვხერხონ.
(გზაში ტივი დაინგრა).
ტყუპები ერთმანეთს დასცილდენ,
ეს იყო მესამე ტკივილი:
როდესაც ერთი და
მიათრიეს ქარხანაში
მან
მეორე დის ამბავი ვერსად გაიგო!
დაუწყეს ხერხა.
ყველა ფიცრები ერთმანეთზე დაალაგეს.
შემდეგ გაგზავნეს
ქალაქში
ახალი
სახლის
კედლებისათვის.
უკანასკნელათ
ერთმანეთს
შეხვდენ
კედელზე გაკრულები.
ენატრებოდათ ერთმანეთი,
მაგრამ ლურსმნები არ უშვებდენ,
ვეღარც
ერთმანეთს ხედავდენ.
ლურსმანის
ჭრილობებიდან
ყველას
ცრემლები
სდიოდა.
კალატოზმა დაიწყო კედლის შელესა.
დებს თვალები შეეკრათ, სული შეეხუთათ,
შელესა რომ გათავდა:
აღარ იყო მეოთხე ტკივილი.
იყო სამუდამო სიჩუმე:
სიკვდილი.
პაოლო იაშვილი
ჟურნალი „დროშა“, 1925, №4