„მთვარეულები“ – Blue Horns

ავტორი : სერგო კლდიაშვილი

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ბახტრიონი

სტატიები, შემოქმედება

„მთვარეულები“

სანდრო ცირეკიძე. „კირჩხიბის“ გამოცემა

 

არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ პოეზიისთვისაა ძვირფასი და საყვარელი.

ასეთი წიგნები იმდენათ არიან დაწმენდილი, რომ ისინი ცოცხლობენ მხოლოდ მათ ხელში, ვინც მოშხამულია პოეზიით – სხვებისთვის ისე უჩინარი და გაუგებარია. შესაძლოა, ეს იყოს ყოველი  პოეტის უკანასკნელი სურვილი.

ასეთია სანდრო ცირეკიძის „მთვარეულები“. თერთმეტი მინიატურა და ერთი რომანი ავსებს წიგნს, რომლის გამოცემას ოსტატის ხელი ატყვია.

ცირეკიძე უკანასკნელი სიტყვაა ქართულ პროზაში. ქართული პროზისთვის ახალი გზა იწყება და ამის შემდეგ წარმოუდგენელია საქართველოში პროზა, რომელსაც არ ახასიათებდეს სიტყვის ყნოსვა და მათი გახელება. ეს ახასიათებს „მთვარეულების“ ავტორს. ყოველ სიტყვაში ხედავთ, რომ ცირეკიძე მკაცრი მსაჯულია მისი და ვიდრე წინადადება დასრულებულ სახეს მიიღებდეს, მას შემოქმედებითი ორგანიზაციის ლაბორატორია აქვს გავლილი.

ცირეკიძეს აქვს თავისი პრინციპები კომპოზიციის. სტრიქონები ჩქარა თავდება წერტილით. მაგრამ წინადადება დასრულებული და ნათელია. ყოველი სტრიქონი სინტეზია მრავალი წინადადების, რომელიც შეიძლებოდა დაწერილიყო. და მხოლოდ ამ სინტეზებს გვაჩვენებს ცირეკიძე.

ქუთაისი თავისი ნანგრევებით და სპლინით არის შორეული ფონი მინიატურების. მათი ნამდვილი ძალა არის სიქალწულე და ის სითბო, რომლითაც პოეტი ავსებს სტრიქონებს. ძნელია ამორჩევა მინიატურების. ყოველი მათგანი ღირსია ავტორის კეთილშობილი სახელის. წიგნში ცალკე სდგას „ლაია“. ეს მეორე პოლიუსია, ჯერ გაუშლელი, სანდრო ცირეკიძის შემოქმედებაში. ეს არის წარმართული სამყარო. „ლაიას“ სტრიქონები გამაძღარია მზით. ეს მინიატურა გასაოცარია ცირეკიძის შემოქმედებისათვის. ის თითქოს შემოჭრილია უეცარი შთაგონებით და ამიტომ ჯერჯერობით მარტო დარჩა.

„მთვარეულებმა“ დაგვანახა სამყარო ჯერ არავისგან ნახული. ცირეკიძის თვალმა სხვანაირათ დაინახა ის და თავისებურათ გადმოგვცა. ეს გამარჯვებაა ყოველი მხატვრის. ცხოვრება, საგნები, ნივთები, დანახული საკუთარი თვალით, ისე როგორც არავის სხვას, სავსებით ამართლებს ყოველ მხატვარს.

სხვა ბედნიერებასთან ერთად სანდრო ცირეკიძეს აქვს კიდევ ერთი. მის პატარა ტომებში „ლომისისეული“ კრიტიკოსები ვერ დაიწყებენ საზოგადოებრივ საკითხების ან მორალის ძებნას, მათთვის ცირეკიძე გაუგებარი იქნება, ხოლო პოეტებისათვის – ყოველთვის ახლო და ძვირფასი.

 

სერგო კლდიაშვილი