რა რიგათ მიყვარს, რომ იცოდე, შენი სახე! ის სარკეა ჩემი სულის… ჩემი გულის სიღრმეში შენი თვალები ინთება, ვით ორი დიდი მოკიაფე ვარსკვლავი ცაზედ, შემოდგომის ბნელ ღამეს.
შენი თითები თეთრია, ვით ღრუბლის ქულა, ვით ღრუბლის ქულა, რომელიც დასაძინებლათ მთის მწვერვალს ესტუმრება.
ფიქრი ჩემი მარხია შენ სულში.
შენი სული – ეს ხომ ლეგენდაა, შექმნილი ლეგენდა, რომლის დედა-აზრს ჩემსავით ვერავინ გაიგებს…
ნუ მომასმენ შენ ხმას – მე თვით შევქმნი მას და მოვისმენ…
ნუ დამანახებ შენს თვალებს – ისედაც ვხედავ მათ ყოველ ჟამს…
ნუ მოხვალ ჩემთან – ისედაც ვიგრძნობ შენს სიახლოვეს.
გეტყოდი ზღაპარს შენსავით მშვენიერს – მაგრამ შენ ხომ თვით ზღაპარი ხარ, ზღაპარი, რომელიც ჩემთ-ვის დაიბადა, რომელიც ჩემთვის არსებობს!..
შორსა ხარ ჩემგან, მაგრამ რათ მესმის ყოველთვის შენი ტკბილი საუბარი!
უხილავი ვიყავ – შენ გამიხილე თვალები.
ყრუ ვიყავ – მაგრამ შენმა ხმამ მომცა ძალი და გავიკურნე.
მშვენიერია ქვეყანა, რადგან შენ ხარ ქვეყანაში… ლამაზი არის ლოცვა მორწმუნეთა, რადგან ის მოაგავს ჩემს ლოცვას შენდამი…
მხოლოდ მიტომ ხარ შექმნილი, რომ შენით ყველაფერი შემიყვარდეს… კურთხეულ იყვეს მიწა, შემქმნელი შენი და დამტარებელი… კურთხეულ იქნეს სახე შენი და ბაგე საამურათ მოღიმარი…
შენი სული ეს ხომ თვით ლეგენდაა, შექმნილი ლეგენდა, რომლის დედა-აზრს ჩემსავით ვერვინ ჩაწვდება…
რა საქმე მაქვს მე მასთან, ჭეშმარიტებაა თუ არა ჩემი ლეგენდა?!
განა თითონ შენ სინამდვილე ხარ?
სერ. კლდიაშვილი