ავტოპორტრეტი
უალდის პროფილი… ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თეთნულდი ინфანტა.
ღლიავის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.
მასსენეს ელოდენ დათლილი თითები,
ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები.
სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,
ძვირფასათ ვირთვები ლექსების ხსენებით.
აზიურ ხალათში – ფაშა ეфენდი,
ვოცნებობ ბაღდადზე – მოღლილი დენდი.
ვფურცლავ მალარმეს „დივაგატიონ“-ს.
იყავი, რაც გინდა, შავი, საცოდავი.
ცხოვრებავ, ხელში მაქვს შენი სადავე,
რომ ჯოჯოხეთი სამოთხეთ გაქციო.
ტიციან ტაბიძე
ნოემბერი, 1916
მოსკოვი