გაზაფხულია, ხარობს ბუნება!
ფრთას შლის სილაღე… ვიშ, აღტაცება!..
სულისა სარკევ! წამომყევ, წამო!
იქ მზეა მეფეთ… ხარობს მიდამო!..
ზეცას ჩამოვხსნი სხივთა პირბადეს!
გვირგვინს დაგიწნავ, ვნებით ამოვქსოვ.
მე მსურს, მიყვარდეს… მე მსურს, მიყვარდეს!
ტანჯვის ფიალას შევსვამ, ამოვსწოვ…
მე მსურს, მიყვარდეს… მე მსურს, მიყვარდეს!..
სულს ეღიმება შორს უკვდავება –
გზა ცხოვრებისა უნდა გათავდეს!..
მარადისობას შეუერთდება!
სახემიხდილი –
მოკვდა სიკვდილი,
სულს ჩამოშორდა კაეშნის ბადე…
წამომყევ, წამო!..
ხარობს მიდამო!..
მიეყრდნე ჩემს მკერდს! მე მსურს, მიყვარდე!