1
ავსცილდი საზღვარს… ავსცდი სევდის მთებს,
შვების მგოსანი ვენდე ჟამის ფრთებს…
ზეცად მიმაფრენს დღეს აღმაფრენა,
სულს დაობლებულს ეწვია ლხენა.
მე მზის შვილი ვარ სოფლად მოსული,
მე მზეს უმღერი ქებათა ქებას.
აღარ მოკვდება უკვდავი სული,
სანამ ტყვედა ჰყავს მშვენიერებას…
ცეცხლი მიმღერის… გესმისთ თქვენ ნანა?..
– იყავ დემონი, იყავ სატანა!..
2
რაც შენდებოდა, ხომ დაინგრევა!
უძლეველია ძალა რღვევისა.
ნაღველი საფლავს ისევ ემთხვევა,
უფსკრულს აშინებს ხმა, ხმა ზღვევისა.
შორს ჩემგან სევდა, შორს ჩემგან ცრემლი,
წყვდიადში გაჰქრეს ურვა-ნაღველი!..
შვების მგოსანმა ცრემლი არ იცის,
მხოლოდ მზისა წილ მსხვერპლათ დაიწვის.
ცეცხლი მიმღერის… გესმისთ თქვენ ნანა?
– იყავ დემონი, იყავ სატანა!..
3
არ შემიბრალა, ცეცხლში ვიწვოდი,
ვეფიცებოდი ტყვილად სიყვარულს,
დავადე გრძნობას საფლავის ლოდი,
დღეს სხვა ცეცხლი სწვავს გულსა აგზნებულს,
აღარ არსებობს ჩემთვის საზღვარი,
შვების სიმღერას რა შეედაროს!..
საგაზაფხულოდ მოვმართე ქნარი,
რღვევის ჰიმნს ვეტყვი ეხლა სამყაროს,
ცეცხლი მიმღერის… გესმისთ თქვენ ნანა?
– იყავ დემონი, იყავ სატანა!..