ქალბატონი შორი სადგურების – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-22-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ქალბატონი შორი სადგურების

ვერ გავცდი ამ სადგურს, ამ რიონს…

ეჰ! მატარებელმა „გაგვასწრო ფეხით“.

მე უნდა სიგიჟემ უთუოდ ამრიოს,

დღე კატასტროფის იშლება ტეხით.

ჯიბე ატარებს: ნაპოლეონს და ჟოზეფინას,

ტიულერის მერე შენი სახელი ჩანს ტრიანორად.

ეს ცივი სივრცე დავიწყებად თუნდაც გეფინოს –

ჭლექის ქალბატონს მაინც სიცხით გეტრფი ანონა.

წარსულ სახელებს დღიურიდან ვითვლი ექვსამდე

და მეშინია, ვიყო ახლა თქვენი რაინდი.

მაგ სილამაზეს უცაბედად თუ გავლექსავდი,

ასე მგონია, რომ გატყუებ და გავკაინდი.

სულში ჩამდგარი ლითონებზე რეკავს ამური…

ჩვენი ქვეყნისთვის კარგი რამე ვიფიქროთ დროზე.

არ იქნებოდა ასე ჩუმი აკალდამური,

რომ  ყოფილიყო ქუთაისი რიონის შტოზე.

ამ დღეს, დაკარგულს, გამართლება რომ ჰქონდეს კიდევ,

ლექსის თარიღად დაიწეროს მაინც რიონი.

დღე ხუთშაბათის, ხუთ ოქტომბერს, გზას ფეხებს ვკიდებ,

მივდივარ წვიმით მეოცნებე და ქარიანი.