ჩავიდა მთვარე… ჩაჰყვნენ ვარსკვლავნი,
ძაძა მოესხათ მთისა მწერვალებს.
ბნელა გარშემო… სული მჭვუნვარებს,
დასწყდა სიმები, ჩანგიც მდუმარებს.
კიდითი კიდე, ვით რიდე გლოვის
მეფობს დუმილი, გულის დამწველი;
გარინდებულა არე მწუხარე,
ჯოჯოხეთშიაც სდუმს ბელზებელი.
ნაძვი მაღალი, ცად ატყორცნილი,
აღარ ინძრევა… აღარ ქანაობს,
შავი ფიქრებით გარემოცული
იზნიქება და წაქცევას ლამობს.
მტკვარი დუდუნით ტალღებს აგორებს,
გულ-ჩათხრობილი ჰგოდებს, ვალალებს,
დასტირის „ჩანგსა ქართლოსის მსხვრეულს“,
მხარეს უმწეოს, გავერანებულს.
ეს ჟამი არის – ჟამი გლოვისა,
მდელოს ცრემლით რწყავს, მოსთქვამს მგოსანი,
ჰსურს, მდუღარ ცრემლით გამოიტიროს
სოფლის ვაება და კაეშანი.