ქარაგმები – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : „თეატრი და ცხოვრება“, №41 

პოეზია, შემოქმედება

ქარაგმები

  1. ბრძოლა

ცეცხლის დელგმაში სპათა ლანდები,

ზღვის ტაფობიდან ტყვია თქეშური,

ღრუბლის სრბოლაში შხამ-ქამანდები,

ომის ტრფობიდან მომფეთქე შური!

ბრძოლა სხვა ხელის იარაღებით

ზის ამ ორ ძალად ჩაუქ ჰუნეზე,

სისხლის სახელის იარს აღებით –

მზის ამორძალად საუკუნეზე!

  1. გარდაქმნა

ძველის დაქცევა უახლობაში,

ქარაშოტული უგზოდ ყიალი,

გველის გაქცევა ყრუ სახლობაში

და ბოროტული ორომტრიალი.

ტანჯვის რვეული წითლად ფარჩული,

ძნელ გასაჭირზე ზანტი მთქნარება,

ბოლოს რკვეული სახის სარჩული, –

სიკვდილის პირზე ზღვის დაწყნარება!

  1. განსვენება

ნელის შენებით კოშკი მთვარული,

ზეხელოვნების ბრილიანტობა,

მშვიდ განსვენებით მძლე სიყვარული

და გემოვნების ანდამატობა.

ქვეყნად მყარდება აუხდენელი, –

მზემ განცხრომაში მოქარგა შვება

მაგრამ… მზარდება აუცდენელი –

დღეს გაწყრომაში სულის გაშვება!..

  1. კითხვები

ეს იყო ყველა? ვინ გვეძახოდა

გამოღმა ხევით გაღმა ყოფილებს?

ვინც გვამეტყველა, რას გვეზრახოდა –

სულს ამ ნახევით აკმაყოფილებს?!.

ნუ თუ ღმერთია სიბრძნის ვარდებში,

რომ შეგვიყვარდა ყოვლის მჩრდილავი?..

ნუ თუ ერთია კიდევ ვარდებში, –

მზე ხილულს გარდა – მზე უხილავი?!.