პოეტის სახეს ახლა დაეძებენ რითმების ხასიათში და რიტმის ანომალიებში. ადამიანი იცნობა ყელსახვევის გამოსკვნით ან ახალუხის ფერით. ამ მეთოდით მწერლის დასახასიათებლად შეიძლებოდა სიტყვების, ცალკე ხმების ან სასვენი ნიშნების სტატისტიკური გადარჩევაც. მოვლენებში საგნები ცნაურდებიან მრავალნაირად.
ამ მხრივ ყველაზე უფრო შესანიშნავია სათაური. ტეოЄილ გოტიეს თქმით, „მოკლე და პოეტურ ფორმაში იგი დაასკვნის საერთო იდეას წიგნისას და აღნიშნავს მის ტენდეციებს.“ ჩვენ სხვანაირად ვიტყოდით.
ბოლოს და ბოლოს: პოეზია არის მოვლენათა იქით გადახედვა და სახელების დარქმევა საგნებისთვის. ამ სასწორზე უნდა აიწონოს ყველა, ვისაც აქვს პრეტენზიები პოეტის სახელის ტარების. მარტო ეს კრიტერი გამოიცნობს მართალ ხმას და გაზომს მის სიმაღლეს. ამ ხაზით შეგნებულათ მიდის სიმბოლისტების შკოლა. ინტუიციით ამ გზასთან მისულა ბევრი ჭეშმარიტი პოეტი სხვა ჯგუფებიდან.
ლექსში, პროზაში – ყველგან მთავარი მომენტია სახელების დარქმევა, მოძებნა მოთანაბრე სახეების, ინტიმურ განცდათა სიტყვიერი პარალელების. და, თუ ავტორმა სათაურში რეზჲუმე უნდა გაუკეთოს მთელ ნაწარმოებს, მთელ წიგნს, მაშინ სათაურშიდაც არი შემოქმედების მთავარი მომენტი, მაშინ სათაურიც სახელის დარქმევაა უფრო მოკვეთილი და, ამიტომ, უფრო ინტენსიური. განსაკუთრებით ეს ითქმის იმ სათაურის შესახებ, რომელიც იწერება ნაწარმოებზე ადრე: ხშირად აქ მიგნებული ნამდვილი სახელი შრეტს შემოქმედ ნებას და სათაური სჯობნის ვრცელს. ასეთია გრიგოლ რჩეულოვის სათაური – „ქვრივის ლიმონები“. ქმედითი სათაური თანაბარია თვითონ წიგნის და თავისთავად წარმოადგენს ესთეტიურ ღირებულებას.
გრძელად თქმა, შედარებებით და აღწერით ასახვა საგნების აღარ აკმაყოფილებს კულტურით დატვირთულ ადამიანს. მეტაფორა თანდათან ფასდება და შეიძლება მინიატჲურიზმის გზას რომანიდან სათაურთან მივყავდეთ. შეიძლება წიგნების მაგივრად სათაურების წერა დავიწყოთ. ამის ნიშნები უკვე არი ჩვენ ლიტერატურაში. აქ დავიმოწმებთ ვალერი ბრჲუსოვსაც: „ო, დაფარე შენი მკრთალი ფეხები“.
ამ მხრივ თითქო ბოლომდი მივიდენ რუსი ფუტურისტები: სათაურს გადასცილდენ და ცარიელ ქაღალდებს ჰყიდდენ წიგნებათ. მაგრამ ეს უსიტყვო წიგნები უფრო ახლო იყო სენსაციასთან.
მინიატჲურების გზა დიდია, გრძელი. მისი თავი აღმოსავლეთში იკარგება. მაგრამ საშიში და ძნელია გზა იგი, ჭეშმარიტათ ბეწვის ხიდია პოეზიის სასუფეველში და მასზე სიარული ემარჯვება მარტო რჩეულებს. „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“. მაგრამ ყველას არ ვურჩევთ „შაირი“-ს თქმას. პოეტის მთელი ხელოვნობა. მისი კულტურა სათაურს დააჩნდება პირველათ. ის სახეები და ის სახელები, რომლებიც აწუხებენ პოეტს, პირველათ მის სათაურში უნდა ვეძიოთ.
ბოდლერი:
„ბოროტების ყვავილები“, „დონ-ჟუანი ჯოჯოხეთში“, „პარიზის სიზმარი“, „დედაბრები“, „ბრბო“, „ქვრივები“, „ბებერი პაჲაცი“, „ნახევარი სამყარო თმებში“, „მიპატიჟება სამგზავროთ“, „მთვარის საჩუქრები“, „ლიტანია სატანას“.
ამ შემთხვევით ამოწერილ სათაურებშიდაც ხომ ცნაურდება ავტორი, რომელმაც შეხედა ქვეყანას ახალი ასპეკტით და მოიტანა ახალი სახელები. ჟჲულ ლაфორგის ირონია და მოწყენა, მისი კვირა დღეები ასე განათებულია მის ჩივილებში:
„ჩივილი ორგანისტის წმ. ღვთიშობლის ეკლესიაში ნიცცაში“, „ჩივილი პროვინციელ მთვარეს“, „მაღალი ფიჭვების ჩივილი მიტოვებულ ვილლაში“, „სამგლოვიარო მარში მიწის სიკვდილზე“, „ზამთრის დაისი“, „ახალი მთვარის ლიტანია“, „მთვარის სოლო“, „კვირა დღეები“, „კეთილი შემოდგომა“ და ყველა ერთად: „ფეერიული სობორო“.
მარტო სათაურები რომ დაეტოვებია ჟჲულ ლაфორგს, მისი პოეზია ჩვენთვის არ იქნებოდა ნაკლებათ ძვირფასი და გასაგები.
თითოეულ ავტორზე ამ მეთოდით შეიძლება დაიწეროს სპეციალური გამოკვლევა.
ქართულმა ლიტერატურამ შემთხვევით იცოდა საინტერესო სათაურები. სათაურის კულტურა ჩვენში უეჭველად ახალმა შკოლამ შამოიტანა და „ცისფერი ყანწები“-ს შემდეგ ქართულ სათაურს მეტი პრეტენზიები აქვს. შეიძლება პოეტის სახე მომავალში მარტო სათაურებში ეძიონ.
მეტათ გაიზარდა წიგნთსაცავები და აჭრელდა ვიტრინები.
პოეტების სახელები ძნელი დასამახსოვრებელი შეიქნა. აღარ დაიტევს ერთი ადამიანის სიცოცხლე ამოდენ წიგნს. იცვლება წერის მანერა. გზა მინიატჲურით მიდის სათაურისკენ. შეიძლება შეიცვალოს კითხვის მანერაც და მომავალმა ერუდიტმა მარტო სათაურები იცოდეს.
სანდრო ცირეკიძე
ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1919, დეკემბერი, №3