თამარ – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

თამარ

მუდამ მაისში ამწვანდება თამარ ზენარი,

დაფანტავს ცაზე ბრილიანტებს ხელ-ნარნარადი.

ენთება სოსლანს და გამრეკელს მზეში ზარადი,

გადიარს შოთა მთვარიანში მოუსვენარი.

 

თეთრ მონასტერში ლიტანიობს ერი მლხენარი,

ამკობს სასახლეს ფარდაგებით, მზის შარავანდით.

ისმის შავთელის ჩახრუხაძის ჰანგი მარადი,

საქართველოში გაოქროვდა დღე უთენარი.

 

ვინ არ აქებდა, ვინ არ ტრფობდა ნაზ ბაგრატიონს!

ამაყ თავადებს მეფე – ქალი წვავდა მზიანი!

თორმეტ კუბოში, ო, რომელმა კუბომ დატიოს?!

 

დაიმორჩილა მან შამქორი და ბასიანი.

თქვენი დიდება, ქალბატონო, იყო რამხელა,

ალბათ ვარძიას შეუძლია უტყვად გამხელა!