მონასიბი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მონასიბი

დილაბინდზე ვლექსაობდი ერთხელ მონასიბათ

და სცვიოდა მზის რითმები შაირს მონათიბათ.

მე ვქარგავდი: ასხივებდა ვარდათ თალხი ჩრდილო,

იქორწინებს თიბათვეში ჩემი საგაზრდილო!

წითელ დროშით რაინდები პალატს შემოსარავს.

ყვითელ ქოშით ავაცისკრებთ ასულს ოქროს კარავს!

მზე ჭაბუკი სამეუფო გვირგვინს დაიმკვიდრებს

და მარიხის ძლევის კვერთხით სახელს გაიმდიდრებს!

ისე ჰკრეფდა ჩემი მუზა მაშინ ნეტარებას,

რომ… რომ, სულო, ვერც კი ვბედავ სიტყვით შედარებას!

ცქაფ-ნატიფად დავეშურე მტერზე ასამხედრათ,

გარნა მხოლოდ სიტყვა დამრჩა მგოსანს დასაყვედრათ!

დამსხვრეულად ალმასობდა მზეზე სრა შუშების,

თან ნავლობდა მწველ კოცონზე ნეშტი ჯაშუშების!

ოქროს კარავს რონინებდა დედოფალი სპეტად,

სამაჯურზე კიდევ აჩნდა ჯაჭვი შენაწყვეტად.

სხივთ ოქსინო წავახურე თავზე თხელ ფარაჯათ,

მოწამლული ხანჯლით დავდეგ კარზე მე დარაჯათ!

და იცოდეს: ვისაც უნებს ავნოს რამე ცირას –

იმან უნდა გაიაროს ჩემი ხანჯლის პირას!..