არმაღანი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 19.03.1918

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

არმაღანი

ქართველ მხედრებს

 

შესწყდა ლანდების მუნჯი ზმანება,

ფარაჯამ სცვალა ტანზე მარმაში,

დღეს ერთი მატკბობს: მკვეთრი ბრძანება,

ჩემს შეყვარებულ ცივ ყაზარმაში!

 

მთავარსარდალო! მალე რაშები…

ნუ გვახსოვს თავი, ნურცა ფარეზი,

ნახევარ მთვარის თეთრი ფაშები,

მინდა, ვიხილო! მსურს ასპარეზი!

 

გიჟურ ბრძოლაში დავითენთები

ვით მზეზე ლალი და საფირონი,

მხარს დაგვიმშვენებს ჩვენი დენდები,

რომ სანახობდენ სანაპირონი.

 

მამულიშვილნო!  ქართულ ჯარისკენ…

მარიხს შევსწიროთ ნაზ ხოტბათ ომი,

შეიარაღდით! მაშ, აჭარისკენ, –

ჩვენთან იმეფებს ჩვენი ბათომი!..