ტირილი ღამეში – Blue Horns

ავტორი : ივანე ყიფიანი

თარიღი : 06.10.1921

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ტრიბუნა“, 1921, 6 ოქტომბერი, №39

პოეზია, შემოქმედება

ტირილი ღამეში

ღამის ნაბადი გახუნდება ცივ ალიონით,

დამთვრალ კაფეში მზის მოსვლამდის დამაყოვნდება,

წამიღებს ფიქრი ჭიქა ლუდის, შავ ყალიონით

და მთვარეულად ჩემი სახლი მომაგონდება.

 

ისლით ნახური წაბლის ოდა – ლხენის ბანაკი,

გიშრის ყანწებით ლალის ღვინო – სახე მზიანი,

თავაზიანი იმერეთი და ფაფანაკი,

ჩემი ოჯახი გულღია და ხალისიანი.

 

გამიცოცხლდება ჩვენი ჭალა და თევზაობა,

მთა ნაქერალის – ზურმუხტებით გადანამწვანი,

მარად ბრწყინვალე, ქედმაღალი ნათესაობა,

ცხელ ანდამატით შეჯაჭვული რვანი დან-ძმანი.

 

წინ გიგვიძღვება ვერცხლის წვერით მამა გიორგი,

ღვთისმშობელივით თავს გვევლება მზე მინადორი;

მათ სანეტაროთ – დატვირთული ათას იოგით –

შევებმი ღმერთებს, ვით გიჟ ხარებს ტორეადორი.

 

მომენატრება უცნაური, ჩუმი სოფელი,

მარჯნის ვაშლები – ბავშვობაში ჩემი დარგული, –

და ავტირდები მე – მსოფლიოს უარმყოფელი, –

უცხო ქალაქში სასიკვდილოთ გადაკარგული.

 

ივანე ყიფიანი

გაზეთი „ტრიბუნა“, 1921, 6 ოქტომბერი, 39