ორსახიანი იანუსი – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „შვილდოსანი“, 1920, თებერვალი-მარტი, №2-3

სტატიები, შემოქმედება

ორსახიანი იანუსი

ორი ანტიტეზაა: პოეზია და პროზა, ლექსი და პროზა. პირველში იგულისხმება ფსიხოლოგიური მომენტი, მეორეში – სტილისტიური. ეს ანტიტეზები ჯვარედინია და არ ფარავენ ერთმანეთს.

ძველიდანვე ბევრი პროზა იწერებოდა ლექსით. პირველი ქართული ბილეთი ლექსად იყო: „შაური ორი, გაბრიელ მაიორი“. მაგრამ პროზისთვის უფრო მოხერხებულია სადათ თქმა.

პოეზიამ თავიდანვე იცოდა ორივე სტილისტიური სახე. პოეზიისათვის ყველაზე უფრო თავდადებულ სტეაან მალარმეს რჩეულ კრებულს ჰქვია – „ლექსები და პროზა“. პოეზია ერთია და მისი სამკაული რაგინდ რაფერი და ყველა ძვირფასი. ვინ დაეჭვდება, მკვდარ „ბრჲუგგეს“, უაჲლდის ზღაპრების, ანდრეჲ ბელის „პეტერბურგის“, დავით კლდიაშვილის „როსტომ მანველიძის“ ან ნიკო ლორთქიფანიძის „მრისხანე ბატონის“ პოეტურ ღირებულებაში!

ევროპაში ლექსმა და პროზამ ძმურათ გაიარეს ყველა პოეტური შკოლის სამჭედური. ჩვენში თავიდანვე სხვა პირობები შეიქნა. X_XI საუკუნიდან ქართული პოეზია მეფის სასახლეში დაბინავდა. კარის მწერლობა არასოდეს არ სწყალობს პროზას: ეს – სადა, შორს სამგზავრო სამოსია, უცხო ამბების მოსასმენი; მისი ბინაა სავაჭრო ცენტრები, შარა გზები, დიდი მონასტრები. ფეოდალის სასახლეში საჭიროა ხოტბა, მჩატე, სასიმღერო ფორმები. ლექსი ბრილიანტების და თვალ მარგალიტის სამკაულია, მოჭედილი ხანჯალია. იგი უხდება სასახლის მუდმივ დღესასწაულს, ცელქობას და მსუბუქ ინტრიგებს. ლექსის წერაში ეჯიბრებოდენ ერთმანეთს საქართველოს მეფეები და დიდებულები. ეს მდგომარეობა მეტათ დიდხანს გაგრძელდა. ქართული პოეზია ბოლომდი დარჩა მეფის კარზე: იყო პროზის ცდა, მაგრამ ვერ შეითვისა; ლექსის ფორმები დაობდა და სპარსელების მონობაში ღაფავდა სულს.

ამას გარდა ქართული რომანისთვის საბედისწერო შეიქნა „ვეფხის ტყაოსნის“ უჩვეულო ავტორიტეტი და მისი ფორმები დღემდე მაგალითად გაუხდიათ (ს. შანშიაშვილი). XIX საუკუნეში ჩვენი პოეზია რუსულს აძლევდა ხარაჯას. იქ დიდი ხანია პუშკინს პირველობას ეცილებიან გოგოლი, ტოლსტოჲ, დოსტოევსკი. მოსკოვიდან და პეტერბურგიდან წამოიღეს მათი სიყვარული ახალგაზრდა ქართველებმა და პოეტურმა პროზამ საქართველოშიდაც შეიძინა სახელები: ჭონქაძე, რჩეულოვი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ყაზბეგი, ნინოშვილი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, შიო არაგვისპირელი… მაგრამ რვა საუკუნის კარის მწერლობის ინერცია იმდენათ ძლიერი გამოდგა, რომ ქართულმა პოეტურმა პროზამ დღემდი ვერ იპოვა მკითხველი და დეკანოზიშვილის მინიატჲურები ყოველდღიურ პრესის ფურცლებზე იკარგებიან. ქართველ მკითხველს გადაავიწყდა იანუსის მეორე სახე.

სულ სხვა იყო ევროპაში. დიდი სახელები ტოლსტოისა და ბალზაკის არ იმტვერებოდა ბუკინისტის თაროებზე. იქ პროზა არ დარჩენილა იაფ რბილ რკინათ და სონეტთან ერთად მუშავდებოდა პროზის ბრინჯაოსა და ფოლადის ფორმები. პოეტები იხდიდენ ვალს იმის წინაშე: ვიქტორ ჰჲუგო, პუშკინი, ტეოაილ გოტჲე, ვილჲე დელილ ადანი, გჲუისმანსი და დიდი ამერიკელი ედგარ პო. ევროპის დიდი ოსტატების ხელში ლექსიც და პროზაც ისე დაიქნა, დაიშალა, რომ ამ ფორმების შესახებ შეიძლება დაიბადოს ახალი აზრი და პერსპექტივა.

ახალმა პოეზიამ არ იცის ლექსისა და პროზის გარკვეული საზღვარი. აქ ნახევარ ტონებია, თანდათანობითი გადასვლაა ერთი სტილისტიური ფორმიდან მეორეზე. უკვე შარლ ბოდლერი ასე აფასებდა პოეტურ პროზას: „რომელი ჩვენგანი არ ოცნებობდა სასწაულიან პოეტურ პროზაზე, უმეტროთ და ურითმოთ, საკმაოთ მოქნილზე და მორჩილზე, რომ შეეფარდოს სულის ლირიულ გაქანებათ, ოცნების ხვეულობას, სინდისის შეშფოთებას“.

პოეტური პროზა უკანასკნელათ დაიფერფლა და დაიწმინდა მალარმეს ხელში. მალარმემ ყველაზე უფრო მართლა ასწონა სიტყვის ფონეტიკა და უკანასკნელად არია ლექსის და პროზის საზღვარი. მისი თქმით: „ლექსი არის ყველგან, საცა კი არის რიტმი, ყველგან, გარდა აფიშებისა და გაზეთების მეოთხე გვერდის. რასაც პროზას უწოდებენ, იქ ლექსიც გვხვდება, ხანდახან საოცარი ყველა რიტმებით. ბოლოს და ბოლოს პროზა არც კი არსებობს: არის ალფაბეტი და მერე ლექსები, ბევრათ თუ ცოტათ შეკრულნი, ბევრათ თუ ცოტათ არეულნი. ყოველთვის, როცა კი არის მოჭიმვა სტილით, არის ვერსიფიკაციაც“.

ლექსს ახასიათებს მეტრი და რიტმი. უაჲლდისა და მალარმეს პროზაში რიტმი ძალიან მაღლა ადის. ქართულ პოეზიაში რიტმიული პროზის ნიმუშები აქვთ ნიკო ლორთქიფანიძეს, გრიგოლ რობაქიძეს, არისტო ჭუმბაძეს. მეტრიც თანდათან ჰკარგავს თავის პირვანდელ მნიშვნელობას. ფრანგმა სიმვოლისტებმა დააკანონეს თავისუფალი ლექსი და ემილ ვერხარნმა ყველაზე უფრო იცოდა მისი ფასი. თავისუფალ ლექსში მეტრის მნიშვნელობა მინიმუმამდი დადის და პროზის რიტმს უახლოვდება: თითებზე დათვლილი ლექსის მონოტონური ხმაური იქ იცვლება ნაირ ზომათა ახალი გარმონიით. თავისუფალი ლექსის კულტურა ჩვენში პაოლო იაშვილს ეკუთვნის. გრიგოლ რობაქიძემ ეს თავისუფლება სონეტის ორტოდოქსალურ ფორმასთან შეარიგა: „სონეტი ნაპირებ გადალახული“. ლექსისა და პროზის უკანასკნელი საზღვარია რითმა. პროზას არ ეგუება და ამახინჯებს წმინდა რითმა (ჩვენში სცადა მ. ბოჭორიშვილმა). მაგრამ რითმა – ალიტერაციათ გაგებული – პროზას თავიდანვე სჩვევია. ბოლოს და ბოლოს: ლექსი უმთავრესად დამყარებულია ხმოვანი ასოების დალაგებაზე, პროზა – თანხმოვანებზე. მაგრამ პროზა თანდათან ითვისებს ხმოვანი ასოების მეთოდს. ლექსის ახალი რაინდებიც თანხმოვანებს მეტი ყურადღებით ეპყრობიან (დისონანსი).

ლექსის სასტიკი ფორმები საჭირო იყო მაშინ, როდესაც პოეზია მუსიკის მხლებელად ითვლებოდა. ფრანგ სიმვოლისტების ხელში პოეზიამ იცნო თავისი თავი: მის არსებას შეადგენს სახეები და სიტყვის შინაარსი. ფონეტიკა მხოლოდ სამკაულია მისი. პოეზიის ემანსიპაცია ხდება თანდათან: სონეტის მკაცრი ფორმების გვერდით გაიხარა თავისუფალმა ლექსმა, პროზა დაიწმინდა გჲუისმანსის და მალარმეს პროზამდი. ანდრეჲ ბელის „სიმფონიებში“ საზღვრები იშლება.

პროზისა და ლექსის გზები არაა ბოლომდი პარალელები და რადგან მათი სიბრტყე ერთია (პოეზია უმთავრესად), ისინი სადმე შეხვდებიან ერთმანეთს. სადაა ეს მათი საერთო წერტილი? შეიძლება ეს იყოს ვალერი ბრჲუსოვის: „ო, დაფარე შენი მკრთალი ფეხები“. შეიძლება – პოეზიის უკანასკნელი სტილისტიური სახე სათაურია.

ალექსანდრე ცირეკიძე

ჟურნალიშვილდოსანი, 1920, თებერვალიმარტი, 2-3