მე მაგონდება არაბეთი: ქალაქი ღაზო.
წმიდა მეჩეთი, შადრევანი და მინარეტი.
სადაც ჩადრებში დადიოდა ლეილა ნაზო
და მუეძინი გვეძახოდა მოხრილ მთვარეთი.
გაგიჟებული ვარ ყაისის გამოცხადებით.
მისი სულია ჩემ სხეულში – თითქოს, აზიზი.
საუკუნეებს შევუერთდი ხიდის გადებით
და ლეილასთვის გადავშალე სხვა ოაზისი.
მახსოვს: უდაბნო, მათხოვრობა და სიყვარული,
რუხი აქლემი ტახტრევანით, შემდეგ ემირი.
ქაოსში რაღაც მაგონდება, უცხო ქარული,
თითქოს სიზმარი შორეული და ეფემერი.
მე მის კუბოსთან მივიცვალე უჩვევ წვალებით.
ერთად დაგვმარხეს. უფსკრულები თავზე დამეცა.
გავიდა ხანი. ჩვენ აღვსდექით ფერისცვალებით.
ისევ მოვნახეთ ერთმანეთი და დედამიწა.
ო, ჩვენი ტრფობის რა კარგია მხარე ყოფილი,
მისკენ ჰაერში დავიდევით გზა და ბინები,
საფრენად გვაძლევს წამოსასხამს მეფისტოფელი
და გაკვირვებით შეგვცქერიან ბედუინები.