- ქარსიცხე ქუთაისში
იხრჩობა ქარში ქუთაისი ნაფორიაქი,
ფრთამარდ ეოლის ჭიხვინებენ გიჟი მერნები.
შეშლილმა ღამემ შეისუნთქა თითქოს თრიაქი.
იხრჩობა ქარში ქუთაისი ნაფორიაქი.
დაჯდა ლაჟვარდის დომინოზე მთვარე იაქი,
მობანგა ხაშმით საროსკიპო და ტავერნები.
იხრჩობა ქარში ქუთაისი ნაფორიაქი.
ფრთამარდ ეოლის ჭიხვინებენ გიჟი მერნები!
- სურნელი თოვა
თეთრ ყვავილებით ფანჯარასთან ფშვინვნენ ტყემლები
და ნაზი თოვლი იფანტება ქროლვის მორჩილი.
სხვა ხეთა გუნდებს წინ უსწრებენ, ვით ერკემლები,
თეთრ ყვავილებით ფანჯარასთან ფშვინვენ ტყემლები.
სურნელ თოვაში დაიფარეს მჭლე ხერხემლები.
მათი ლაშქარი აპრილს შეხვდა მკერდანორჩილი.
თეთრ ყვავილებით ფანჯარასთან ფშვინვენ ტყემლები
და ნაზი თოვლი იფანტება ქროლვის მორჩილი.
- ვით ეს სტრიქონი
ვით ეს სტრიქონი, ჩემი სევდაც წავა და მოვა,
ისევ საზანდარს ატირებენ მგოსნის თითები,
შეწყდება ლექსთა მარულაში რითმების თოვა,
ვით ეს სტრიქონი, ჩემი სევდაც წავა და მოვა
და როგორც ბურთი ბილიარდზე, ტკბილ დღეთა გროვა
გადირეკება ცის ღუზაში ნაჯირითები.
ვით ეს სტრიქონი, ჩემი სევდაც წავა და მოვა,
ისევ საზანდარს ატირებენ მგოსნის თითები.