ნაწილი პირველი
სარკე
Der Spiegel
მოქმედნი პირნი:
წინამძღვარი
ბერი
ტამალ
სარკის ადამიანი
პილიგრიმები
ადგილი მოქმედებისა: მონასტერი მთებში.
სცენა წარმოადგენს შენობას პიტალო გაუთლელ ქვების ნაფლეთე¬ბიდან. უკანა კედელი თითქმის მთლიანად შეიცავს ორ უზარმაზარ ფანჯრის ჩარჩოს. ჩარჩოებში იხედება მთის გრეხილი, დათოვლილ მწვერვალებით. მთელი სივრცე მოფარულია დახროვილ ქვებით. აქა–იქ სჩანან ჩინურ პაგოდების მსგავსი კოშკები, ძვირად მოსჩანს ჩამოძარცვული ხე. გვიანი დაისია. სენაკში მარჯვნით სდგას საწოლი, შუაში დაბალი სუფრა, მარცხნით დიდი ოთკუთხიანი საგანი, მჭიდროთ დაფარული.
შემოდიან მონასტრის წინამძღვარი და ტამალ.
წინამძღვარს სუფთად გაპარსულ თავის სარქველზე დატოვებული აქვს გრძელი თმა (ჩუბი), აცვია რუხი ანაფორა. წელზე ბაწრის ნაცვლად არტყია ფართო, ოქროთი მოქარგული ქამარი.
ტამალს მდიდრულად აცვია.
ჩვენთან იყავი, იცხოვრე სტუმრად!
ჩვენ აგისრულებთ ყველა სურვილებს,
მაღალ სიბრძნეს და მდუმარებას
ჩვენ შეგასწავლით, მოგმატებთ ძალას.
შენ თამამი ხარ შენს ძიებაში –
თუმცა გაკლია დავაჟკაცება.
ტამალ
მე მივატოვე ქალაქი სადაც
ერთნი – მეორეთ გლეჯენ – ლუნგები,
თითქოს ცხედრები – ხალხი ისე დაეხეტება,
სადაც ღამეთა ამღვრევას სცვლიან
მოსაღალავი, უფერო დღენი.
სადაც ფარულად ყველა თავის ვნების მტერია,
მოღუნული და უსისხლო ხალხი
მძიმედ და ჩლუნგათ სამარისკენ მიიბლანდება
და ეშინია ყველას სუნთქვა ძლიერის მკერდით.
ხმამ დაფარულმა ახლა თქვენთან გამომაგზავნა
თქვენს სიწმინდესთან, – და სიწმინდე შევიმცნე თქვენი.
ვნებიანათ.
ნუ უკუმაგდებ! ამაღლების მომეცი ნიჭი!
წინამძღვარი
შენ მოსვლის ღმერთის საფეხურთან გაქვს განა ნება,
როცა შენი გზა ჯერ გრძელი და გაუვლელია?
სულმოკლეთ გინდა უარყოფა დიდი ცდუნების
დაეშურება ნათელს შენთვის გამოუცნობსა!
ტამალ
რა გვაძლევს – შენის დარწმუნებით – ხსნისთვის უფლებას?
უძლურებაში არის ხსნა და უსრულობაში.
ჩემი არსება მაგალითად შეჩვენებაა.
ამაო არის ღმერთის ძებნა როდესაც სულით
ატარებ კეთილს და შეგნება გაქვს ამ კეთილის.
მაგრამ უძლური ხარ სიბილწე ჩამოიშორო.
მე გადავწყვიტე ჩამოვშორდე სამარადისოდ
გზას ცთომილების და სიცრუის. მეყოფა. კმარა!
ნუ ეტყვი უარს ჩემს ვედრებას და მდაბალ ლოცვას
და ამ უწმინდეს სავანეში მომეცი კუთხე.
მე ქვენა ვნებათ ჩავაქრობ ჩემში
და მე გავსწყვიტავ ჯაჭვებს ჩემი ხორციელობის.
მე მხოლოდ ერთი ნეტარება ახლა მწყურია
მოძღვარო ჩემო, სიწმინდე და სრულყოფა მინდა.
წინამძღვარი
შენ მართალი ხარ: სრულყოფისკენ გვიხმობს უფალი,
მაგრამ მან შექმნა დაცემა და ხორციელობა,
რომ ხორცშესხმულნი ჩვენ ვცხოვრობდეთ დაბრმავებაში
და სანამ ბრმანი ვართ გვჯეროდეს რომ ამაშია
ადამიანთა ცხოვრება და დანიშნულება.
ჩვენ ერთმა ბრძენმა ბრძენთა შორის გამოგვიცხადა:
რომ ღმერთი თავის ანგელოზებს გაეყრება და
მას შეიყვარებს ვინც იცხოვრა შეცოდებაში.
ტამალ
მე არ ვეკუთვნი ღვთისგან არჩეულთ –
მსურს დაცხრეს ჩემი ხორციელობა.
წინამძღვარი
შენ გინდა ძაღლი ჯაჭვით დააბა,
მაგრამ ძაღლს ბრაზი მოემატება.
ტამალ
ბოროტების და სიბილწის ამოსაგდებათ
თვითმკვლელობაა საშვალება საუკეთესო.
წინამძღვარი
შენ ბოროტებას გაამრავლებ მაგ საშვალებით
არა სიკვდილი არის ხსნა და გამოსავალი.
ტამალ
მამცნე მოძღვარო, რომელია გზა ცდუნებისა?
წინამძღვარი
. . . . . . . . . . . .
ტამალ
შენ მე სიცოცხლეს მირჩევ, მიბრძანებ,
შენ რომ ატარებ დღეებს მარხვაში,
და კვირეებით დადუმებული
ხარ უმოძრაო ვით გარდაცვლილი?!
წინამძღვარი
იმ სახიერმაც, ამ ქვეყანას რომ ეზიარა
და ხორცშესხმული სამუდამოთ ამაღლდა ცათა,
ფერისცვალების წინ იხილა სასახლის ბჭესთან
ერთი ცხედარი გახრწნილი და ამბოხებული.
ტამალ
იგი ცხედარი მეც მაქვს ხილული.
წინამძღვარი
უგნურო! განა მეცვალა ფერი?
შენ ნორჩი ხარ და შენი ბაგენი
როგორც სიტყვისთვის ისე საკოცნად
მუდამ, ყოველ წუთს მზადა არიან.
და ახლა ტვირთი განსაცდელისა
შენ გინდა უცბად ჩამოიშორო?
ჩვენ დაგვტრიალებს სხვაგვარი ბედი
ნებას არ გვაძლევს გზას გადუხვიოთ.
შენ გსურს ილტვოდე, შიშით მოცული,
მაგრამ სირბილი შენ სულ დაგღუპავს.
ტამალ
მოძღვარო ჩემო, რა გინდ გარისხდე
მე არ დავიხევ!
წინამძღვარი
შენ დაივიწყე და სთქვი უარი.
ტამალ
არ მაქვს კავშირი მე ქვეყანასთან.
წინამძღვარი
ახალგაზრდა ხარ?
ტამალ
ოცდაათი ძლივს შემისრულდა.
წინამძღვარი
კიდევ იფიქრე!
ტამალ
ვინც ეშურება თქვენს მონასტერში
გაქვს შენ უფლება წინ გადეღობო?
წინამძღვარი
უფლება რჩევის. აკრძალვის არა!
ნახოს სინათლე, ვისაც იგი სურს;
ასე სჯის ჩვენი წმინდა კანონი.
ტამალ
გთხოვ შენც კანონებს დაემორჩილო!
წინამძღვარი
უკანასკნელად მისმინე შვილო!
გამოუცნობი იდუმალება
მოიცავს იმას ვისაც ამბორით
და ჩემის ხელით მე შემოვიყვან
ამ მონასტერში როგორც ბერს წმინდას.
შვილო, თუ შენ ხარ დამდგარი გზაზე
სადაც სიტყვა და ჭეშმარიტება
არ არის ერთად შედუღებული
კიდევ დრო არის რომ გაგვეშორო.
ტამალ
არა მაქვს შიში, შენ ეს გჯეროდეს.
წინამძღვარი
მაშ მოთმინება გქონდეს ხვალამდის.
ტამალ
არა ეხლავე!
წინამძღვარი
გაფრთხილებ, შვილო!
ტამალ
გთხოვ შეასრულო წმინდა ადათი!
წინამძღვარი
დიდხანს ყოყმანობს, ჩასჩერებია ტამალს სახეში.
ტამალ
სდუმს, შეურხევლად.
წინამძღვარი
ამაღლებულ შთაგონებით, ამბობს შერიგების სიტყვას, შეეხება ტამალის შუბლს, სახეზე შეუბერავს სულს და ეამბორება.
აღკვეცილი ხარ – ხელშეხებით და სულით ძმაო.
ტამალ
მე შენ ამ წუთში დამიხსენი ქვეყნის ხელიდან!
წინამძღვარი
ჯერ შენ მიიღე წმინდა აღკვეცა…
ამ ამბორით კი ეზიარე იდუმალებას,
რომელიც იყო დაფარული შენს არსებაში
გადის.
მოეფარება თუ არა წინამძღვარი, გამოჩნდება კარებში ბერი. დიდხანს სდგას შეურხეველად და მდუმარედ. ერთ ხელში დოქი აქვს, მეორეში პატარა სანთელი (ჭრაქი), ხელზე გადაკიდებული აქვს ანაფორა. დოქს და სანთელს დადგამს იატაკზე, საწოლზე ანაფორას გადააფარებს.
ტამალ
რა გსურს, მამაო?
ბერი
შენთან ვიქნები მთელი ეს ღამე,
რომ გაგიწო მე სამსახური.
ტამალ
მიბრუნდება.
საშინელია. ცხედარს უგავს სახის ნაკვთები.
ხმამაღლა.
შენ მე მიმზადებ მგონია საწოლს!
ბერი
ხვალ შენ მსახურნი არ გეყოლება.
ტამალ
დოქი?
ბერი
ორიოდე ცვარს სტუმარს უგზავნის წინამძღვარი,
სანამ ჯერ კიდევ ხარ ახალგაზრდა.
ტამალ
ხვალ რა იქნება?
ბერი
ხვალ შენ იქნები არც უფროსი და არც უმცროსი.
აღარ იფიქრებ წყურვილზე და იმის მოკვლაზე.
ტამალ
ეგ რაღა არის ჩემს საწოლზე რომ აფენ ახლა?
ბერი
ეს არის რასაც ატარებს ყველა
თავისუფლად და მეტად მსუბუქად.
შენი სამოსი ანაფორა იქნება სულის,
რასაც ატარებ მას დასწვავენ ხვალ ადრიანად.
ტამალ
ამასთან ერთად დაიწვება წარსულიც ცეცხლში
და თავისუფლად სუნთქვის ნება გადმომეცემა.
მე ბავშვობიდან რომ ვარ ტანჯვას შეთვისებული.
მითხარი! თუ გაქვთ ტანსაცმელი უფრორე მკაცრი?
ბერი
მაღალ რჩეულებს, ვინაც შეგნებით
დრო მოსპო სრულად, ეწვია ბედი
ატაროს კაბათ ხმელი ბალახი.
ტამალ
ნუთუ ამ ბედზე მე მეტყვით უარს.
ბერი
ჩუმად ზომავას თვალებით.
ტამალ
თქვენი უფროსი არ ატარებს ასეთს ტანსაცმელს?
ბერი
რომელი?
ტამალ
ის წინამძღვარი.
ბერი
ის მდაბალია ჩვენზე ხარისხით.
ტამალ
მაგრამ ატარებს ის ოქროს ქამარს.
ბერი
მხოლოდ ნახევრად – მსახურს აქვს ძალი იქნეს ბატონი.
ტამალ
ის თქვენზე მდაბლად ატარებს ქამარს?
ბერი
ახალი შობით უმცროსია ის ყველა ჩვენზე.
მან გაარღვია მხოლოდ ახლა ცდუნების ალი,
მატარებელი არსებაში დარღვევის ნაშტთა
არჩეულია იგი ეხლა ჩვენ მეთაურად,
მეთაურობის ზრუნვა მხოლოდ მდაბალს ერგება.
კიდევ ოცნებობს იგი, კიდევ გაჰკივის ძილში. –
უფლების ქამარს მხოლოდ იგი უნდა ირტყამდეს.
და ბერები კი ჩამქრობელნი თავის ვნებათა
სცხოვრობენ ჩვენთან მათხოვარის წმინდა ცხოვრებით,
და იპოებენ (ცხოვრებასა) ჩუმი ღიმილით.
ტამალ
კიდევ პასუხი გთხოვ მომიგო ერთს შეკითხვაზე:
რატომ არ არის აქ ტაძარი არავითარი?
მხოლოდ აქა-იქ კლდეებში და დიდ ქვათა შორის
კოშკები სჩანან ნახევარად ჩამონგრეულნი,
და ცალიერი მიგდებული ეკლესიები.
აქ არ სწირავენ, აქ არ ისმის რეკა ზარების
და არსად მოსჩანს ქანდაკება წმინდა სახების,
მის გარეშემო არ ანთია სანთლების ცეცხლი
და ღვთის წინაშე არა სჭკნებიან
ყვავილთ კონები და გვირგვინები.
ბერი
მარადისობას ჩაბარდება ყოველი ღმერთი
აღთქმულ ვადაში. ეს გაიგო ჩვენმა კრებულმა.
ხევში, ტაძრებში, გაისმიან შეჩვენებანი,
და ხალხი ხელებამართული სასწაულისთვის,
ცახცახით უხმობს, ევედრება თავის ხვთაებას
მაგრამ გახრწნილობის სუნი მოდის ყოველ მხარიდან.
ტამალ
დადის კუთხიდან კუთხემდე და უცბად შეჩერდება.
რა საგანია აქ დაფარული?
ბერი
ამ წუთას მე შენ მას ვერ გაჩვენებ,
ღამე გაივლის და თვით იხილავ!
ტამალ
შეწუხებული.
მე აქ მომელის საშიშროება.
ბერი
დიახ მოგელის! მაგრამ მისმინე!
ტამალ
დავბადებულვარ მე მეორედ შეჩვენებისთვის!
ბერი
ეგეთი რწმენა შენ სტუმარო, ვით დაგებადა?
თუ განიცადე ყოველი უკვე?
ტამალ
მე? ჯერედ არა.
მაგრამ მოველი ეხლა თქვენს შორის მე ამაღლებას.
ბერი
შენ აღიკვეცე – აღსრულება შემდეგ იქნება.
ტამალ
კიდევ მსურს კითხვა! აქ რა იმალვის?
ბერი
შენს თქმულში ნახე მაგის პასუხი.
ტამალ
გარკვევით ბერო!
ბერი
მე სადარაჯოდ შენის ძილისა
აი იქ მოგიცდი მაღალ კიბეზე,
თუ გაგიჭირდეს მე დამიძახე
და მეც გავჩნდები. მომიხმე მხოლოდ!
…………………………………………………………
ორეული სარკიდან
მე კვდრებთან? არა. მე შენ მიხსენი!
ისევ აღმაფრენით ანთებული, გიჟურად ტრიალებს ოთახში.
თავისუფალი! თავისუფალი!
სივრცე და განი!
ხორცი! ხორცი!
ხელებით! თითები! ფეხები!
ახტომა! დახტომა!
ძილში – მარში!
ახტება როგორც მოცეკვავე, როგორც სიზმარეული ტრიალებს ჰაერში.
თავისუფალი! თავისუფალი!
სიხარული – ხორცი!
სიმართლე – ხორცი!
დაიჩოქებს ტამალის წინაშე.
შენ ხარ ჩემი მაცხოვარი!
შენ ხარ დიდი უდიდესი!
შენ ხარ მხოლოდ ჩემი მხსნელი
შენ ღვთაება გახდი ჩემი.
ტამალ
დაჩოქებული.
რა მომივიდა, რა დამემართა?
ვხედავ პლანეტებს გიჟურ ცეკვაში!
სდგებიან მზენი მირიადობით.
ბრუნავენ მზენი, ნათელი შუქნი
გამოჩნდებიან, სდგანან ღვარებათ.
იქნებ დავიწყე მე სხვა ცხოვრება?
დღე დასრულდა და სიკვდილი მოდის?
ნაპერწკალებით ამევსო თვალნი!
შემომეყარა იქნება გულსა!
თითქოს იღვიძებს.
ახ! დაჭრილი ვარ! ახ! დაჭრილი ვარ!
ორეული სარკიდან
დინჯათ.
დაჭრილი! სადა, სად მეგობარო?
შეუხსნის ტანსაცმელს.
ტამალ
სისხლი! ჭრილობა!
ორეული სარკიდან
დაჭრილი? არა, ჯანმრთელი ხარ ახლა სრულებით.
მკერდზე ყურს დაადებს.
არც სისხლი და არც იარა! გულიც – ბაგი-ბუგ!
ტამალ
წამოვარდება.
ეს ვინ არი?
ორეული სარკიდან
მე! მხოლოდ მე! ჯერ მე მხოლოდ!
ტამალ
შენ! მე სადა ვარ? მგონი განვლო საუკუნემ.
ორეული სარკიდან
ჩემო მხსნელო! ჩვენ ერთი ვართ, მე და შენ!
ტამალ
გესმის! ვინ ხარ?
მივარდება.
შენ! შენა ხარ ჩემი მტერი.
ორეული სარკიდან
შენი მტერი? მე? მტერი მე? მე, მე მტერი?
მომინახე ანგელოზი ცის სივრცეში,
რომელსაც შენ ჩემზე მეტად ეყვარები!
ანგელოზებს კი კავშირი აქვთ შეკრული
შენს სავნებლად.
და მხოლოდ მე,
ერთგული ვარ და გარიდებ ანგელოზებს
ვუთვალთვალებ მე მათ ყოველ მოძრაობას
მე ვარ შენი ძაღლი, ცხენი, კვერთხი შენი!
შენ რომ მოკვდე – მეც ჩამოვალ სამარეში,
სიყვარული კუბომდის და სამუდამოდ!
ტამალ
ო! რა მესმის! შენ ჩემი ხარ…
ორეული სარკიდან
დიახ, ჩუმად. სსს…
მე – ვარ ჩემი მე! საზღვარი ჩემი თავის.
მე არც ის ვარ, არც ეს, არც სხვა, არც არავინ
და შენც ხედავ მაქვს უფლება ვიამაყო,
ჩემი გვამი ავსილია და თან სუფთა.
ეფერება საკუთარ თავს.
რა კარგია დაბრუნება სიბნელიდან
(სამ საზომის) უსაყვარლეს სამეფოში.
დაეცემა მიწაზე.
ჩემი შვება არის მხოლოდ შენი ბრალი
მე აქამდის სულ ვწვალობდი დაჯარული.
ასე ცეცხლში ურჯულო არ დატანჯულა
და არც გმირი ცოდვის ჯვარზე გასალტული.
შენ მიშველე ჩემო კარგო, ჩემო ნაზო!
მე მსურს შევსვა ეს სივრცე და ეს ჰაერი
უფრო ვიდრე ტყვემ ციხიდან რომ გაიქცა.
დაიწყებს ისევ ცეკვას.
ტამალ
შენ თუ შენ ხარ – ეგრე რატომ მაიმუნობ,
რად ჩაგიცვამს შენც ჩემსავით.
ორეული სარკიდან
ჩემო კარგო, განა მარტო სიამისთვის?
წაიშლება ალბათ შენი პიროვნებაც,
თუ ქალებმა, ტენორებმა, სულელებმა
წლიდან წლამდის შენ გიცქირეს უსირცხვილოდ
და ბოლოს კი მიეჩვევი ყოველივეს
და იქნები ბინძური ვით მღვრიე წყალი;
ტკბილ ცომივით გაფუვდება შენი სახე.
უცბად შეტრიალდება.
საამო ვარ მე მგონია წინ და უკან.
ტამალ
რა გსურს ჩემგან გაიძვერა? შარლატანო.
ორეული სარკიდან
მხოლოდ ისა, ჩემო ღმერთო, რაც შენა გსურს
და ამ სურვილს მხოლოდ მე თუ გავამჟღავნებ,
თუ გინდ ვიყო შენთვის სამჯერ გაიძვერა.
ტამალ
მე რა მინდა?
ორეული სარკიდან
თვით არ იცი.
შენ მიყვები სიზმრებს როგორც ყველა მგზავრი,
მე ვარ შუქი შენს თვალებს რომ გაანათებს,
მე ვინახავ ბეჭედს შენი სიმართლისას.
ტამალ
ჩემი სიმართლე ის არის
რომ გავურბი ნაკლსა ჩემსას.
ორეული სარკიდან
ოი ცრუო! საგანგებო კაცთა შორის
მოიტყუე კიდევ ერთხელ საცოდავად.
ტამალ
მოვიტყუე?
ორეული სარკიდან
თვით სარკეც კი შეიღუნა ამ ჩარჩოში
ააშფოთა თვით სარკეც კი შენმა სიტყვამ.
ტამალ
როგორ? რაო?
ორეული სარკიდან
დიახ! დიახ! შენ იყავი რომ კვნესოდი:
„ჩემი შუბლი და კბილები საზიზღარი“
ბედნიერო! ჯერ ერთი რომ ლამაზი ხარ
და მეორეც კმაყოფილი შენი თავის.
ტამალ
მართალს ამბობ.
ორეული სარკიდან
შემდეგ, გინდა ვითომ ყველას დაანახო,
რომ ქალებთან აღარ გინდა შენ კავშირი.
მაგრამ ქალი შენ უარით რომ შემოგხვდეს
იმ წუთშივე გაიღვიძებს შენში მხეცი.
რომელსაც აქ…
ტამალ
სთქვი! კიდევ რა?
ორეული სარკიდან
ახლა შენი მეგობრები? ო, ასკეტო!
მათ სიყალბეს შენ გულგრილად ეკიდები?
არ ოცნებობ, რომ ხანდახან მოწყენის დროს
შენს წინაშე გაენარცხონ მეგობრები.
ტამალ
რა გსურს ჩემგან?
ორეული სარკიდან
შენ გჯეროდეს შენი თავის!
ტამალ
მე გავურბი სისუსტეს და უსახობას.
ორეული სარკიდან
შენ გაურბი შენს დიდებას
და ნახულობ ცოდვას მასში.
ტამალ
მე არა ვარ დიდებული.
ორეული სარკიდან
თავმდაბლობა ნიშანია არჩეულის.
ტამალ
ო! ვიქმნე მე დიდებული!
ორეული სარკიდან
არა ნუ სწუხარ.
ხარ არჩეული რომ ერი იხსნა.
არისტოტელის ვარსკვლავი ლოცავს
შენ დაბადებას
ვარსკვლავი ქვეყნად ანანტოსი რომ მოიყვანა
მისი სჯეროდა თვითონ კონაუცის,
ის უნათებდა გვირგვინს ძლიერსა
დაუმარცხებელ მონღოლების ხანს.
იგი უნათებს არჩეულებს და დიდებულთა
ეს იყო თქვენთვის გოროსკოპი ჩემო ბატონო.
შენ სდუმხარ? უნდა დაიჯერო რიცხვი ვარსკვლავთა
ფარულმა აზრმა შენის ბუნების
მხოლოდ ახლახან იჩინა თავი
ბეჭედისა და სიმბოლოს სახით:
შენ ახლა თვითონ გამოიცანი.
ტამალ
………….
ორეული სარკიდან
შენ გსურდა ჩემი მოკვლა, მაგრამ მომეცი შვება.
ტამალ
მე მქონდა ძალა?
ორეული სარკიდან
შენ მხოლოდ. ღმერთი ხარ შენ.
შენში ცხოვრობს ფარულად
და უხილავად სული,
რომელიც სწყვეტს და სტეხავს
სივრცეთა მაგარ ჯაჭვებს.
დიახ, ფრინველთ და ვარდებს
ესმით სხივფენა შენი.
რაც ქვეყნად ცხოვრობს, ელის
მხოლოდ შეხებას შენსას.
შენ კი არ იცი შენში
თეთრი მაგიის ძალა.
ყველა მოგვობას იგი
აჯობებს თავის ძალით.
ტამალ
შენ მართალი ხარ. მე მაგონდება
რომ ხშირად ღამე მე ვგრძნობდი ძალას,
როდესაც ვწერდი ან ვმუშაობდი
ჩხვლეტას ფეხის ან ხელის კანისას,
თითქოს მივლიდა მე ტანში ტოკი
გარშემო იყო რაღაც ბწკრიალი,
ჩრდილში საგნები იწყებდენ რხევას
და მე მივლიდა ფარული შიში.
ორეული სარკიდან
შენ შეიმცნე შენში მადლი!
შენს მეგობრებს ერგოთ წილად.
…………………………………………………
პაოლო იაშვილი
1920-იანი წლები