დღეს მუცელმოგვი საფირონი – როგორ ქიმერა,
ოქროს სცენიდან გაფითრებულ პარტერს ამონებს,
ის ერთი წუთით წარმოიდგენს თავს ცრუ იმერად,
მიესალმება ლორნეტიან ლოტრეამონებს.
ლოჟებში ჩადგმულ ნავებიდან იცქირებიან
კურტიზანები და პარტერიც, ალბათ, წყალშია.
თეთრი გედები ორკესტრიდან ალბათ ჩნდებიან
და ერთი სკრიპკა ნისკარტების კარნავალშია.
თვით კლეოპატრა სურნელების პირბადით მოდის,
ნიღაბიანი საფირონი უტყვი გახდება,
დაქორწინება ქიმერების იქნება როდის?
როცა ეს წუთი რუბინებით დაირახტება.
დედოფალს ბეჭდებს საფირონი იქ შესთავაზებს,
მარა სურნელში იმალება მოგძო თითები.
კვლავ მიუგზავნის დაუგეშავ მეფურ გავაზებს,
რომ კლეოპატრას მოაგონდეს სხვა ჯირითები.
შორ აივნიდან ამხნევებენ იმას მგოსნები
და საფირონი დაიჩოქებს როგორც სალოსი.
სახე არ ჩნდება იმ სურნელში ნასხივოსნები,
ხოლო ხმა ისმის გაყინული სატრფიალოსი.
ზღვის სერაბიმი – კლეოპატრა განიავდება,
მაგრამ დარჩება მშვენიერი მისი ხაბარდა.
ატირდებიან პოეტები – ედგარის გარდა.
ნიღაბიანი საფირონი იწვის, ბრმავდება
და გრიგალივით დაეშვება ხანძარის ფარდა.
ვ. გ.
1920
Каждое новое стихотв. Нашего кружка должно отмечать движение вперед или назад грузинской поэзии.