რარიგ ჰშვენიან ამპარტავნები…
სვლა მიუბაძავთ ამაყ ირმიზა,
პანის ფერებს სდევენ ფავნები.
მე მათ შეხედვამ ამაყირმიზა.
ო, სანატრელი ნაზი გლოვილი…
დღეს ჩემ ოცნებას ეძვირფასებით.
ღამის წყვდიადი ფერდაგროვილი…
შემოგხვევიათ ტანზე ფლასებით.
ერთხელ მეგონა: დაცრემლილ ბაღებს
გადამაშორა ბედის ჯირითმა…
დღეს სევდის მთვარე კამარას აღებს
და კვლავ ოცნება გადაგვირითმა!
თქვენს თვალში დარდი მძიმედ ელაგა
და ისე ჩანდა მედიდურ სვლაში. –
როგორც დამსხვრეულ არქიპელაგად.
თეთრი ღრუბლები ლაჟვარდის ზღვაში.
ჭლექიან პრინცად გული მიცემდა,
მაღალ ტაძარში მესსაზე,
მე რეკვიემი აღმომიცენდა –
ჩემს მგლოვიარ ნაზ პრინცესაზე!..