მთვარის ეშაფოტი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მთვარის ეშაფოტი

სიბერის გამო დღეს არ ამოვა,

მოღლილი მთვარე თეთრი გრიმებით.

უმისოდ ზეცა გვესაღამოვა,

და გატყობთ, სულო, რომ იღვრიმებით.

 

ახ! ჩვენ რად გვინდა მთვარე ნათელი…

ცივი თვალებით ღია პროფილში,

ის ახლა სხვებ განაბათილი,

არ გამოჩნდება ტყის ხლოროფილში.

 

მას უმღეროდა წინად აზია.

დღეს კი გადიქცა შხამიან სპლინად.

ის სოფლურ ღამის სილამაზია

და უსაქმურთა გამხდარა ბინად.

 

მაგრამ თქვენ მაინც უცნაურს ელით.

ახალ ქვეყანას ელით მთვარეზე,

ვით ეშაფოტი გინათებს მწველი.

სახე-ქალწული და მოთარეშე.

 

ჭლექათ გესხმებათ მწამლავი ღვარი.

ნუ დაენდობით მაცდურ ნექტრობას…

გახეტიალებთ ყრუ ძილში მთვარე

და მოგარიდათ მზის ელექტრობას!..