ჩვენ დავივიწყეთ ერთმანეთი სიამაყიდან.
სურნელი ტანით შენ ეგვიპტურს ჰგავდი კინამოს.
არ ვიცი, გულმა ჩემთვის ტრფობა რად არ გაყიდა,
მგოსნის ხელებმაც აწ ხელები ვერ დაგინამოს.
შურისძიებას შებრუნებულს მივმართე სასტიკს:
სიამპარტავნით შენ პირველად ჩემთან მოგიყვან.
შენს ნორჩ ხერხემალს ჩემი ლექსით მოვღუნავ დრასტიკს,
გადაგავიწყებ ყოველივეს, რაც სხვამ მოგიყვა.
შენში ლეილა გავაცოცხლე ძვირფას მხარიდან.
ხარ მისი ტყუპი, მზის ლეილა შენი ღვიძლია.
მივმართე ნიღაბს: ამოვედი ძველ სამარიდან,
რადგან უშენოდ მე სიკვდილიც არ შემიძლია.
ამ გაორებამ გულს ტრფიალი ვერ გადუქარა.
შენს გაგიჟებულ მოთაყვანეს ვერსად უქრები.
ო, გეშინოდეს! მე მოვდივარ, მომაქვს მუქარა.
ო, გეშინოდეს, უკვდავებას მე გემუქრები!