ფერადი ბუშტები – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1927

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი

გამოცემა : ფერადი ბუშტები. ტფილისი, სახელგამი, 1927

გამოცემები, წიგნები

ფერადი ბუშტები

სანტიმენტალური ამბავი

 

ტფილისში ბევრი მათხოვარი – საზიზღარია.

ერთი მათხოვარი ქუდს ისე მიხდის, როგორც ძველი ნაცნობი, შემდეგ ქუჩაში გამოგენთება, ჩაგაცივდება, იკლაკნება, როგორც ცხრაფეხა.

ის ყოველთვის იღიმება, თუ კარგად ჩაცმული დაგინახა.

ღარიბებს არც ქუდს უხდის, არც უღიმის. საღამოთი ჩაჯდება ალექსანდრეს ბაღის მოაჯირთან და ხარბად ითვლის ფულს.

მას ორი შვილი ჰყავს, რომელთაც ისე ჰგეშავს მათხოვრობაში, როგორც მონადირე ძაღლს.

კიდევ არის მათხოვარი, რომელიც დედას იგინება, თუ ფულს არ მისცემ; თუ ამ დროს მიუბრუნდები, მიხვალ, აჩუქებ, უცბად გაიცინებს, ბოდიშს მოიხდის და გეტყვის: „წამომცდაო“.

ერთი ყოველთვის სტირის, საღამოთი კი მიდის „მეეტლეების სამიკიტნოში“ ვორონცოვის ხიდთან სათრობელად, სვამს ასურეთის მჟავე ღვინოს და ზედ ატანს გამხმარ დოშის კუდს, რომელსაც მისთვის იმეტებს ვაჭარი დიდზურაბოვი.

მაგრამ ტფილისში ბევრი გულის დამწველი მათხოვარია.

მე მყავს მათ შორის ნაცნობები.

მათთან შეხვედრა მახარებს, როდესაც მთვრალი ვარ, მიყვარს მათთან საუბარი. თუ ფული არა მაქვს, ვსესხულობ და მათ ვაჩუქებ.

ერთ საღამოს ბრმა ახალგაზრდა მათხოვარს, რომელიც, სამწუხაროდ, ორი წელიწადია აღარ სჩანს ტფილისში, მე შევუგროვე ფული ამნაირად:

მოვიხადე ქუდი და ვიძახდი:

„აჩუქეთ ხელმოკლე პოეტს ერთი კვარტი ღვინისთვის!“

მე მთელი ქალაქი მიცნობს – ბევრმა მაჩუქა.

სულ მალე ათი კვარტის შევაგროვე. მათხოვარი სულ იცინოდა, ხელებს ისრესდა სიხარულით, მაგრამ, როდესაც ფული ჩავაბარე, შეფიქრიანდა, დაეჭვდა, ფული ეცოტავა და დარწმუნდა რომ გამოვრჩი.

შეგროვილი ფულიდან ნაწილი მართლა დავიტოვე ჩემი ერთი ამხა¬ნაგის ჭკუიანი რჩევით და წავედით „ჭაჭასთან“.    „ჭაჭა“ ვაჭრობდა მხოლოდ ღამით, ჰგავდა ჯალათს. დუქანი გამართული ჰქონდა სარდაფში ჩასავალ კიბეზე და, როდესაც მუშტარი არ ჰყავდა, ჰკვებავდა თაგვებს ყველის და პურის ნამცეცებით.

ამ უკანასკნელ დროს ტფილისში გაჩნდა ერთი ბრმა, თიანეთიდან ჩამოსული. ის უკრავს ფანდურზე და იმღერის არსენას ლექსს:

„წუხელი სიზმარი ვნახე

ინით ვიღებავდი წვერსა“.

სოფლებიდან ჩამოსული გლეხები უსმენენ მას და იცრემლებიან, როგორც არსენას დასაფლავებაზე.

ყველაზე ორიგინალური ტფილისის მათხოვრებში უსათუოდ ჩვენი „კაპიტანია“. ექვსი წელიწადია მას აცვია ერთი და იგივე საზამთრო ოფიცრის შინელი. გარეგნობით ჰგავს ნიკოლოზ მეორეს, ლაპარაკობს ლექსებზე, სპორტზე და, თუ მოიწვიე კაფეში სავახშმოდ, – მოითხოვს, როგორც შანსონეტკა მაინც და მაინც ძვირ საჭმელს. ღვინოს მხოლოდ ერთ ჭიქას დალევს, ნაკლულ ბოთლს ჩაიდგამს მწვანე ტომსიკაში და თავაზიანად იტყვის: „ხვალ შეიძლება თქვენ ვერ გნახოთ – ეს ღვინო სადილად მეყოფა“.

კაპიტანის ოცნება ახალი ჩექმების ყიდვა და გემრიელად ჭამა არის.

მაგრამ მან იცის თავისი ფასი და სამზარეულოში არ შევა მზარეულის სამოწყალოდ. მას უყვარს სუფრა სუფთად გაშლილი, ხელსახოცის გულზე აფარება და საუზმის წინ არყის დალევა.

კაპიტანი განსაკუთრებულ სიყვარულით მაფასებს მე და ჩემს ამხანაგებს, როდესაც მიადგება რომელიმე რესტორანს, ფრთხილად შეაღებს კარებს, გაიწმენდს სათვალეებს, გადაათვალიერებს ხალხს და იკითხავს:

– ერთი ეს მიბრძანეთ, ქართველი პოეტები ხომ არ არიან აქ? – და თუ უარს მიიღებს, მაშინ კერძოდ ჩემს გვარს დაასახელებს.

თუ რესტორანის პატრონი ვახშამს არ მისცემს – კაპიტანი ჩამოივლის სუფრებს და თავაზიანად შეეკითხება სტუმრებს: „შეიძლება თქვენის ნებართვით მოვითხოვო პრეისკურანტი?“ „კაპიტანს“ ხშირად აძლევენ ამის ნებას და ხანდახან მხიარული მოქეიფენი, რესტორანის დაკეტვის შემდეგ, ჩაისვამენ მას ეტლში… ამ შემთხვევაში კაპიტანი ყოველთვის კითხულობს: – რა ამბავია, ქალებისაკენ?..“ სანამდის ეტლში მოეწყობოდეს, კაპიტანი ეუბნება მეეტლეს: „მე შეიძლება ღვინო მომეკიდოს, გთხოვთ ჩაიბაროთ ჩემი ტომსიკა და უსათუოდ გამახსენეთ მისი წაღება“. კაპიტანს ტომსიკა არ ავიწყდება, რადგან იქ, როგორც თვითონ ამბობს, სანოვაგის მარაგის გარდა, ინახება მისი პირადობის მოწმობაც.

კაპიტანს უყვარს ქალებზე და სექსუალურ საგნებზე ლაპარაკი, მაგრამ ყოველთვის უმატებს: „მე ჩემს ცოლს ვერ ვუღალატებ“. თუმცა მისი ცოლი უკვე ორი წელიწადია წავიდა ბაქოში ერთ ნაცნობთან და წერილსაც არ იწერება.

რევოლუცია კაპიტანს მოსწონს, მაგრამ მაინც მოიგონებს დიდ მთავარს კონსტანტინე კონსტანტინეს ძეს: – კორპუსში ყოფნის დროს მას თავის ლექსების კრებული აჩუქა.

კაპიტანის ბინა თითქმის არავინ იცის, მეზობლებს გარდა, ალბათ, ის ყოველთვის ემდურის მეზობლებს, რადგან მათ კაპიტანს კუდიანი დაარქვეს.

ერთხელ კაპიტანი შემეკითხა: „არსებობენ თუ არა კუდიანები?“ მე, რა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ, როგორც განათლებულსა და სწავლულ კაცს, არ მჯერა კუდიანების არსებობა… „კუდიანები რომ არსებობენ მე ეს ვიცი“ – დაჯერებით მიპასუხა კაპიტანმა – „მაგრამ შეიძლება თუ არა მე არ ვიცოდე, არ ვგრძნობდე და ისე ვიყო კუდიანიო“.

ტფილისის მათხოვრებს კაპიტანი არ უყვართ და მას დიდკაცს უძახიან.

საზოგადოდ, ტფილისის მათხოვრებმა დაჰკარგეს ერთმანეთში თვისება. ძვირად შეხვდებით ჩვენს ქუჩებში ორ მათხოვარს ერთიმეორესთან მოლაპარაკეს. ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთს ემუშტრებიან ქუჩებში „გეზიან“ ადგილებზე. მათხოვრები „გეზიან“ ადგილებს ისევე ირჩევენ, როგორც ვაჭრები დუქნებს და დარაბებს.

ყველაზე შემოსავლიანი იყო სასაფლაოს „ყელი“, მაგრამ ეს ადგილი მათხოვრებს რჩებათ მემკვიდრეობით, ხანდახან ხდება „გამოყიდვაც“. ზოგი შემოსავლიან ადგილზე „სართს“ ართმევს მეორეს.

ორი სიტყვა პარიზის მათხოვრებზე

პარიზის მათხოვრები ბევრად მაღლა სდგანან ტფილისის მათხოვრებზე შეგნებით, ისინი შეკავშირებული არიან: მათი საერთო ჭერი სენის ხიდებია.

პარიზში მათხოვარს ოთახი იშვიათად აქვს. მისი ბინა არის კათედრალების – ნოტრ დამის, სანსუპლისის – გალავნები. ღამე სძინავთ სენის ხიდებს ქვეშ.

დღისით მათხოვრები აგროვებენ პაპიროსის ნამწვავებს, ქუჩაში დაფანტულ ქაღალდებს, ძონძებს.

ქუჩებში აკრძალულია – მათხოვრობენ ეზოებში.

ზოგი ატყუებს ქუჩის აჟანს. დაიჭერს ერთ ძველ გაზეთს „ლა პატრის“, თითქოს გამყიდველია და მხოლოდ საიმედო გამვლელს გაუმჟღავნებს თავის საიდუმლოებას.

საღამოს სენის ნაპირები სავსეა მათხოვრებით.

სენა მწვანედ არის ამღვრეული, როგორც აბსენტი. წყალის ზედაპირი ელვარებს ქონით, მაზუთით. თეთრი გედებივით მიჰქრიან პატარა გემები და ნავები.

სენის ხიდებ ქვეშ დიდი ხმაურობაა. ზოგი მათხოვარი მშიერია, ადრე დაიძინებს. უმეტესობა კამათობს ომზე, რევოლუციაზე, ჟორესის მოკვლაზე.

ყველაზე ცნობილი მათ შორის არის გასტონ დელაროშ, რომელსაც მეგობრებმა „ფალიერი“ დაარქვეს.

როდესაც ის დაინახავს უცხო სტუმარს, ხიდის ქვეშ ჩამოსულს, მივა და ეტყვის:

– თქვენ ალბად ნორვეგიიდან ჩამოსული ტურისტი ხართ, ან ესპანელი მომღერალი, გაინტერესებთ პარიზი და ჩვენი ცხოვრება. მე გახლავართ გასტონ დელაროშ, კეთილშობილი მათხოვარი, მცხოვრები სენის ნაპირას, დეპუტატ ჟორესის მეგობარი და მისი ამომრჩეველი.

ამის შემდეგ ის დაგიმტკიცებთ თუ რა ადვილია უეცრად გამათხოვრება. შემდეგ ამაყათ იტყვის: ამაღამ სიცივე იქნება, გათენებისას აქ ყოველთვის ძალიან ცივა. მე თქვენი ფული არ მინდა, გაიარეთ აქედან კაფე „პასკალში“ და დაუკვეთეთ ჩემთვის ორი ჭიქა პუნში, ხვალ დილით მივალ და თქვენს სადღეგრძელოს დავლევ.

ფალიერი ყველაზე ბევრს კამათობს.

ყოველდღე კითხულობს ლ’უმანიტეს, იცის პოლიტიკა, ეჯავრება როიალისტები და წინააღმდეგია ბერლინის ოკუპაციის. კონკორდიის მოედანზე აღტაცებით უხდის ქუდს ელზასისა და ლორენის ძეგლებს და ზიზღით იხსენიებს ბისმარკს, რომელმაც „რკინის ყუთში ჩაჰკეტა ელზასისა და ლორენის აყვავებული ბაღები“. ის მეთაურობს კავშირს „სენის მათხოვრებისას“ და სასტიკად სდევნის ქურდებს მათხოვართ შორის.

როდესაც ცივი ზამთარია, ბევრი მათხოვარი კვდება სენის ხიდებ ქვეშ.

ავადმყოფები სიცივეს და შიმშილს ვერ უძლებენ. ღამე ადგება ავადმყოფი, გადაიძრობს გაზეთს, რომელიც მას საბნათ ახურავს, მივა მდინარის ნაპირას და წყალში გადავარდება. ამას ბევრი ხედავს, მაგრამ ადგილიდან არავინ დაიძვრის. ავადმყოფი მათ-ხოვარი გადავარდება წყალში, და რადგან მას არავინ უშველის – დაიხრჩობა.

ერთ ღამეს მე, ილია ერენბურგი და გიომ აპოლინერი ვეწვიეთ მათხოვრების ბანაკს ალექსანდრე მესამის ხიდის ქვეშ.

მაშინ ომი დაწყებული იყო და ბანაკი ნამდვილ პარლამენტს ჰგავდა. იყო კამათი და თავმჯდომარეც იყო.

ერთი მათხოვარი, ყოფილი კონსიერჟი ქიმიურ ლაბორატორიისა, უხსნიდა დანარჩენებს „მაღრჩობელ „გაზების“ მნიშვნელობას. „გაზების“ გამოგონება ყველას აბრაზებდა, რადგან ის ხელს შეუწყობდა მათხოვრობის გავრცელებას საფრანგეთში.

ღამის ორი საათი იყო, კამათი არ თავდებოდა.

ყველას შიოდა.

ათი მათხოვარი მე, აპოლინერმა და ერენბურგმა წამოვიყვანეთ კაფე „ა ლა როტონდაში“ სავახშმოთ. „როტონდა“ ჩვენი მეგობრებით იყო სავსე და მათხოვრების დანახვამ აღტაცება გამოიწვია.

მსხვილი რიბეირა, ესპანელი მხატვარი, ნახევრად ტიტველი იყო, რადგან სიცხე აწუხებდა. მან სათითაოდ გადაჰკოცნა ჩვენი სტუმრები, მივიდა ერთ ცნობილ მხატვრების მეცენატთან, რომელიც დადიოდა „როტონდაში“ და ცდილობდა ხელში ჩაეგდო ზანგის ქალი ჯელიკა, ლამაზი და თევზივით მოქნილი. რიბეირა მოვიდა მე-ცენატთან, მაგრად დაჰკრა ჯოხი თავზე დაცმულ კატელოკზე და უბრძანა ვახშმის გაწყობა. მეცენატს ეტკინა თავი, მაგრამ გაიცინა და ვახშამი გაამართვინა.

მათხოვრები, პოეტები და მხატვრები მეცენატის სტუმრები ვიყავით. დიასახლისებად ავირჩიეთ ჯელიკა და მარევნა, მხატვარი ქალი, პარიზში ტფილისიდან ჩამოსული.

პირველად რიბეირამ ადღეგრძელა მეცენატი და უკანასკნელის ხარჯზე უბრძანა კაფეს პატრონს ხუთ-ხუთი ფრანკი გადაეცა თითო მათხოვრისათვის.

ბრძანება შესრულდა.

მეცენატს ეწყინა, მაგრამ ხელზე აკოცა ჯელიკას.

შემდეგ ჯელიკამ სთქვა: „ამხანაგებო, ჩვენ გვეწვიენ „სენის მოქალაქენი, ასეთი სურათი ჯერ ჩვენს როტონდას არ ახსოვს. ჩვენ შორის დღეს არ არის ის, ვინც გაოცდება ამ სურათით – მისცემს მას უკვდავებას. ჩემი წინადადებაა გაეგზავნოს ავტომობილი პაბლო პიკასსოს და ეთხოვოს მას აქ მოსვლა“.

აპოლინერმა ჯელიკას ტუჩებში აკოცა, მაგრამ ავტომობილი ცარიელი დაბრუნდა: წინა დღით პიკასსო ფრონტზე წასულიყო.

როდესაც მათხოვარი ელიმ ადერი ადგა სიტყვის სათქმელად, მოხუცებული და კეთილი როტონდის გარსონი ლუი მივიდა მასთან, ატირდა და სთქვა:

– ბატონო ემილ, ნუ თუ ვერ მიცანით, მე ვარ ლუი გარსონი კაფე „რიშიდან“. ბევრი ლუიდორი მახსოვს თქვენგან ნაჩუქარი.

დიდი ხანია გავიგე თქვენი დაცემა, გაღარიბება.

მე უცოლო ვარ და კარგი ოთახი მაქვს.

გადმობრძანდით ჩემთან ბინაზე…

და ახლა კი, ბატონებო, ნება მიბოძეთ – მოიწმინდა ცრემლები ლუიმ – ბატონ ემილ ადერის პატივსაცემად მოგართვათ ექვსი ბოთლი ბურგუნდიისა.

ემილ ადერმა სიტყვა ვეღარ სთქვა, ენა დაება, ჩაეკრა მოხუცებულ და კეთილ ლუის და ორივე წავიდენ მეორე ოთახში წარსულის დასატირებლად.

ამ სურათის დანახვაზე, ახალგაზრდა პოეტმა ალბერტ ჟანმა ლექსი დასწერა და გადასცა ერენბურგს რუსულად სათარგმნელად.

როდესაც გათენდა, მე გამოვეთხოვე პარიზელ მეგობრებს და ამ დღესვე წამოვედი საქართველოში.

როტონდის უკანასკნელი ღამე დღემდე არ დამვიწყებია, მახსოვდენ სენის მათხოვრები.

დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც შევხვდი ერთ რუს მათხოვარს, ლეონტი კაჩერგას, სოლოლაკში. მან მომაგონა როტონდის უკანასკნელი ღამე და სენის ხიდები.

როგორ ცხოვრობს მათხოვარი ლეონტი კაჩერგა

ლეონტი კაჩერგა _ მაღალი და მოღუნული, მისი დიდი ცხვირი ჰგავს მსხვილ მწიფე ხენდროს, თმა აქვს ჭაღარა, როგორც გაურეცხელი თეთრი მატყლი, ტუჩებთან თმა ისეა გაყვითლებული თამ¬ბაქოს ბოლით, როგორც ოქრო.

ლეონტი კაჩერგას სახე მუდამ შეშინებულია, თვალებიდან ყოველთვის წყალი მოდის. ქუჩაში ფულს არავის სთხოვს, თუმცა დგას ქუჩაში სამათხოვროთ. მისი კისერი რბილი და ჩაჟანგებულია, როგორც ხეზე ამოსული აბედის სოკო.

აცვია ძველი მაზარა იღლიებ ქვეშ გამომწვარი და გამოხეული.

ის ყოველთვის სდგას – არ დაჯდება.

მას ქუჩის ბავშები არ აწუხებენ – პატივსაც სცემენ.

მას არ აქვს ტომსიკა ხმელ პურის შესანახად. ფულს ის ძველ, რუხ ქუდში ინახავს და ხანდახან ქუდი გაბერილია ბონებით.

ლეონტი კაჩერგა სდგას უსიტყვოთ, ყოველთვის ჩაფიქრებული, სიცხიან დღეში ჩაფიქრება მის სახეზე ტანჯვათ იქცევა და ის ქუჩაში მოსჩანს, როგორც ჯვარზე გაკრული.

ცხოვრობს მუხრანის ხიდის ყურთან, მის ეზოში რეცხავენ ტყა¬ვებს და ზაფხულში იქ შმორის სუნია.

ეზო მტკვარზე გადადის.

ოთახი აქვს ქვემო სართულში, ოთახის წინ პატარა აივანია უდერეფ¬ნოთ. იქ დგას ძველი დანგრეული ტახტი, რომელზედაც მას უხდება ძილი.

ოთახში პატარა ორი წლის ბავშით სცხოვრობს მისი 19 წლის ქალი კლარა, რომელიც კახპობს. ლეონტი კაჩერგას ოთახში ღამის გათევა ძვირათ შეხვდება, რადგან მის ცხრამეტი წლის მეტად ლამაზ ქალთან ყოველ ღამე მოდიან სტუმრები.

ოთახში ელექტრონის სინათლეა, სუფთად არის მორთული, იქ ყოველთვის „მარწყვის საპნის“ სურნელებაა, კედელზე ჰკიდია ემელიან პუგაჩოვის სურათი, სურათის ქვეშ ფიცრის სკამზე სდგას ლურჯი ემალის ტაშტი.

ფანჯრის თაროზე უამრავი შუშებია.

ლოგინთან კედელზე გაკრულია გაშლილი, ფერადი ქაღალდის მარაო, მარაოს გარშემო კი სურათებია ლინა კავალიერის, სობინოვის, მოჭიდავე პეტლერძინსკის და ვიღაც უნტერ-ოფიცრის, რომელიც ცხენს მიაჭენებს და ხელში აქვს შიშველი ხმალი. ერთ კუთხეში ფიცრის სკამზე გამართულია ლოგინი პატარა ბავშისთვის.

ლეონტი კაჩერგა მამა

დილით კაჩერგა ზის ოთახის წინ.

იფხანს გაჟანგულ და აბედივით დაჩვარულ კისერს. ვითომ ეალერსება მუხლებზე დამჯდარ შვილი-შვილს.

უნდა გაუცინოს ბავშს და ლაფშებს აღებს ბაყაყივით, ბავშს შია, დასუსტებულია და კნავის, როგორც ტურა.

ბავში რომ დაამშვიდოს, პირში ჩაუდებს ბინძურ, დაუბანელ ნეკს სალოკავათ. ერთი წუთით დამშვიდდება პატარა, მაგრამ უცებ სახე დაემანჭება, თითქოს ძმარი დალია.

კაჩერგას ნეკი არ არის გემრიელი.

ბავშს მოსწყინდება ტირილი და შიმშილი და ჩაისველებს კაჩერგას მუხლებზე. მათხოვარი იგრიხება, როგორც გველგადაყლაპული, ჰაერში არწევს ბავშს, რომლის პატარა და გამხდარ მუხლებ¬ზე ცხელი შარდი მოკრიალობს, როგორც მდუღარე ცრემლები.

აულაგებელ ყავისფერ ლოგინზე დაასვენებს კაჩერგა ბავშს, მზეზე გაიშრობს დასველებულ შარვლის ტოტებს, მივა კარებთან, და როგორც შეშინებული, ხრინწიანი ხმით დაიძახებს:

– კლარა, ბავშს შია!

შემდეგ ჩამოჯდება ლოგინზე, ზურგს მიუბრუნებს ოთახის კარებს, საიდანაც გამოდის მორიგი სტუმარი.

კლარას სტუმრის ყოველთვის რცხვენია უბედურ მამას.

შეიყვანს, თითქოს შეასვენებს ბავშს დედასთან.

ოთახში სიმჟავის სუნია.

ელექტრონს დააქრობს, გააღებს ფანჯარას და უსიტყვოთ გამოვა ოთახიდან, მიდის სოლოლაკში და დგება ქუჩაში, როგორც ჯვარზე გაკრული.

იმ ქუჩაზე, სადაც კაჩერგა სდგას, მე მიხდება ჩავლა ყოველდღე.

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე ჩამევლოს კაჩერგასთან და მისთვის არაფერი დამეტოვებიოს.

შორიდან მოიხდის ქუდს, სახე უწითლდება, თითქოს რამე დააშავა, ფულს ფრთხილად მართმევს: ასეთის სიფრთხილით ანთებდნენ სანთელს ხატის წინაშე. უნდა რაღაც სთქვას, მაგრამ ხმა უწყდება.

ერთ დღეს შორიდან შევამჩნიე, რომ კაჩერგა სხვანაირ გუნებაზე იყო.

ქუჩის ბავშებს ეთამაშებოდა, იცინოდა, ამბობდა ყრუ ხმით რაღაც სიტყვას, მე მომაშურა და მითხრა:

– დღეს ნუ მაჩუქებთ. დალეული ვარ, არაყი დავლიე ბევრი. მერე ჩვენმა მედუქნემ ბალი მომცა და ოთხი ირისი, ირისი და ბალი ამ ბავშებს დაურიგე. მე დალეული ვარ, თქვენთან მინდოდა ლაპარაკი. აღარც არაყი მინდა, არც ღვინო. მინდა სადმე თქვენთან ლაპარაკი. მე ვიცი თქვენი დაწესებულება, იქ შესავალ კარებთან ბევრი დახატული მხეცებია, თქვენი მეეზოვეც მიცნობს. მაჩუქეთ ნახევარი საათი.

კაჩერგას თვალები ელავდენ ისეთის სიგიჟით, თითქოს მისჩერე¬ბოდა ცეცხლს, რომელიც მის საკუთარ სახლს ან ქონებას წაეკიდა.

მეც მინდოდა მასთან საუბარი და წავედით „ხელოვანთა სასახლეში“, სადაც სპარსულ ოთახში მოვისმინე:

კაჩერგას მონოლოგი

– მე მაქვს პროგრესიული დამბლა, წინად ვმსახურებდი ბანკში ფულის დამთვლელად. ახლა ფულის თვლა აღარ შემიძლია – თითებმა დაჰკარგეს გრძნობიერება.

ცოლი გამიქრა ოცდაოთხ საათში, ექიმებმა ვერ უშველეს.

დამრჩა კლარა – ჩემი ერთად ერთი შვილი. სამი წლის წინად ის სულ ბავში მომტაცა ლოთმა დალაქმა, რომელიც არაყს ისე სვამდა, როგორც ჩაის, ის სცემდა ჩემ კლარას, კბენდა, არ აცმევდა, არაყს აძალებდა, ათახსირებდა.

წელიწადზე მეტი ყავდა ჩემი ბავში, მერე გული გაუსკდა, მოკვდა და კლარა ორსულად დამიტოვა. ვერ მოუარე ბავშს.

ლამაზი იყო.

ორსულობაშივე გაჰყვა ხელს.

მეხორცეები ესეოდნენ ჩემს ბინას, როგორც სასაკლაოს.

ერთ ყასაბს ვცემე, ჯოხი დავკარი სქელ მუცელზე. ისე მაგრად დავკარი, რომ ნაწლავების ანთება დაემართა.

ყველას ვეჩხუბებოდი, მაგრამ მოხუცი ვარ და სუსტი.

ჯერ მერიდებოდნენ, მერე ნახეს ჩემი უძლურობა. დამცინოდნენ, მახელებდენ. კლარამ ჩხუბი დამიწყო, შენ მე ვერ მაცხოვრებ, გამიტყდა ხასიათი.

დავიწყე მათხოვრობა.

ქუჩაში კლარას მამას მეძახოდენ.

კლარამ ოთახი მოაწყო, ელექტრონით გაანათა.

ბავში ეყოლა. ჯერ ერთი ჰყავდა საყვარელი, მერე მეორე. შემდეგ ყველა მისი საყვარელი იყო.

ერთი ოთახი გვაქვს. მე შვილმა ვერ გამაგდო. უყვარს მაინც მამა, ბავშს არავის ანდობს ჩემს გარდა.

როცა ღამე სტუმარი ყავს კლარას, მე დერეფანში ვწევარ, ვერ ვიძინებ. არ მძინავს. შვილი მაწუხებს. ჩემს ლოგინთან ოთახის ფანჯარაა.

ღამე კლარასთან სტუმრები მოდიან.

ვინ არიან სტუმრები, რა სჯულის, რა ხელობის?

ხშირად მესმის შვილის კვნესა, სიცილიც მესმის, მაგრამ ის სიცილი ტყუილია, ის სიცილი კლარას მოგონილია.

ერთხელ კლარა წავიდა. ჩემს ლოგინთან რომ ფანჯარაა, იქ შუშა ჩავტეხე ქვედა კუთხეში. გარეთ გამოვედი, ჩატეხილ კუთხიდან შევიხედე, მთელი ოთახი დავინახე. მაწუხებდა შვილი, ვერ ვითმენდი. როცა მთვრალი სტუმრები ატირებდენ კლარას, შუშის კუთხეში პატარა ჯოხს შევყოფდი, ფარდას ავწევდი ჯოხის წვერით და ყველაფერს ვხედავდი.

რამდენი მახინჯი კაცი დამინახავს კლარასთან დაწოლილი.

ერთხელ დალაქი მოვიდა, შავი, როგორც ნაგაზი, ზემო ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, ის ამხანაგი იყო კლარას ქმრის.

აწვალებდა ჩემ შვილს. თმებს უჭამდა, თვალებს უწოვდა, მერე ძუძუზე უკბინა. იკივლა შვილმა.

მე ყველაფერს ვხედავდი ფანჯრის კუთხიდან. სასთუმალთან ნაჯახი მქონდა. ვიყვირე. ლოგინზე ვყვიროდი… უშველეთ კლარას, უშველეთ კლარას… ვიძახოდი… ნაჯახი ავიღე… მაგრამ ხელში გამივარდა.

მე კაცის მოკვლა აღარ შემიძლია. კაცის მოკვლას ძალა უნდა. ნაგაზი გამოვარდა ოთახიდან… კლარას ხმა არ მესმოდა.

შევედი შვილთან.

ძუძუებზე სისხლი გადმოდიოდა, თვითონ გულწასული ეგდო, აყრო¬ლებული, მეორე კუთხეში ბავში კნაოდა. კლარას ტანზე მშრალი ადგილი არ იყო. სისხლი, ცრემლები, სიმყრალე.

დაუჩოქე ლოგინთან და შევევედრე: „შვილო, ნუ იღუპები, ახალგაზრდა ხარ, თავს უშველე. დედა ხარ, ბავშზე იფიქრე, მამა შეიცოდე“.

– „კარგი, კარგი, მამა!“ – მითხრა კლარამ. „დავანებებ თავს“. ძუძუ მოიბანა, იოდი დაიცხო. ბავშს გადახედა და დაიტანჯა, მე დავინახე, რომ დაიტანჯა.

ის დღე ჩემთვის ბედნიერი იყო.

საღამოს კლარამ დამიძახა ოთახში, ბავში თეთრად გამოაწყო, ფეხის გულებს უკოცნიდა.

– მამა, მე ვიმსახურებ. ბავშზე ვიფიქრებ. ყოველდღე წავიყვან ბაღში. ამას წინად ერთმა ნაცნობმა მითხრა, მალე ალექსანდრეს ბაღში ისევ ძველებურად გაყიდიან ფერად ბუშტებს, წითელს, მწვანეს და ცისფერს, ფერად ბუშტებს, მე რომ მიყვარდა ბავშობაში. ყოველ კვირას ვუყიდი ჩემ ბავშს ფერად ბუშტს. ლოგინს გაუწყობ, მიუბამ ლოგინთან, დილით გაიღვიძებს და გაეხარდება.

მე ცახცახი დავიწყე სიხარულით.

კბილები ამიკანკალდა ნეტარებით.

ერთი ახალი ხალათი მქონდა შენახული. ის ჩავიცვი. გავიკრიჭე და გავიპარსე. მაშინ მე მუხრანის ხიდთან ვმათხოვრობდი.

მეორე დღით ვერავინ მიცნო.

ერთი მეგობარი მყავდა, საპნის ქარხანა ჰქონდა ავლაბარში. ის ხშირად მაძლევდა ფულს. ხანდახან იმდენს, რომ სამი დღე მყოფნიდა.

იმ დილით რომ ჩამომიარა, გავაჩერე. მან იცოდა ჩემი უბე¬დურება. უამბე ჩემი სიხარული. არ გაუშვი. ვთხოვე ჩემთან წამოსვლა. შვილი გავაცანი. შვილიშვილს შუბლზე აკოცა. დაჯდა, კლარას დარიგება დაუწყო. აქებდა. მოეწონა, სამსახური თვითონ დაპირდა. ჩვენ მოვლას გვპირდებოდა. მე სიკვდილი დამავიწყდა. სიცოცხლე მინდოდა. სტუმარს ხელზე ვაკოცე. ეს იყო პირველი დღე ჩემი ნამდვილი ბედნიერებისა.

გავიდა ორი დღე.

ღამეობით არავინ მოდიოდა. სიმშვიდე და ნათელი დაბინავდა ჩვენს ოჯახში. მე გული ამიცრუვდა მათხოვრობაზე. ერთ საღამოს დამპატიჟეს ჩემმა ძველმა ამხანაგებმა, სახალხო ბანკის ფულის მთვლელებმა.

ყველას უხაროდა ჩემი გამოკეთება.

ღვინო ცოტა დავლიე. მაგრამ ამანთო და სახლში დავბრუნდი.

უკვე ჭიშკრიდან ფეხაკრეფით წავედი ოთახისკენ.

მეშინოდა სიმშვიდის დარღვევის. ძილი და სიჩუმე საჭირო იყო კლარასათვის. ოთახს მივუახლოვდი.

ელექტრონის სინათლემ გამაკვირვა.

შიშით მივედი ლოგინთან.

ოთახიდან ლაპარაკი მომესმა. შევიხედე შუშის ამოტეხილ კუთხეში. და სადღაც, სიღრმიდან, გულის სიღრმიდან, გავიგონე საკუ¬თარი კვნესა.

კლარას ისევე, როგორც ყასაბი, დალაქი, მიკიტანი აწვალებდა და ჰკოცნიდა ჩემი ძველი ნაცნობი, საპნის ქარხნის პატრონი.

ის მპირდებოდა გამთელებას, მან უარესად გაანადგურა ჩემი სული, სხეული, პატარა ოჯახი, ცხოვრება.

ლეშივით დავეგდე ლოგინზე.

იმ ღამეს ღრმად დამეძინა. აღარ მაწუხებდა შვილის ბედი, სიცოცხლე,   მომავალი.

ვიგრძენი დასასრული ჩემი ოცნების.

გამოირკვა ყველაფერი.

გათავდა.

მეორე დილით შევხედე კლარას.

მის სახეზე იყო ცბიერება, მწუხარებაც, მაგრამ ყველაზე უფრო მე დავინახე მის თვალებში სულის სამუდამო სიკვდილი.

არაფერი შველოდა კლარას, გათახსირდა.

რამდენჯერ დაიჭირეს. მთელი ღამეობით ეგდო მილიციაში.

მე ვიღრჩობოდი, არავინ შველიდა ბავშს.

წასვლა მინდოდა მოსკოვში. იქ, იმასთან, გაგონილი მქონდა მისი გულის სიკეთე ღარიბებისათვის, მივიდოდი, ვეტყოდი, „შვილი გყავს, გაგიზდია – მიშველე, მომეხმარე, წაიყვანე, მოუარე, შენია!“ – მაგრამ შორს იყო მოსკოვი – შორს!

ყველა მამა მეცოდება. ერთი მათხოვარი, ჩემი მეგობარი, ქართველია. რვა წლის ქალი ყავს. გიჟდება კლარას მაგალითით.

მისი შვილი მიაბარეს კამოს სასწავლებელში. ყოველ დღე აწუხებს სკოლის უფროსს ჩემი ამხანაგი: – „ბავში არ გამიფუჭოთ კლარასავით, თვალები არ აემღვრეს, კარგათ მოუარეთ, მეტი არაფერი გამაჩნია!“

ბატონო მწერალო, მე თუ წავიდე ამ ქვეყნიდან, მიხედეთ იმ მათხოვარს, ურჩიეთ, საცოდავია.

გათავდა კაჩერგას მონოლოგი.

მე თითქოს თეატრში ვიყავი და ვხედავდი საშინელ წარმოდგენას.

ოთახში რაღაც სიბნელე ჩამოდგა.

ლეონტი კაჩერგა სიკვდილის პირათ ამბობდა თავის ნაღველით დამუწუკებულ სიტყვებს.

პატარა ამბავის დასასრული

კლარას პატარა ბავშს მენინგიტი დაემართა.

ავადმყოფობამ შესცვალა დედა.

ერთი წუთით აღსდგა მკვდარი სული.

ეჩხუბებოდა მთვრალ სტუმრებს, კლარას რომ ესეოდნენ, ოთახში არავის უშვებდა.

ბავშს სიცხე ადნობდა.

ორი დღე ლოგინში უგონოდ იდვა.

კვნესოდა და ძიგძიგობდა, როგორც ბეღურას ბახალა.

პატარა ტუჩები გაებერა, თითქოს პატარა ტუჩები უნდა გამსკდარიყვენ. ისინი ჰგავდენ ტყუპად დალაგებულ პატარა, მსუქან წითელ ჭიებს.

ცხვირი გაყვითლდა და იყო მოელვარე, როგორც ქარვა.

მთელი სახე გაშრა სიცხისაგან.

თვალებს ვერ ახელდა, ხანდახან გაიხსნებოდენ შეკრული წამწამები და გამოჩნდებოდა თეთრი სინათლე, რაღაც მაგარი თეთრი სინათლე. როდესაც ბავშს თმა გაკრიჭეს, სახემ დაჰკარგა სილამაზე, სახე სულ შეწუხებული იყო.

წარბები ხან და ხან შეინძრეოდენ.

მარჯვენა წარბის კამარა ცხვირის სათავესთან ცოტათი შეტყობოდა და მაშინ ყველა გრძნობდა, რომ მწუხარე ბავში შველას ითხოვდა.

ყოველ წუთში იცვლებოდა შუბლზე ცივი ტილო.

კლარას შენახული ჰქონდა ორი ოქრო. დაახურდავა. ბავშს არაფერს აკლებდა. ექიმს ტირილით ევედრებოდა, გასწორებას ჰპირდებოდა…

საღამოს ბავშს სიცხემ უმატა.

შუაღამისას კლარას კარებს მოადგა ერთი საყვარელი ამხანაგით. კარები მაგრათ შეანგრია. კლარა კივილით მივარდა კარებს, სახეში ეცა საყვარელს, ჩამოჰპოტნა, მაგრამ მოსულები მთვრალები იყვენ. შევარდნენ ოთახში გონდაკარგულები, დედა მივარდა ბავშის ლოგინს ღრიალით: „მიშველე, მამა, ბავშს მოჰკიდე ხელი!

მამამ ჩაიკრა ბავში, კარებში გამოვარდა, ქუჩა აავსო ყვირილით. მთვრალები გაიქცენ.

კლარა იატაკზე ეგდო გულწასული.

ლეონტი კაჩერგას მიკრული ჰყავდა მკერდთან სახე დატანჯული, გაცივებული მკვდარი ბავში…

ცხედარი ბალიშზე დაასვენა, შვილი მოაბრუნა, ლოგინზე მიაწვინა.

ბალიშიდან აიღო შვილი-შვილის გაცივებული და გამხდარი ცხედარი. მუნჯივით ატირდა და მიუტანა დედას ბავში.

არაფერი თქვა, არც საყვედური, არც მწუხარება.

დედაც არ კიოდა, ბავშს თვალები დაუკოცნა:

„მამა! მალე ალექსანდრეს ბაღში კიდევ გაჰყიდიან ფერად ბუშტებს. მე ვერ ვიყიდი მათ!.. ვისთვის?..“

მეორე დილით ლეონტი კაჩერგამ მხარზე გაიდვა თეთრი კუბო. არც მღვდელი იყო, არც ბალდახინი. მამას უკან მისდევდა კლარა. სხვა არავინ. ავლაბრის სასაფლაოზე კაჩერგამ გათხარა მიწა და დამარხა იქ შვილი-შვილი, უკანასკნელი სიმდიდრე.

პირველ მაისს გავიარე იმ ქუჩით, სადაც ყოველთვის იდგა მათხოვარი ლეონტი კაჩერგა.

იმის ნაცვლად დამხვდა უცნობი მათხოვარი და გამაჩერა.

„მე თქვენ გიცნობთ, მე კაჩერგას მეგობარი ვარ. ჩემი შვილი კამოს სასწავლებელში სწავლობს. კაჩერგა მტკვარში გადავარდნილა და ბარათი დაუტოვებია თქვენთვის, ინებეთ, მე დღეიდან აქ დავდგები, უბედურის სამაგიეროთ“.

ბარათში ძლივს წავიკითხე: „ბატონო მწერალო, ჩემს ნაცვლად მიხედეთ ამ ბარათის მომტანს და მის ქალს.

თქვენი მადლიერი ლ. კაჩერგა“.

მივაშურე კაჩერგას ბინას, ოთახში არავინ იყო.

ეზოს ბოლოში, მტკვრის ნაპირას, მიწაზე იჯდა კლარა, მას ამშვიდებდა ვიღაც მსუქანი კაცი. ორ ნავზე იდგენ მებადურები და ჩანგლებს ისვრიდენ წყალში: გვამს ეძებდენ.

ქუჩები ხალხით იყო სავსე.

შორიდან მოისმოდა ორკესტრის საგმირო მარში.

სიცხე იდგა.

ციციანოვის დაღმართზე ქალაქისაკენ მოდიოდა წითელ წვერებიანი მალაკანი და მოჰქონდა წითელი, მწვანე და ცისფერი ბუშტები.