Divigation – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6813-1-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

Divigation

როგორც ჰამლეტი, წარმოდგენას თვითონ განაგებს

ლურჯი საღამო – შავ ლორნეტით მოხეტიალე.

ის თავის კუკლებს კაфეებში დააბანაკებს

და ბალაგანის დაიწყება ჩქარი ტრიალი.

 

ჩვენ, პოეტები, რუხ ქუჩებში დავიფანტებით.

ტრამვაებს შორის აჩრდილები კენტათ დადიან.

ცქერას დავიტკბობთ აჩრდილების ავი ფანდებით,

თითქო ეს წუთი საოცარი სხვა პარადია.

 

პატარა ფრთებით მოფრინდება გრიგოლის ალკა

და უიმედოთ გვეკითხება ის მამის ბინას.

ჩვენ კიდევ გვინდა ვემსახუროთ მას კატაфალკად,

მაგრამ მოიწყენს, და გაჰყვება ქალაქის სინას.

 

ჩვენი ძეგლებით მედიდურობს ქუჩა გვიანი.

შუადღის პანი ამართულა – ვით ოქროს ბუდდა,

გამოკვეთილი ალმასიდან სდგას ტიციანი –

ბრწყინავს პაოლო – ბუმბერაზი და ნაღდი მუდამ.

 

მაგრამ ეს ქუჩა მობრუნდება ვით კარუსელი

მახინჯი სახლი და წარწერა: ყანწელთა მორგი.

სანახაობას აუტანელს ვეღარ უძელით

და გავექეცით მოჩვენებას ხმა დანაბორკი.

 

ვ. გ.

1920 წ.