ოფელია – ევრედიკა – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 14.01.1921

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6814-2-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოფელია – ევრედიკა

საღამო ბრწყინავს. აელვარდა ცა უქარვესი.

ვით სომნამბულა ელოდება მთვარეს ბუნება.

კიდევ ხშირია მდინარეზე სხივთა ხარვეზი,

მაგრამ იწყება აჩრდილების ყრუ დაბრუნება.

 

ანგელოზები გამოდიან ცაზე გზირებათ.

კვლავ ოფელიას მომაჩვენებს ყალბი დაისი.

ჩემსკენ დაფარულ მოკრძალებით ის იცქირება –

თითქო ვგონივარ მას ყეენი ოღოდაისი.

 

ვით ევრედიკას ორფეუსი – მე ოფელიას

ვიხმობ დაისის მიუწდომელ ალურ ზღუდიდან.

ელიზიუმი უკეთესი სამყოფელია

და ჩემმა ტრფობამ მას წყურვილი ვერ გაუდიდა.

 

მეგონა: იგი აჩრდილების სადაისოდან

წამომყვებოდა – ვუმღეროდი ლექსებს მთვარეულს.

თუმცა ასულმა აღტაცება ლექსით იცოდა,

ვერ დავაშორე ფრთადახრილი წრეს სიზმარეულს.

 

ჰამლეტის ნიღაბს გავიკეთებ. თეთრი ასული

მე გამომყვება. მოგონება მაინც აწუხებს.

როს მივიხედავ მისკენ – ცეცხლის წრეს გადასული,

მხოლოთ სიჩუმის უდაბური ხმა მიპასუხებს.

 

14 იანვარი, 1921 წელი