შემოდგომის აზნაურები – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 02.1936

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზუმი 26474-ხ.

გამოცემა :

სტატიები

შემოდგომის აზნაურები

„შემოდგომის აზნაურები“ პირველი მუსიკალური კომედია არის ქართულ სცენაზე, ამავე დროს ეს შესანიშნავი წარმოდგენაა მრავალ მხრივ. კომედიის ენა, დიალოგი აცოცხლებს დ. კლდიაშვილის დაუვიწყარ სურათს ოთხმოცდაათიან წლების იმერეთის, სერგო კლდიაშვილის გამარჯვება მით არის საყურადღებო, რომ მან არა თუ არ შელახა დ. კლდიაშვილის შესანიშნავი ოსტატობა, არამედ გაამდიდრა იგი, მიუახლოვა ჩვენს თანამედროვე სტილს. კ. პატარიძემ შექმნა მრავალფეროვანი, ცოცხალი, მხიარული სპექტაკლი. არც ერთ წუთს მე არ მიგრძვნია წარმოდგენაში ვოდევილის იერი. კომედიაში დრამატიული ელემენტები ზომიერად არის. იჭვი არ არის ეს კომედია დიდად შეუწყობს ხელს ჩვენთვის ახალ და ძლიერ საჭირო ჟანრის განვითარებას. საყურადღებოა, რომ „შემოდგომის აზნაურებში“ დიდად გაზრდილია აქტიორ ქალების როლები და ქალთა ანსამბლი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა დანარჩენ პიესებში, რაც ჩვენ რუსთაველის თეატრში გვინახავს. მისალოცია ი. ტუსკიას ახალი დიდი გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური დასურათება, ეს საყურადღებო მუსიკაა, რომელიც იტაცებს მსმენელს თავის ლირიზმით და ფერადობით. დ. თავაძე ახალი ნიჭიერი ძალაა და მაჩვენებელია თეატრალური მხატვრობის არა მარტო ზრდის, არამედ სიახლისაც. კომედიაში მონაწილე აქტიორებს ვულოცავ დიდ გამარჯვებას, ხოლო აკაკი ვასაძეს მათთან ერთად, ჩემი დიდი მადლობა, დარისპანის შესანიშნავი სახის ასახვისათვის.