უდიდეს ქალაქს – მრუშ ბაბილონს, ისევ გამურავს
ჩვენი ოცნება კეთროვანი და წამწყმედელი.
თვალდახურული მოვიგონებთ მეფე ქამურაბს
და ძველ ქალაქის გაგვაოცებს ისევ კედელი.
თითქოს მოგვესმის უდაბნოდან ხალხთა ხრიალი,
როცა გოდოლი შენდებოდა ძველ მსოფლიოზე.
აღთქმულ ქვეყნისთვის ებრაელთა ყრუ ხეტიალი
და ტყვეობაში ატირება წმინდა სიონზე.
კითხულობს მოგვი ვარსკვლავებზე ბედს წარმართულად, –
იმან კალენდარს მნათობებით მოაბა თავი.
ღმერთისთვის კოშკებს ატაძრებდა მრავალ სართულად,
ტიგროს – ეფრატში მეძავები გაბანა მწვავი.
კვლავ აიმართა ბალთაზარის ტახტი ფირუზის.
კედელზე: „მენე თეკელ ფარეზ“ ჩნდება საზარი…
მაგრამ ჩემს გოდოლს ვერ დაანგრევს რისხვა კიროსის
და იზვიადებს ბაბილონი უზარმაზარი!