ქ. მოსკოვი, 27 იანვარი, 917 წ.
ჩემო სოსო! შენი წერილი ჟურნალ “ლეილა”-თი მივიღე. პასუხის დაგვიანების მიზეზი სხვათაშორისით ისიც არი, რომ მინდოდა დიდი წერილი მომეწერა. მე შენზე პირველად არ ვფიქრობ, დიდი ხანია თვალს ათამაშებდა შენი ლექსები. მე მინდა გამოვჭრა ერთი “მედალიონი” შენი პოეტური სახის. ამისათვის საჭიროა სიყვარული. ის, რაც სიყვარულით არ იწერება, ღირსი არ არის კითხვის, ეს წერილი თითქმის მზა არი. მე მინდა მისი შელამაზება. ტყუილად გონია, რომ მე გულწრფელი არ ვიყო, მე შენზე არაფერი მითქვამს ისეთი, რომელიც შენ გამცირებდეს. მე შენი გვირგვინი მწამს, იგი უსათუოდ დაგრჩება. მე გულწრფელი ვიყავი, მაშინ როცა შანშიაშვილი პოეტად მწამდა და გულწრფელად ეხლა ჩემთვის ის მარტო ლეშია. მე არ ვმალავ, რომ ყოველი წელიწადი ჩემში ცვლის გემოს, არც იმას, რომ ერთხელ სამარცხვინო ლექსებს ვწერდი. ჩვენში კულტურა ძალიან მძიმედ მოდის და გვიანი მოსვლა მაინც სჯობია. შენ ამბობ, რომ უფრო გრძნობა გწამს, ვინემ გონება. რასაკვირველია, პოეტი გრძნობაა, მაგრამ გონება ძალიან საჭიროა, შენ, რომ გონება გწამს, იმ წერილიდანვე სჩანს. შენ თვითონ შეამჩნიე შენი დამსახურება პოეზიაში, რომ პირველად აამღერე “ჭორფლი”, “ქინძისთავი” და “ფეხები”. რასაკვირველია, ის ნაბადი, რომელზედაც შენ ლაპარაკობ, შენამდიც იყო გათელილი ძველი ქართველი პოეტებისგან, მაგრამ ის უკვე შეცვალეს რუსულ ფარაჯად, შენ ხელმეორედ გათელე და ვერავინ ვერ იტყვის იმას, ეს ნაკლები დამსახურება იყოს. ამის გარდა, ბევრი აღნიშნავს, როგორც დროის განსხვავებას, ისე პოეტური ტემპერამენტისას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ყური დიდხანს იყო “დამშეული კარგი ლექსის მოსმენითა” შენამდი. მე და ჩემი მეგობრები ამას არც დავმალავთ და ბევრჯერაც ვიტყვით. დღეს ჩვენში ბევრი გაუგებრობაა. გაუწითლებლად იწერებიან წერილები პოეზიაზე იმ ხალხისგან, რომელნიც ლექსებზე არასოდეს არ დაფიქრებულან და არც უტირიათ. აი, აბაშელზე. არსად ისე არ სცივა, როგორც ამ “მზის პოეზიის” “მზის სიცილში”, მაგრამ ეს თითქო არაფერია. ლექსების ოსტატად მიაჩნიათ, როცა აი თუნდ შენგან დაბეჭდილ უკანასკნელ ლექსში ამნაირი რითმებია: “დაკიოდა”, “სცვიოდა”, “ეურჩებოდა”, “რჩებოდა”. ასეა აჭრელებული მთელი წიგნი. ეხლა ვინ არ იცის, რომ ზმნის რითმები ზმნაზე – მაჩვენებელია ჩამორჩენის და უიაფესი საშუალება და განა მარტო ეს?..
მე საკმაოდ მიყვარს ლექსი და ბოლოს საკმაოდ ვიცი, რომ არ ვაფასებდე და არ ვიცოდე შენი ფასი, მე მგონია, ამაში დაგაჯერებ.
დაბოლოს, ყველა პოეტი მიხვდება, რომ პოეზია პოეტებისათვის არი მარტო და უმრავლესობას და მათ ბრბოს, რომელიც ჩვენში ეხლა იზრდება, უნდა ქართულ ოლომპზე “კოპერაციის დუქანი” გააღოს.
შენი “ლეილა” ძალიან მომწონს. “სპარსეთის დედოფალი” დიდებულია: პირველი და უკანასკნელი სტანსები განსაკუთრებით. ჩემი რჩევაა, ნუ გაიაფებ თანამშრომლებს, ეს საჭიროა ხელოვნებისთვის და პოეზიისთვის. ჩვენში ბევრი მომზადების დროს ბეჭდვაში გადის და ლექსზე არ მუშაობს, ეს ცუდია, როგორც მისი კარიერისთვის, ისე ქართული პოეზიისთვის, რადგან სიმრავლე ხანდისხან იწვევს გადაფასებას და სახელს უფუჭებს დიდ პოეტებსაც. ჩემთვის საინტერესოა შენი რედაქტორობა, “ლეილას” ცალკე წერილშიც შევეხები. აქ მზადდება რუსული კრებული ქართველი პოეტების თარგმანის ცნობილ რუს სიმვოლისტ პოეტებისგან, შენ იქნები წარმოდგენილი შიგ ღირსეულად, ლექსებს მე ავარჩევ. თუ შენ გაინტერესებდეს, რომელიმე შენი ლექსი განსაკუთრებით, მაშინ მომწერე. ჩემ არჩევანში მე მაინც უცხო ვარ და შენი შენ უფრო იცი.
წავიკითხე “ყანწების” საღამოზე, ტფილისში რომ იმართება, ძალიან მაინტერესებს. რაც უნდა იყოს, მე მჯერა, რომ შენ არ შეშინდები და ჩვენთან იქნები, ამას გავალებს პოეზია. ჩვენ ბრბო ვერ შეგვაშინებს და ერთხელაც არი მიხვდება, ხელოვნება გვიყვარს და საქართველოც.
აქ არი ერთი იაპონელი პოეტი, ბალმონტთან გავიცანი, ძალიან აინტერესებს ქართული პოეზია: რუსთაველი და შემდეგ ახალი, რადგან თვითონ სიმვოლისტია. მალე შეიძლება იაპონური წიგნი ვნახოთ ქართულ პოეზიაზე… ძალიან საინტერესოა. გაზაფხულზე ის ჩამოვა საქართველოში, თუ მე ვერ გავთავისუფლდი, თქვენ გევალებათ ტფილისში მიიღოთ ქართულად და გამოიყენოთ.
მომწერე “ლეილას” შემდეგი პლანები და მომავალი.
თუ საჭირო ვიქნე გამომიყენე.
ჩემი მისამართი: Москва, Поварская, Борисошебскiй, д 13, кв 3.
P.S. კომპლიმენტისათვის ძალიან გმადლობ, თუმცა ერთს შენგან დასახელებულ სამებაში ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, ის ზედმეტია ქართული ხელოვნებისთვის…
არც ასე გვიან რაფიელ ერისთავისკენ უშვებდა ახალ პოეტებს, დღეს გამოცვლილა პარიკმახერის პუდრით, მაგრამ გემო მაინც ძველია…
P.S. თუ საინტერესო წიგნი იყოს რამე ახალი ტფილისში, ან გამომიგზავნე, ან მომწერე, ვალს გადავიხდი, მაქვს თუ არა: “Персидскიе лирики” _ რუსული თარგმანი სპარსელ პოეტების საინტერესო წიგნია, ან А. Кремскიй-ს “Исторიя Персидской Литературы”. ეს შენთვის საჭიროა საჲათნოვას გამო. თუ არა, მე გამოგიგზავნი, უკანასკნელი მაინც ტფილისში არ იქნება.
მიგულე მეგობრად და შენ პოეზიის მოყვარულად.
შენი ტიციან ტაბიძე
უფრო ლირიკული წერილი შემდეგ.
ტიციან ტაბიძის წერილი იოსებ გრიშაშვილს, 24 იანვარი, 1917 წელი