დავიბადე 1895 წ. სოფელ სიმონეთში ჩხარის რაიონში, მწერალ დავით კლდიაშვილის ოჯახში.
ვსწავლობდი ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, რისი დამთავრების შემდეგ გავემგზავრე მოსკოვს და შევედი იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1917 წელს.
პირველი ჩემი ნაწარმოები (პროზა) დაიბეჭდა 1911 წელს გაზ. „სინათლეში“. ამის შემდეგ ხშირად ვიბეჭდებოდი გაზეთებსა და ჟურნალებში: „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „სამშობლო“, „ლიტერატურა და ხელოვნება“, „დროშა“, „ქართული სიტყვა“, ჟურნ. „მნათობი“, „კომუნისტი“ (ქართულ ენაზე) და სხვ.
რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრში დაიდგა ჩემი შემდეგი პიესები: „შემოდგომის აზნაურები“, „გმირთა თაობა“, „გრაფის ქვრივი“, „უკანასკნელი რაინდი“, „დღესასწაული საკრეულაში“, „გლოვის დღე“, „შემოდგომის წვიმა~, `ირმის ხევი~.
ცალკე წიგნებად გამოსულია ჩვენი 8 წიგნი და ორი პიესა.
ჩემს მიერ დაბეჭდილია კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში.
რუსულ ენაზე გამოცემულია გამომცემლობა „ზარია ვოსტოკას“ მიერ ჩემი ნაწარმოებების ხუთი წიგნი.
1939 წელს ჩემი ლიტერატურული მუშაობისათვის დაჯილდოვებული ვიქენი „საპატიო ნიშნის ორდენით“.
სამამულო ომის პერიოდში გამოვიდა ჩემი პროზაული ნაწარმოები საბჭოთა ხალხის გმირულ ბრძოლებზე ფაშისტ დამპყრობელთა წინააღმდეგ. ამ წლებში დავწერე პიესა „ირმის ხევი“, სადაც ასახულია კავკასიის ხალხთა ბრძოლა ფაშისტების წინააღმდეგ, რომელიც დაიდგა აგრეთვე რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრში.
ამჟამად ვმუშაობ დიდ შრომაზე, სადაც ასახული იქნება სოფლის ცხოვრება სამამულო ომის პერიოდში და სხვ.
ს. დ. კლდიაშვილის ნაწარმოებთა სია:
- „სვანური მოთხრობები“, 1922 წ.
- „ლახუნდარელის თავგადასავალი“, 1929 წ.
- „პროვინციის მთვარე“, 1929.
- „ფერფლი“, 1931 წ.
- პიესების კრებული, 1948 წელს.
- ნოველების წიგნი, 1948 წ.
- „რთველი“, 1950 წ.
აგრეთვე დავწერე მოგონება დავით კლდიაშვილზე და მრავალი ნოველა და გაკეთებული მაქვს თარგმანები.
[1950 წლიდან]