გერცელ ბააზოვი („შემარიას უკანასკნელი სიტყვა“, „გელათის ქუჩის დასასრული“, გამოცემა სახელგამის) – Blue Horns

ავტორი : ალი არსენიშვილი

თარიღი : 25.08.1932

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : „სალიტერატურო გაზეთი“, 1932, 25 აგვისტო, №19, გვ. 4.

სტატიები, შემოქმედება

გერცელ ბააზოვი („შემარიას უკანასკნელი სიტყვა“, „გელათის ქუჩის დასასრული“, გამოცემა სახელგამის)

თავის მოთხრობებში ავტორს აღებული აქვს კონკრ. სინამდვილის გარკვეული ნაკვეთი და ხანა. როგორც ჩანს, მას მიზნად აქვს იმ სოციალური ძვრების და გადატრიალების სურათის მოცემა, რომელსაც ადგილი ჰქონდა და აქვს საქართველოს ებრალეთლა ცხოვრებაში. დაკვირვების ობიექტად ავტორს ფართო თემები აუღია: პირველ მოთხრობაში („გელათის ქუჩის დასასრული“) მას უნდა, დაგვანახოს ებრაელების სოციალური დიფერენციაცია და მის არამწარმოებელ, ვაჭრულ ფენების აღსასრული. მეორეში კი („შემარიას უკანასკნელი სიტყვა“) – დაბის გაღატაკებულ ებრაელთა კოლექტიურ მიწათმოქმედებაში ჩაბმა.

რომელი კლასის თვალსაზრისით, რამდენად ღრმად და არსებითად აქვს ათვისებული და გადმოცემული ავტორს სინამდვილე?!

„გელათის ქუჩას“ ავტორი იწყებს და ათავებს ბურჟუაზიული ლიტერატურისთვის ტრადიციულ ოჯახურ კონფლიქტით, რომელიც სწარმოებს ვაჭარ რეუბენის და მისი შვილის ლევის შორის – პირველის ფანატიურ რელიგიურ რწმენის და მასთან შეერთებულ მტაცებლობის და მეორეს ათეიზმის და ღატაკთა „მოწყალების“ ნიადაგზე.

მდიდარ ლევის „სულგრძელ და კეთილშობილ“ მოწყალებას ღარიბ ნეთანელის ოჯახისადმი ავტორი წინ აყენებს და პათეტიურ-ბურჟუაზიული ქველმოქმედება აყავს „გელათის ქუჩის“ წვრილ-ბურჟუაზიულ მეშჩანურ-სოციალისტთა სამოქმედო პროგრამამდე. ლევი რაღაც გაურკვეველ „სიმართლის“ მომხრეა. ამ ნიადაგზე იგი უკავშირდება ნეთანელს და პირველად „ჰუმანისტს“ (და შემდეგ კომუნისტს) ლევანს. ისინი ოცნებობენ იმ დროზე, როდესაც დაასრულებენ გიმნაზიას და მერე „აყურებინებენ მაგათ (გელათის ქუჩის ბურჟუაზიას – ა. ა.) სეირს“. ჯერჯერობით კი (1920 წლის დასასრულს), მეგობრები ადგილობრივ გაზეთში ებრაელთა კულტურული სახლის აშენების ლოზუნგით გამოდიან. ისინი სწერენ:

„მოგვბეზრდა აფიშებში ვიკითხოთ, „ებრაელებო, ხმა მიეცით პირველ ნომერს“ (ე. ი. მენშევიკებს – ა. ა.). სწავლა-განათლება არ უნდა შეადგენდეს მხოლოდ შეძლებულთა პრივილეგიას. დროა, უკვე დაიწყოს ნამდვილი კულტურული აღორძინება. დროა, ვიფიქროთ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ქაღალდის რევოლიუცია. მოგვეცით ნამდვილი რევოლიუცია“, „ლე-ნე-ლე“.

ამგვარად, ლევის, რომელსაც მენშევიკების ხანის უკანასკნელ თვეებში „უეცრად“ აბოლშევიკებს ავტორი, „მობეზრებული აქვს“ მენშევიკებისათვის ხმის მიცემა, და იგი ბურჟუზიის წინააღმდეგ წმინდა წვრილ-ბურჟუაზიულ განმანათლებლობის და რეფორმიზმის პროგრამას აყენებს: „მოგვეცით ნამდვილი რევოლიუცია“-ო. აქ არის მხოლოდ ბურჟუაზიის შიგნით მომხდარი „რასკოლი“ და უთუოდ ავტორის „საიდუმლოებას“ შეადგენს ის გარემოება, თუ როგორ არის „ლე-ნე-ლე“-ს წევრი ლევანი ერთ და იმავე დროს წვრილბურჟუაზიული პოლიტიკური დეკლარაციის ავტორი და იატაკ ქვეშ მომუშავე კომუნისტი, რომელიც თავის პარტიულობას „საიდუმლოთი“ უმჟღავნებს ლევის და ეუბნება მას: „შენ გჭირია 100 პროცენტიანი გადახარშვა პროლეტარულ სამზარეულოში“-ო (!). ეს არის სინამდვილის დამახინჯება. არასოდეს, და კერძოდ არც 1920 და 1921 წ.წ. დასაწყისში, საქართველოს სინამდვილეში მენშევიკების წინააღმდეგ რევოლუციონურად დაპირისპირებული ძალა (ასეთი კი იყო რევოლუციონური მუშათა კლასი და აჯანყებული გლეხობა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით) არ აყენებდა განმანათლებლობის და ბურჟუაზიული რეფორმიზმის „მოთხოვნილებებს“ და არავის არ სთხოვდა: მოგვეცით რევოლუციაო; იგი თვით ჰქმნიდა რევოლუციას.

ავტორი ასე განმარტავს „ლე-ნე-ლე“-ს „კოლექტიური“ წერილის აზრს: „ამ წერილში ისინი პირველად გამოდიოდენ ებრაელთა სასულიერო წოდების – რაბინებისა და მათი დამქაშების – კლერიკალების წინააღმდეგ; აშუქებდნენ აგრეთვე საქ. ებრაელთა კულტურულ ჩამორჩენილობას“- ო.

„მოკვდა ისრაელი (ე. ი. საშუალო საუკუნეების კარჩაკეტილი ცეხური ბურჟ. ექსპლოატაცია – ა. ა.), მაგრამ ცოცხალია და იცოცხლებს „ლე-ნე-ლე“-ო (ე. ი. ბურჟუაზიული რეფორმიზმიო – ა. ა.) – ამბობს ავტორი.

რომ „ლე-ნე-ლე“-ს პროგრამა არ არის ავტორისთვის „შემთხვევითი“ და გამოხატავს ერთი კლასის შიგნით მომხდარ „ამბოხებას“, ამას ამტკიცებს ის სრული დამთხვევა, რომელსაც ადგილი აქვს მის რეფორმისტულ იდეოლოგიასა და იმ განმანათლებელ მოძრაობას შორის, რომელსაც უდიდესი გასაქანი ჰქონდა ებრაულ ბურჟუაზიის მე-19 საუკუნის კულტურულ სოციალურ ისტორიაში.

აი, რას სწერს ებრ. ლიტერატურის მცოდნე ნუსინობი ხსენებულ განმანათლ. მოძრაობის შესახებ, რომელიც ცნობილი იყო „პასკალა“-ს სახელწოდებით:

„მის („პასკალა“-ს) ძირითად ლოზუნგებს შეადგებს: ბრძოლა საშუალო საუკუნეობრივ რელიგიურ ფანატიზმთან, საშუალო საუკუნეობრივ რელიგიურ ყოფასთან, განათლებისათვის, ყოფაცხოვრების თანამედროვე ბურჟუაზიულ ფორმებისათვის, საშუალო საუკუნეობრივ გეტოში ნაციონალურ კარჩაკეტილობის წინააღმდეგ… (იხ. ი. ნუსინოვი, „ებრაული ლიტერატურა“; ლიტერატ. ენციკლოპედია, ტ. მე-4, გვ. 19-20) და შემდეგ: „ძველი აღთქმის პატრიარქალურ ებრაელ ვაჭრის შვილები ებრძვიან მამებს, რათა გამხდარიყვნენ განათლებულ ებრაელ ბურჟუებად“ (იქვე).

„ლე-ნე-ლე“-ს პროგრამა ვითომ ცოტა უფრო „მემარცხენედ“ გამოიყურება (მასში ხომ „სწავლა-განათლება შეძლებულთა პროვილეგიად“ არაა გამოცხადებული და „მეწვროლმანეთა და ღარიბთა ფართო მასების მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი!).

მაგრამ ასეთი „მემარცხენეობაც“ თითქმის ერთი საუკუნის წინაა მოცემული ებრაულ ბურჟუაზიულ ლიტერატურაში. იმავე ნუსინოვის თქმით, პოეტი გოტლოშერი გამძაფრებულ ბრძოლას აწარმოებდა ხასიდთა კლერიკალიზმის წინააღმდეგ. მას უკვე მახვილად აქვს დაყენებული სოციალური მოტივები, და უმთავრესად ხალხის მასების თემების (იგულისხმება რელიგიური თემი – ა. ა.) ოლიგარხის ჩაგვრისაგან განთავისუფლების მოტივები“-ო (იქვეა, გვ. 23-24).

როდესაც ნეთანელი საბჭოთა სინამდვილეში „განმანათლებლობის ეპოქის“ სტილით პათეტიურად „უწინასწარმეტყველებს“ გელათის ქუჩის ყოფილ ბურჯებს, „თქვენ დაგჭირდებათ (!) დაგვიცალოთ ისტორიის არენა“-ო, იგი იმოწმებს „კრიტიკულად მოაზროვნე“ განმანათლებელ ურიელ აკოსტას; „მტკიცე სულს, რომლის მოდრეკა, – ავტორის თქმით, – ვერ შესძლეს ჯერ კიდევ საშუალო საუკუნეებმა“, ე. ი. რევოლუციონურ სოციალიზმის იდეოლოგიას და პრაქტიკას იგი ზეაღმავალი ბურჟუაზიის განმათავისუფლებელი პიროვნების ბრძოლის მაგალითით ასაბუთებს.

მაგრამ ნათანელი არ კმაყოფილდება „ლე-ნე-ლე“-ს პროგრამის პუბლიცისტური აგიტაციით, იგი იმავე საფუძვლებზე უცნაური და მთლიანი „შთაგონების“ ქვეშ („არც ერთი სიტყვა არ იყო წაშლილი მის ხელნაწერებში“-ო – ამბობს ავტორი), სწერს თავის დრამას, რომელიც რაღაც ახალ, „საშინელ და არაჩვეულებრივს“ უქადის გელათის ქუჩას. აქაც „ნაცნობი სახეები, ბარიკადის ერთ მხარეზე: დიდცხვირა კლერიკალი, რეუბენი, ვანო… მეორე მხარეზე ლე-ნე-ლე, ახალი ძალები, ახალი კადრები“ (ე. ი. ბურჟუაზია და განმანათლებელი ბურჟუაზიული რეფორმიზმის „ნაცნობი“ დაპირისპირება – ა. ა.).

ავტორს რომ დავუჯეროთ, ამ მეშჩანურ „სოციალიზმის“ აპოლოგიის მოსმენით აღტაცებული „ლევანი დიდხანს ხმას ვერ იღებდა, ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა: „ჩვენს ეპოქას სჭირდება მხოლოდ ასეთი პიესები. ახალი – თავის შინაარსით, ახალი – თავის ფორმით. აქ არ არის გაყალბებული არც ერთი ხაზი, არც ერთი სიტყვა, აქ არის „წმინდა შემოქმედება, აქ არის ოქტომბრის მაჯისცემა“.

რა უნდა ოქტომბრის მაჯისცემას ამ რეფორმისტულ ჭაობში!

კიდევ ერთი დეტალი. ნეთანელი სამკითხველოს ხსნის და ოცნებობს იმაზე, რომ რევოლუციონური სოციალიზმის საფუძველმდებელთა სურათების გვერდით „გამოსჭიმოს მუდამ მოღიმარი შოლომ ალეიხემის სურათი“. უკანასკნელი ცნობა ნუსინოვიდან: „შოლომ ალეიხემმა (ებრაულ ლიტ. კლასიკოსია, – ა. ა.), პირველმა განმანათლებელმა და პალესტინოფილმა, განამტკიცა წვრილბურჟუაზიული ნაციონალიზმი და ნაციონალური საწყისების აპოლოგეტიკა… მაგრამ დასასრულ იგი ახალ ბურჟუაზიულ ცხოვრებისაკენაც კი აღარ მოუწოდებდა საშუალო საუკუნეების წყვდიადიდანო (იქვე, გვ. 29-30).

საერთოდ ავტორი მოვლენათა ზედაპირს ვერ სცილდება. წვრილ ვაჭართა ყოფის გარეშე არ იცნობს სინამდვილეს და მელოდრამატიზმისთვის უადგილოთ მოჰყავს ნახევარი საუკუნის წინად მეფის იუსტიციის მიერ საქართველოში ნამდვილად გათამაშებული რიტუალური პროცესი ვინმე სარა მოდებაძის დაკარგვის შესახებ. საკითხის უცოდინარობას ავტორი პროლეტარიატის დიქტატურის რევოლუციონური კანონიერების ულმობელობას აწერს, როდესაც ლევის ასამართლებინებს თავის საკუთარ კონტრაბადისტ-ძმას. ნამდვილად კი საბჭოთა სამართლის ერთ-ერთ ნორმას წარმოადგენს ასეთ შემთვევაში მოსამართლის, მსჯავრდებელის და სხვ. მიერ საქმისაგან თავის აცილება.

ამას გარდა, ავტორი მხოლოდ რეუბენის ოჯახის მეშჩანურ წრეში მომხდარ ოჯახურის კოლიზიებით ამოსწურავს „გელათის ქუჩის“ შინაარსს, არ გვაძლევს უკანასკნელის მდიდარი ტიპაჟის სოციალურ დინამიკას (როგორც მაგ., მეწვრილმანე – ვაჭრების და შინამრეწველების ქარხნის მუშებად გარდაქმნა) და მეშჩანური დრამების „საშინელი ეფექტით“ ასრულებს ამბავს: ბოლშევიკ ლევის, რომელიც „ბედმა“ მეხანძრეთა რაზმის უფროსად მიიყვანა, მაინც და მაინც ცეცხლმოდებულ ქუთაისში, ცეცხლიდან გამოჰყავს ოდესღაც უარყოფილი მამა! ავტორი შემთხვევით ხანძარს უკავშირებს გელათის ქუჩის ბურჯთა სოციალურ დასასრულს და მექანიკურად აიგივებს ამ ორ მოვლენას.

თავის თვალთახედვის არეს შეზღუდულობის გამო მეორე მოთხრობაში („შემარიას უკანასკნელი სიტყვა“) ავტორი კიდევ უფრო შორსაა მოვლენათა ცოტად და ბევრად ღრმა და უტყუარი რაობის მოცემისაგან.

აი, რამოდენიმე ნიმუში:

  1. უმთავრესი იყო: სწორი მიდგომა… ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც საჭირო იყო: კულაკები აგინებდენ, ღარიბი და საშუალო გლეხკაცობა კი ძალზე ემადლიერებოდა სერგოს (რაიკავშირის თავმჯდომარეა – ა. ა.) სახელი და ავტორიტეტი დღით – დღე იზრდებოდა. მას არ სჩვევია გადახრები… გვ. 23.
  2. „გაზაფხულის თესვა ბრწყინვალედ ჩატარდა სოც-შეჯიბრების და დამკვრელობის ნიშნის ქვეშ. ჩამოყალიბდა მემსის ადგილობრივი განყოფილება. თავმჯდომარეობა დაევალა სერგო იაშვილს, ხოლო მისი მოადგილეობა მიშაელ თეთრუაშვილს. ცენტრი და რაიონი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდენ კოლმეურნეობა „წინსვლას“. „წინსვლამ“ მოიპოვა ნდობა და სიყვარული. (გვ. 52).

ბედნიერი არკადიაა!

ავტორი სერგო იაშვილსაც თავზე ახვევს თავის განმანათლებელ-ქველმოქმედებითი რეფორმიზმის იდეებს. იაშვილი თავისი მუშაობის მეთოდით გენერალ ბუტნის „გადარჩენის არმიის“ მისიონერებს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე კოლექტივიზაციის მუშაკს: „თავის ახალგაზრდა მეგობარს (მიშაელს) ნელ-ნელა აპარებს ახალი ქვეყნის აზრებს (?!), აჩუქებს მას ფულს და სხვ. კოლმეურნე ებრაელთა კრების წინაშე იაშვილი უტოპიურიი სოციალიზმის იდეების გამტარებლად გამოდის: მეშჩანური ეთიკის თვალსაზრისით განმარტავს ჩარჩ-ვაჭრობას, როგორც „დამამცირებელ ხელობას“.

შესდგა ღარიბ ებრაელთა კოლმეურნეობა, მაგრამ ამის ირგვლის მომხდარ ბრძოლის პროცესის დამუშავების მაგიერ, ავტორი სინამდვილის გაღარიბების იოლ გზას მიმართავს და ყველაფერი კულაკის მიერ მოწყობილ სისხლის სამართლის მელოდრამატიულ ისტორიამდე დაყავს.

მიშაელი, როგორც პლაკატი, ღობეზე გადმომდგარ კოლექტივის მტრებს ეუბნება ხანდახან:

„ვინც არ შრომობს, ის არ სჭამს“ – ესაა კლასთა ბრძოლა“.

ან კიდევ: „მეორე დღეს შეუდგენ ბორელს. მიშელმა აუხსნა ამხანაგებს სოციალისტური შეჯიბრების მნიშვნელობა. გამოიწვიეს ერთმანეთი“. ესაა სოც-შეჯიბრება!

როგორც „გელათის ქუჩის დასასრულში“ ვაჭარი რეუბენი სიკვდილის წინ „სცნობს“ ახალ ქვეყანას („ჩემი დრო წავიდა, მომავალი შენიაო“), ისე კულაკი შემარია საკუთარი გასამართლების შემდეგ აღიარებს კოლექტივის გამარჯვებას, და მტრის ასეთი უეცარი მოქცევა ავტორს უდიდეს მიღწევად გამოაქვს.

რაღაც სახარების იგავების სათნოების და არა თანამედროვე კულაკობის ბრძოლის მეთოდია!

ავტორი განიცდის მსოფლმხედველობით ძვრებს, ცდილობს განთავისუფლდეს წვრილ-ბურჟუაზიულ გავლენებისაგან. მაგრამ დასახელებული მოთხრობების მიხედვით იგი ჯერ-ჯერობით მხოლოდ დეკლარატიულად და სქემატიურად მუშაობს.

ამავე დროს აღსანიშნავია აგრეთვე, როგორც დადებითი მოვლენა, რომ ბააზოვის შემოქმედებითი განვითარების უკანასკნელი პერიოდი მისი ზრდის მაჩვენებელია.

ამას ადასტურებს მისი უკანაკნელი პიესა – „მუნჯები ალაპარაკდენ“.

ალი არსენიშვილი

„სალიტერატურო გაზეთი“, 1932, 25 აგვისტო, 19, გვ. 4.

Facebook
Twitter