კადეტები და რევოლუცია – Blue Horns

ავტორი : ლელი ჯაფარიძე

თარიღი : 06.09.1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „საქართველო“, 1917, 6 სექტემბერი, №196

სტატიები, შემოქმედება

კადეტები და რევოლუცია

კადეტები ჩამოშორდნენ რევოლუციას, ან უკეთ რომ ვსთქვათ, ისინი ჩამოაშორეს მას.

მათს წასვლაში მოულოდნელი არაფერი არ არის. მათი წასვლა არ არის პირველი.

კადეტები ხშირად იმუქრებოდნენ თავის წასვლით და ამ მუქარით სხვა და სხვა პოლიტიკურ განწყობილებათ ჰქმნიდნენ.

მიდიოდნენ კიდეც… არ უდრკებოდენ იმასაც, რომ მათს წასვლას რევოლუციის ღალატად თვლიდენ.

მაგრამ ღალატი, რასაკვირველია, არ ყოფილა.

არ ყოფილა მისთვის, რომ მათის მხრით არც რევოლუციისათვის თავდადება უნახავს ვისმეს.

არსებითად კადეტები მაშინ დასცილდნენ რევოლუციას, როცა მათი უხუცესი მილიუკოვი სამთავრობო კაბინეტიდან თავის საპარტიო კაბინეტში დააბრუნეს.

მაშინ აღინიშნენ უკვე რევოლუციის და ამ პარტიის მსვლელობის ერთმანეთისათვის უცხო ხაზები.

მილიუკოვი და მისაგან მისი პარტია, თუმცა სამს დღეში გახდენ რესპუბლიკანელები, მაგრამ ფიქრი ძველს ოცნებებზედ მათს არას დროს არ დავიწყებიათ და არც სარევოლუციო „პოსტები“ დაუტოვებიათ სამუდამოდ იმ აზრით, რომ თავისი მდგომარეობანი თავიანთ ზრახვათა საშუალებად გამოეყენებიათ.

კადეტები ხშირად მიდიოდნენ რევოლუციიდან.

მიდიოდენ, მაგრამ წასვლით არ წასულან, რადგან სამუდამოდ ხელის აღება მათთვის გამოსადეგი არ იყო.

მათი მთავრობიდან გასვლა-გამოსვლით ქმნიდენ სამინისტროს კრიზისს და ელოდენ იმ დროს, როცა მას სარევოლუციო კრიზისიც მოჰყვებოდა

და მიაღწიეს კიდეც მას.

მილიუკოვს არა ერთხელ წარმოუთქვამს წინასწარმეტყველება:

-სოციალისტური დემოკრატია რევოლუციას უფსკრულში გადააგდებსო.

წინასწარმეტყველება რაოდენადმე ასრულდა:

რევოლუციამ საფრთხის მწვერვალს მიაღწია.

მაგრამ ამ წინად თქმის შესრულებაში წინად მეტყველის ხელიც გამოჩნდა.

კორნილოვის ჯარმა რომ პეტროგრადზედ გაილაშქრა პირველად სოციალისტებთან სადარბაზოდ რევოლუციისაგან ხელ-დაბანილი მილიუკოვი მივიდა.

და შესთავაზა თავისი თავი და ძალ-ღონე კორნილოვთან მოსალაპარაკებლად.

კადეტებმა თავს პატიოსანი შუამავლობა იდვეს.

ეს მათთვის ყველაზე ადვილი იყო, რადგან თვით იყვნენ კორნილოვის ზრახვათა მონაწილე.

კადეტების შუამავლობა რევოლუციამ არ მიიღო.

კორნილოვი მათ დაუხმარებლადაც დაამარცხეს.

მაგრამ კორნილოვის დამარცხება  ხომ მათი დამარცხებაც არის.

კადეტების სარევოლიუციო წამოსასხამი უეცრად გაიხსნა და გამოჩნდა, რომ მათ მარტო ხელი არ დაუბანიათ რევოლიუციისაგან, არამედ ამ ხელზედ საომო ხელთათმანიც მოუმარჯვებიათ.

კადეტები სამუდამოთ დაითხოვეს რევოლიუციისაგან და ეხლა თავის ბუნებრივ მდგომარეობაში მოექცევიან.

რევოლიუცია მათთვის ორგანიულად მიუღებელი იყო და არც რევოლიუციამ შეითვისა ისინი.

საერთო სათვითმპყრობელო უმაყოფილებამ დაბადა ისინი 1905 წელში და მათი უკმაყოფილება ძველი წყობილებისადმი, სამთავრობო ძალაუფლების მხოლოდ სხვის ხელში ყოფნა იყო.

რევოლიუციას მისთვის აყვენ, რომ ეს ძალა უფლება ხელთ ეგდოთ.

მათი წადილი არ ასრულდა და ეხლა რევოლიუციასაც და ალბად ახლად შობილ რესპუბლიკასაც იმავე მიზნით და იმავე ხალხით შეებრძოლებიან.

 

ლელი ჯაფარიძე

გაზეთი „საქართველო“, 1917, 6 სექტემბერი, 196