თბილისი, 14/09-34 წ.
პლეხანოვის პროსპექტი 50
ტელ. 23-99
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს
ამხ. ლ. პ. ბერიას, ლ. ს. აღნიაშვილს
პატივცემულო ამხანაგებო!
მანამ, ვიდრე საბოლოოდ უარს ვიტყოდე ყოველგვარ ლიტერატურულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობაზე, რითაც ბოლო 14 წლის განმავლობაში აქტიურად ვიყავი დაკავებული, მინდა, გადმოგცეთ ეს დოკუმენტი და გაგაცნოთ მიზეზები, რომელთა გამოც იძულებული ვარ, მივიღო ჩემთვის ესოდენ რთული გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, შემეძლო არ დამეწერა ეს წერილი ცკ-ს სახელზე და უბრალოდ განზე ვმდგარიყავი.
მაგრამ თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემთხვევითი ადამიანი არ ვარ და ეს დოკუმენტი არ უნდა განიხილოთ, როგორც ერთი ადამიანის პირადი საკითხი.
ამხ. მიწიშვილი ხომ იმ რამდენიმე მწერალთა შორისაა, რომლებიც 1921 წელს, საბჭოთა მთავრობის მოსვლის პირველივე დღეებში გამოჩნდნენ. და როგორც უნდა აკნინებდნენ მის მოღვაწეობას, ფაქტია, რომ მან დიდი შრომა გასწია ხელოვნების იმ დაწესებულებათა ორგანიზაციული ფორმების ჩამოყალიბებაში, რომლებსაც იმ დროს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატი ქმნიდა.
მიწიშვილი ერთადერთი მწერალი იყო და ალბათ, ერთადერთი ქართველი, რომელიც მენშევიკებისა და საფრანგეთის ოხრანკის ტერორის ქვეშ, ორ წელიწადს თავგამოდებით იბრძოდა ემიგრაციის წინააღმდეგ, რითაც ყოველდღიურად სასწორზე დებდა საკუთარ სიცოცხლეს, და ეს იმ დროს, როდესაც ზოგიერთი მოდური მწერალი „ბოლშევიკთა ტყვეობისგან“ თავის დაღწევაზე ფიქრობდა და პატრიოტი მეშჩანებისა და ფილისტერთა წინაშე აძაგებდა და ლანძღავდა მას.
საყოველთაოდაა ცნობილი მკვლელობების, ცემისა და დაპატიმრებათა, ციხეებისა და გადასახლებების ის ატმოსფერო, რომელშიც მწერალ მიწიშვილს ევროპაში უხდებოდა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წინაშე არავითარი ვალდებულება არ გააჩნდა, საბჭოთა საქართველოს მტრებს ებრძოდა კალმითაც, სიტყვითაც და მოქმედებითაც.
ძნელია სამშობლოსა და ევროპაში ანტისაბჭოთა ძალების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიიდან მიწიშვილის სახელის ამოშლა, რადგან ამას მოწმობს მრავალი დოკუმენტი, მათ შორის მის მიერ პარიზში დაფუძნებული გაზეთი და ორგანიზაციები, მისი წიგნები და პუბლიცისტური სტატიები.
საქართველოს საბჭოთა საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ მან საკუთარი შემოქმედების დაზარალების ფასად ბოლო ათ წელიწადს უდიდესი შრომა გასწია საქართველოს საგამომცემლო საქმეში, ხოლო საქართველოს მწერალთა კავშირის ისტორიას კარგად ახსოვს იგი, როგორც ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი, რომელსაც არაფრით შეურცხვენია თავისი, როგორც მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახელი და რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩვენი ლიტერატურული ძალების კონსოლიდაციას და პარტიასა და ხელისუფლებასთან მის დაახლოებას.
მწერალ მიწიშვილის ლიტერატურულ გამოსვლებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში, ლიტერატურულ პრესასა და კრიტიკაზე დაყრდნობით, ძნელი არაა დარწმუნდე, რომ იგი ქართული საზოგადოების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნაწილის საერთო განწყობილებას გამოხატავდა. მან ჩვენს ლიტერატურაში თავისებური ორიგინალური თემატიკა ჩამოაყალიბა და, როგორც მხატვრულ პროზაში, ასევე ლექსებსა და ლიტერატურულ-პუბლიცისტურ სტატიებში, წერილის ახალი ჟანრი შექმნა.
ცნობილია, რომ მწერალ მიწიშვილს საბჭოთა ქართულ ლიტერატურაში ამ მდგომარეობისთვის არც თავისი წარმოსადეგი გარეგნობითა და რიხიანი ხმით და არც იმერეთის ტოლუმბაშის პირფერული და ფარისევლური ფანდებით არ მიუღწევია. მას არასოდეს უწუწუნია და დაუჩივლია მთავრობის წარმომადგენლებთან, მის მელანს არასოდეს ასდიოდა ღვინის სურნელი, მისი სამუშაო მაგიდა შრომისა და ფიქრის თავშესაფარი იყო და არა დუქნის დახლი ძმაბიჭური გართობისა და მხიარულებისთვის, ისიც ლიტერატურის ხარჯზე.
მისთვის ყოველთვის უცხო იყო მლიქვნელობა და პირმოთნეობა, თვისებები, რომლებსაც ამ ბოლო დროს ზოგიერთი ავტორიტეტული პირი ესოდენ დიდად აფასებს.
იგი არასოდეს ღალატობდა თავის რწმენას და თანამოაზრეებთან არასოდეს ეწეოდა სპეკულაციას ოჯახური პრობლემებითაც კი. საბჭოთა ხელისუფლების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის არცერთი მუხლის მიხედვით არ ყოფილა ნასამართლევი, არ გაუყალბებია არავის ხელმოწერა და თამასუქი. მასზე ვერავინ იტყვის, ანტისაბჭოთა შეთქმულების გამო იჯდა და შემდგომ ხელს ართმევდა იმ ადამიანების მამებსა და ძმებს, რომლებსაც საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის უღალატაო.
ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ეს სულმდაბლური თვისებანი ბოლო დროს ძალიან დაფასებული და კულტივირებულია იმ მწერალთა წრეებში, რომლებიც ჩვენი ლიტერატურის ბედს განაგებენ და ავიწყდებათ ის ღირსებები, რომლებიც ყველა დროს ამშვენებდა პოეტებსა და მოქალაქეებს და რომლებისთვისაც მწერალ მიწიშვილს არასოდეს უღალატია.
მართალია, ზოგიერთთათვის იგი გარკვეულწილად მიუღებელი გახლდათ, რამდენადაც მიისწრაფოდა, ამაღლებულიყო ყოველგვარ სიმდაბლეზე – ლიტერატურულ წრეებში ჩამჯდარი ზოგიერთი უსაქმურისა და ჭორიკანას ჭკუანაკლულობასა და გონებაჩლუნგობაზე, _ ცდილობდა არასოდეს ემოქმედა ვინმეს კარნახით, არასოდეს გაევლო სხვის ჭკუაზე ან ესაუბრა სხვისი სიტყვებით და ა. შ. ცდილობდა დაეცვა საკუთარი ღირსება და ხშირად დელიკატურად, მაგრამ მაინც არქმევდა ყველაფერს საკადრის სახელს.
მას არ დაუწერია არცერთი სტრიქონი, არ გამოუთქვამს არცერთი ფრაზა, რომლის მიხედვითაც იფიქრებდი, მტერი ყოფილაო: იგი იყო, არის და დარჩება საბჭოთა ადამიანად, მიუხედავად ახალი დონ ბაზალიოებისა და ტარტიუფების ქირქილისა, რომლებიც მოქმედებენ ძველი და არაორიგინალური ფორმულით: „ცილისწამება უკვალოდ არ ჩაივლის, რაღაც მაინც დარჩება“.
პოეტ მიწიშვილს, ასეთი მდაბიო საქმეების ფონზე, საკუთარი თავი ბევრად ღირსეულად მიაჩნია და კმაყოფილდება თავისი საფლავის წარმოსახვით, თუ როგორ პატივს მიაგებენ მას მომავალი თაობები.
ეს არც ლირიკაა და არც ფრაზა, არამედ ცხოვრებაა ადამიანისა, რომელიც შეგუებულია იმას, რომ მხარს დაუჭერენ, მაგრამ არ განადიდებენ.
არასოდეს ვიღვწოდი მეტისკენ, მაგრამ ის „სარგებელი“, რასაც ამ ბოლო დროს მთავაზობენ, რასკოლნიკოვის სიტყვებს თუ გავიმეორებ, იძულებული ვარ, „მოკრძალებით დავუბრუნო“ მათვე, ქვემორე სწორედ მათზე მექნება საუბარი.
1932 წელს ცკ-მ დამაწინაურა და მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ დამნიშნა. თვალებში არავის ვეჩხირებოდი და არც ჩემი სამუშაოს სფერო გაუკიცხავს ვინმეს, ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია.
ბოლო დროს მწერალთა კავშირში სამმა რეორგანიზაციამ გადაიარა ჩემ თავზე. როგორც ჩანს, თავმჯდომარისთვის არასასურველი ვიყავი, რადგან პირფერობა და ლაქუცი არ შემეძლო.
პირველი რეორგანიზაციისას მოადგილის ნაცვლად, მდივნად გამიშვეს. არაფერი შევიმჩნიე, მუშაობის ტემპი არ დამიგდია, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
კვლავ რეორგანიზაცია… ამხ. დემეტრაძის მოადგილედ მნიშნავენ… ამ ადამიანზე არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან, როგორც ფრანგები ამბობენ: „არაფრისგან არაფერი გამოდის“.
მე მაინც გავაგრძელებ და კიდევ უფრო ვაძლიერებ გულმოდგინე მუშაობას.
ამომშალეს სრულიად საკავშირო ყრილობის დელეგატთა სიიდან, მაგრამ რადგანაც საზოგადოების წინაშე ადამიანის მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედების გამართლება ძნელია, კვლავ ჩამსვეს.
მთელი ქალაქი ლაპარაკობს ჩვენი თავმჯდომარისადმი ამხ. სტალინის დირექტივებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ამ დირექტივების შესახებ ხმები ტრიალებდა მოსკოვშიც, ჩვენი თავმჯდომარის ზოგიერთი გულმოდგინე თანაშემწის მიერ. მაგრამ ეს კიდევ სხვა საქმეა.
ქართული ლიტერატურის შესახებ მოხსენებისთვის თბილისში იწვევენ ლიტერატურის ასე თუ ისე მცოდნე ყოველ ადამიანს. იწყება რაღაც ვიქტორინა. მონაწილეობაზე უსიტყვოდ მეუბნებიან უარს.
არაფერს ვიმჩნევ.
მაგრამ უკვე აღარ მესალმება შეფი. არც კი იხედება ჩემს მხარეს. რა თქმა უნდა, არც მე ვცდილობ მისი კუშტი მზერის მიპყრობას.
მოსკოვში მიემგზავრება ნარჩევი საზოგადოება – ჯავახიშვილი, იაშვილი, ჟღენტი, დემეტრაძე (რომელიც ბოლოს, ოჯახური პირობების გამო, ვერ წავიდა).
მე კი, როგორც უბილეთო, მომისროლეს, არადა მოსკოვში სწორედ საჩემო საქმეა. საქმე, რომელიც მენატრება.
ბოლოს და ბოლოს, დელეგაციასთან ერთად მეც მივემგზავრები მოსკოვში. მაგრამ არავინ მიხსნის, რას წარმოვადგენ დელეგატებს შორის, ერთი სიტყვითაც არავინ არაფერს მარიგებს, ინსტრუქციას არ მაცნობს.
მოსკოვში თავმჯდომარემ არც კი მომისმინა, მის და ორგკომიტეტის მიერ დავიწყებული როგორ ვიყავით დაყუდებულები კურსკის სადგურში ორ საათზე მეტხანს. არც ის იკითხა, როგორ ჩავედით, სად, როგორ მოვეწყვეთ და ა.შ. თავმჯდომარეს ჯერ კიდევ თბილისში წარვუდგინე წერილობითი მოხსენება იმის თაობაზე, თუ რა საქმეების გაკეთება მოგვიწევდა მოსკოვში, რომელ კომისიებში გადანაწილდებოდა დელეგაცია, როგორ მოგვარდებოდა პრესის საკითხი მოსკოვში, თბილისში და სხვ. მაგრამ უშედეგოდ.
ამის შესახებ მოსკოვშიც ვთქვი, თუმცა არავითარი ყურადღება.
ვხედავ, როგორ ნაწილდება დელეგაცია, იწყება ჭორაობა, ჩურჩული, დაბეზღება. მიდის საქმეების გარჩევა და იხლართება ინტრიგების, ტყუილებისა და ცილისწამებათა ქსელი.
ამ ყველაფრისგან ჩამოშორებული ვარ. ერთადერთი, რაც დამრჩენია, ისაა, რომ ღირსეულად დავიჭირო თავი.
განზე ვდგევარ. ვიცდი, დამიძახებენ თუ არა, მაგრამ ამაოდ.
ვიცი, რომ თავმჯდომარეს გაეხარდება ჩემი მარცხი და მლიქვნელი მისი მაამებლები სწორედ ამას ცდილობენ, ბოროტად ხუმრობენ ჩემს ვიზიტებზე ცკ-ში, სკპ (ბ)-ში (ВКП (Б) კაგანოვიჩის, მიქოიანის შესახებ.
შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ყველაფერი სისულელეა, მაგრამ „ცილისწამებისგან რაღაც მაინც რჩება“.
ჩემით უკმაყოფილონი არიან, რადგან გამოსვლა პირადად თავმჯდომარესთან არ შევათანხმე და ეს უკმაყოფილებაც უსაფუძვლო იყო: როცა თავმჯდომარე ტ. დემეტრაძის ნდობით აღჭურვილი პირი, მისივე დავალებით, პ. ქიქოძესთან ერთად წინასწარ კითხულობდა ჩემს მოხსენებას, მასში ამ დროს შევიტანე გარკვეული ცვლილებები.
უფრო მეტიც – ამით გულდაწყვეტილმა, ეს მოხსენება წინასწარ გადავეცი სხდომის პრეზიდიუმს – ამხ. პავლენკოსა და ტიხონოვის ხელმძღვანელობით, როცა მათ მიერ შესწორებული მოხსენება დამიბრუნდა, მე ის წავიკითხე სხდომაზე, რომელსაც პავლენკო თავმჯდომარეობდა.
რაც უფრო ვიზღვევდი თავს შესაძლო მარცხისა და შეცდომებისგან, მით მეტი სიძლიერით „მუშაობდა“ ზოგიერთი ამხანაგი, რომლებიც, ვფიქრობ, დელეგეციის ხელმძღვანელ პირთა თანხმობითა და მითითებით მოქმედებდნენ.
ცნობილი სიტყვები მახსენდება: „მომეცით ადამიანის მიერ დაწერილი ერთი სტრიქონი მაინც და მე მას სახრჩობელამდე მივიყვან“.
ჩემი მოხსენება დაახლოებით ექვსას სტრიქონს შეიცავდა და სულაც არაა საჭირო იყო ცნობილი, ნებისმიერი მთავრობის დროსაა შესაძლებელი ადამიანის უკიდურეს ზომამდე მიყვანა.
ჩემი თავმჯდომარე ყოველმხრივ ცდილობდა ჩემს მოხსენებაში შეცდომების პოვნას.
მაგრამ ცენტრალური ორგანოების, როგორებიცაა „პრავდა“, „იზვესტია“, „ტასს“ და სხვ. დადებითმა კომენტარებმა სრულიად გადაფარა ამ გულღრძოთა დამოკიდებულება.
ამიტომ გაავრცელეს ვერსია, თითქოს რედაქციებში გავლენიანი პირები მყავს, რომ ვიღაც მეხმარება და კიდევ სხვა სისულელეები.
არცერთ რედაქციაში ფეხი არ შემიდგამს, პრესის არცერთ თანამშრომელთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ კარგად ვხედავდი, როგორ ამუშავებდნენ საქართველოს დელეგაციის ზოგიერთი, სკანდალურად „ჩავარდნილი“ ორატორის ჰაერივით ცარიელ მოხსენებებს, თუ როგორ გადაიქცეოდა სამწუხარო აპლოდისმენტები მეორე დღეს პრესის ფურცლებზე აღფრთოვანების „მქუხარე ოვაციებად“ და ა. შ.
ჩემ წინაშე ვითარდებოდა არასასიამოვნო სცენები, თუ როგორ ადგენდა ვიღაც „წმინდათა“ და „არაწმინდათა“ სიებს, როგორ პირფერობდა რიგი ავტორებისა და როგორ აძევებდნენ ჩანაწერებიდან ჩემს სახელს. ასევე გაიმართა ქართული პოეზიის საღამო, სადაც წაიკითხეს „ყველაფერი საუკეთესო ქართული პოეზიიდან“, თუმცა ეს ორი პოეტის შემოქმედებაა უფრო იყო.
ჩემმა უფროსმა ამხ. ჟღენტს დაავალა, სხდომაზე გავეთათხე ჩემი „შეცდომების“ გამო, რადგან ხედავდნენ, რომ სხვა ხელჩასაჭიდი აღარაფერი გააჩნდათ, რისი წყალობითაც ჩამძირავდნენ და თბილისში პოლიტიკურ დამნაშავედ ჩამომიყვანდნენ.
არ შევჩერდები ბევრ დეტალზე, მარტო იაშვილის არჩევნები რად ღირს. ამ სცენიდან აქამდე ყველასგან მივიწყებული სატირიკოსი ეშმაკი შედევრს შექმნიდა.
ნურავინ იფიქრებს, თითქოს ჩვენ, მწერლები დაკოდილი ცხვრების ფარა ვიყოთ და თავმჯდომარეს უფლება ჰქონდეს, თავისი სურვილის მიხედვით დაკლას, ვინც სურს და როცა სურს. ჩემი დაკვლაც შეიძლება, მაგრამ არა პეტელა და მით უმეტეს, დაკოდილი ცხვარივით.
ლიტერატურაში არც კოოპერატივიდან და არც ორმოცდათხუთმეტი წლისა მოვსულვარ. თითქმის ოცი წელია მას ვწირავ სულსა და ნერვებს. ლიტერატურა – ჩემი სიცოცხლეა და არა თანამდებობრივი საქმე.
თანამდებობას დავთმობ, მაგრამ სიცოცხლისთვის ვიბრძოლებ.
ლიტერატურა მემკვიდრეობა არ არის და, ვგონებ, ახლა ყველა თქვენგანის მოსაზრებას გამოვთქვამ. ამ კოლექტივის ადამიანების ხელმძღვანელი არ უნდა ამცირებდეს მათ, არ უნდა უწყობდეს ხელს მათ „ჩავარდნას“, არ უნდა უხაროდეს მათი შეცდომები, არამედ უნდა ეხმარებოდეს, ამშვიდებდეს, ახარებდეს.
გაწონასწორებულ, მშვიდ და საკმაოდ თავმდაბალ ადამიანად მიმიჩნევენ და თქვენ, ჩემი წერილის კითხვისას, მიხვდებით, რატომაა იგი ასეთი ხისტი.
როგორ ვიყო მშვიდად, როცა გილიოტინასთან მიმათრევენ და სურთ, მომაჭრან არა თავი, არამედ სული და ოცნება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ხელმძღვანელობა, ან მისი მეუღლე ვერ მიტანს.
აი, ჩემი გმოსვლის სტენოგრამა. გთხოვთ, გაეცნოთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, მან სამჯერადი ცენზურა გაიარა. ის დადებითად შეფასდა ცენტრალურ გამომცემლობაში და მთელმა რიგმა ადამიანებმა აღიარეს როგორც ამიერკავკასიელთა შორის საუკეთესო გამოსვლა.
ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, რასაც ჩემზე საუბრობენ, მინდა ვთქვა: რადგან საქმე იქამდე მივიდა, რომ თქვენი განხილვის საგანი გავხდი, უკეთესი ხომ არ იქნებოდა თავადვე მეთქვა, რომ ჩემი გასამართლება და დასჯა გსურთ. იქნებ აღმომაჩნდეს არგუმენტები და შევძლო ბრალის აცილება. ეს, ჩემი აზრით, არ გეწყინებათ, პირიქით, ადამიანს უნდა დაეხმარო გაჭირვებიდან თავის დაღწევაში და არა – ჰკრა ხელი და ხევში გადააგდო.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოარულ ხმებს იმის შესახებ, თითქოს მე ამხ. ბერიას წინაშე ამხ. იაშვილთან დაკავშირებით არალოიალურ როლს ვთამაშობდი, ის ფაქტიც აქარწყლებს, რომ ამხ. ბერიას ცხოვრებაში ორჯერ შევხვდი – ერთხელ 1927 წელს, მეორედ კი წელს, მაისში.
შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ ამხ. ბერიამ ხომ კარგად უწყის, რომ მასთან იაშვილის შესახებ არასოდეს მისაუბრია, მით უმეტეს იაშვილისა და ცკ-ს ახალი ხელმძღვანელობის „მტრობის“ საკითხზე. ეს ისეთივე სისულელეა, როგორც მითი კაგანოვიჩის შესახებ და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში, ამხ. აღნიაშვილთან შეხვედრისას, როცა იგი, ქართველ მწერლებზე საუბრისას, ამხ. იაშვილსაც შეეხო, მე ნამდვილად გამოვთქვი საკუთარი აზრი და აი როგორი ფორმით: „ეს ნიჭიერი ადამიანი, პირად გარემოებათა გაუარესების გამო, ჩამოშორდა ლიტერატურას და ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის დასაბრუნებლად”.
ჩემი აზრით, პატიოსნად ვიქცეოდი, ამას რომ ვამბობდი, და შეუძლებელია, ამ სიტყვებში ვინმეს შეურაცხმყოფელი რამე იპოვო.
ასეთივე პატივისცემით ვსაუბრობდი სხვა მწერლებზეც, ვისზეც კი სიტყვა ჩამოვარდა.
უკვე ყველაფერი ვთქვი, ყოველივე ამან ჩემ თავზე გადაიარა და, ვგონებ, ცოტა არაა.
დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე:
ამ რთულ ვითარებაში სხვა არაფერი დამრჩენია, რომ განზე გავდგე.
რამდენადაც პარტიისა და საკუთარი შემოქმედების წინაშე თავს უდანაშაულოდ ვგრძნობ, მით უფრო მშვიდად ვარ.
თუ ჩემს სიმართლეში თქვენს დარწმუნებას შევძლებ, ეს აღარ ამაღელვებს, რადგან „ორჯერ არაფერი იწვის“.
ამხანაგური სალმით ნ. მიწიშვილი
ეს წერილი სამ ეგზემპლარადაა დაბეჭდილი: ამხ. ბერიასთვის, ამხ. აღნიაშვილისა და ჩემი არქივისთვის. იგი არავის წაუკითხავს, პირადად მე დავბეჭდე. და რადგან მიმაჩნია, რომ ამხ. ტოროშელიძეს აცნობებენ ამ წერილის შესახებ – ზედმეტ ეგზემპლარს მას აღარ გავუგზავნი.
ნ. მ.