პოლ ვერლენს – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1922 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

პოლ ვერლენს

შენმა გენიამ ცრემლით მოგემა

სისხლნაკლულევან პარიზის ვნება.

შენი სამეფო იყო ბოჰემა

და შენთვის ქრისტე ციხეში ჩნდება.

 

ო, შენი სული წმინდა, მონაზე, _

დამძიმებული მრუში დღეებით…

ანთებდი მესსას ნორჩ მადონნაზე

ცოდვებით, ღვინით და კაфეებით!

 

იყავ მახინჯი და ღირსეულად

ლათინურ უბნის საკვირველება.

აგაყოლებდა დემონს სნეულად

მწვანე აბსენტით ტვინის სველება.

 

ერთ გაქანებით რემბოს შენებდი,

მაგრამ დაქვრივდი წყევა-გინებით.

და ნათრევალი მოისვენებდი

საავადმყოფოს თეთრ ლოგინებით.

 

ვით homo duplex იყავ ორსული.

იყო ვენერა, თხრობა, როზგები.

ნელა ქრებოდა დღე ავხორცული

და ხელს გიკრეფდა ნაზი როსკიპი.