ნურვინ მეკარებით, ნურვინ მიმედებით.
არ მსურს ქალაქები მსდევდეს ბაიბურად.
გავალ უდაბნოში დაჭრილ იმედებით,
სადაც ლაჟვარდები მტვერით დაიბურა.
ჩემი მოსასხამი მძლავრი ფრთიანია
და ჩემს გადაფრენას ქარი მიანება.
მაგრამ ღამეებში ფრენა გვიანია, –
ასე საშიშია გადაგვიანება.
მივქრი დავიწყებით, გული გავაცივე.
ღმერთებს მომაგონებს ზარი ნაშაბათი.
ყველა შევიძულე, ყველა გავაძევე.
დამრჩა სანბენიტო, მთვარის ეშაფოტი.
მაგრამ სიკვდილის წინ თავის ტრფიალებით
ისეთს დავიკივლებ ხმათა მომეტებით, –
რომ ეს დედამიწა გადატრიალებით –
ცეცხლის ბრილიანტად გასკდეს კომეტებით!..