ჩამოვკარ ჩონგურს… – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1910

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჩამოვკარ ჩონგურს…

* * *

ჰოი, ჩანგურო, ნეტავი ოდეს

ხმა მხიარული შენგნით მსმენოდეს!

                                              . ბარათაშვილი

 

ჩამოვკარ ჩანგურს… ათრთოლდა სიმი,

სამგლოვიარო გაისმა ჰანგი.

ოჰ, ტურფავ! სწორედ შენმა ცრემლებმა

მოაჯადოვეს ეს ჩემი ჩანგი.

ახლა სადა ხარ, რომელსა მხარეს,

ნუგეშს რად არ მცემ ტანჯულს, მწუხარეს,

და, ნუ თუ მართლა სიცოცხლითვე მკვდარს,

მარტოდ მისტუმრებ შავ-ბნელ სამარეს?..

ვრცელი უდაბნო… ცრემლის ხეობა…

ვდგევარ, მიკვნესის ობოლი სული,

გულს კაეშანმა დაისადგურა,

ჩანგიც ქვითინებს აცრემლებული.

ხარობს ბუნება, გალაღებული,

ცის კაბადონზე მთვარე კაშკაშებს,

ვარსკვლავთა ხომლი ნელად ციმციმებს,

მე-კი წყვდიადი მიბურავს თვალებს.

მარტოდ-მარტო ვარ, შენზე მლოცველი,

ჩემ წინ განრთხმულა შავი სამარე,

და მოკლულ გულის მწარე ჩივილსა

კვნესით ბანს აძლევს სამშობლო მხარე!