შავი ღამეა, ცა გლოვობს,
ძაძა მოუსხამთ მაღალ მთებს,
ჭმუნვით მტირალი გრიგალი
დაჭრილ მხეცივით ღრიალებს.
ხან ფანჯრებს მოუკაკუნებს,
ხან მწარე ქვითინს მოჰყვება:
„მამა, მამილო! მითხარი,
სად არის ნეტავ დედაო?
მახსოვს, პატარას, როს ქარი
ქვითინსა დაიწყებდაო,
მე შიშით ვთრთოდი, ვტიროდი,
მანუგეშებდა დედაო.
და ეხლაც მახსოვს ის ნანა,
ის დედის ტკბილი ხმებიო…
მამა! სად არის დედილო,
მითხარი, გენაცვლებიო?“
ჩაჰკითხავს ბავშვი მამასა,
და როცა პასუხს მიიღებს,
თავს ჩაჰყოფს ბავშვი ქვითინით
და ქარი მწარედ ბანს აძლევს.