ყვითელ მტრებს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1916, გაზაფხული

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №2

სტატიები

ყვითელ მტრებს

ჩვენ მოვისმინეთ თქვენი წყევლა, დავინახეთ, როგორ ანთებდით კოცონს ჩვენი მღელვარებით სავსე გულების დასაწვავათ. გვესმოდა ხმები უძლური და არ სჩანდა თქვენი ხმალი ბრძოლისთვის ამართული. გვსურდა კი რაინდების შეხვედრა: გვწამს მტერი რაინდი, მხედარი გზაზე მოთამაშე, რომელიც ჩვენთვის უცნობ და დაშორებულ ბრძოლის ველიდან გამოსული, მოგვხიბლავს სიძლიერით და გადმოგვძახებს პასუხს სასტიკს მაგრამ კეთილარსს. არ ვიცით, რა არი თქვენი სახელი. არ ვიცით, სად არის თქვენი ხმალი. თქვენს მხეცურ ყვირილში გსურთ დაადუმოთ ჩვენი შეურყეველი ხმები, ჩვენი წმინდა ლოცვები. მაგრამ ვინც ეზიარა ხელოვნების უკვდავებას, მას ვერ შეაშინებს თქვენი ბოროტებით სავსე ზეიმობა. თქვენ გინდათ დასთესოთ მტრობა ჩვენ შორის და მოყვარულ ძმებში შეიტანოთ სიძულვილი. მაგრამ ის, ვინც დაადგა ჩვენს გზას, მას ვერ აცდება: გზა ერთია, შეიძლება იყოს მრავალი ტაძარი. გვწამს: მოვა წინასწარმეტყველი, რომლის სამლოცველოში შევალთ ყველა დროებით განშორებულნი.

თქვენ გრძნობთ ჩვენ სიძულვილს და არ გვშორდებით და ვიცით, კიდევ დიდხანს იქნება ჩვენს გარშემო თქვენი საცოდავი ყვირილი.

იყავით თავისუფალნი თქვენს სიხარულში, ხომ ხედავთ ჩვენ სიმშვიდეს, ასეთი ვიქნებით ბოლომდის. ყოველ მხრიდან უხმობთ სიკვდილს, რომ დაინახოთ თქვენის სისხლიანი თვალებით ჩვენი დაცემა.

მაგრამ, თუ უნდა მოვიდეს დრო ჩვენი სამუდამო დაძინებისა, ჩვენ ვიგრძნობთ დასასრულის სიახლოვეს და ვნახავთ თქვენგან განშორებულ ადგილს უკანასკნელი ლოცვების სათქმელად.

ეს არის ჩვენი პასუხი, არა ვრცელი, როგორც თქვენ ელოდით: ჩვენ არ გვიხარია თქვენთან დიდხანს საუბარი. გაგიჟდით კიდევ ერთხელ, კიდევ დაინახავთ ჩვენს ცივ ღიმილს, რომლისაც თქვენ ისე გეშინიათ, თქვენ, ჩვენო ყვითელო მტრებო, ფერ დაკარგულნო სიბრაზით და აღშფოთებით, თქვენ, რომელთა სახელი ჩვენ არ ვიცით, და რომელთა მოელვარე ხმალს ჩვენ ვერასოდეს ვერ დავინახავთ.