თითქოს ხარ ზოლას ნანა ვნებელი
და ჩემში ნახე ტრფიალი ზიზის.
მრუშ თიატრებში გაქანებული
შენი პირველი სიყვარული მიზის.
პარიზის ქუჩებს, მონმარტრს, ეიფელს
ელექტროს თვალებს ღამე აბარებს,
ცა ბრილიანტით ნოხებს შეიფენს
და შეყვარებულებს ღვთის ანაბარებს!
ო, ამ შეხვედრას სხვა ლექსს ადრიან
ლანდთან ლანდია უზესთაესი
პარიზს დაფარავს ალექსანდრია
და ნანას გვერდით უზის თაისი.
სცენას ამტვერებს გმირთ ქარავნები
თაისი მოკლეს აქ პოლიქსენად
შემდეგ მოვიდა ბერი ნავნები
და საღვთო ქმარად გაიხსენა,
დასწვით სასახლე შეუბრალებმა
ლოცვა უდაბნოდ ღვარეთ უსაგნოდ
თაისი ნახეს წმიდა თვალებმა
შენანებული თეთრ მოლოზანად
ჰფრენს მწვანე ცხენით სიკვდილი შორი.
თაისს უძახდენ გადახსნილ ციდან,
ნანასთან კვდომა, ტკივილი, შმორი
ძველ ნადედოფლარ ღამეებს ცვლიდა
და წამს ვიგრძენი: ამბავი ძველი
მეორდებოდა ჩემში საშიშად
მე გიჟი ბერი და ზიზი მკვლელი
როსკიპთა სიკვდილს ვსვავდი ჰაშიშად.