ბოდლერის ოфორტი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-22-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ბოდლერის ოфორტი

ბოდლერს ამბოხით შეხვდა პარიზი,

როს დეკადანსით დასწვა ფრანგული.

მან აირჩია მზის ასპარეზი, –

მრუშ მირაჟებში გზა დაბანგული.

ქუჩის ყვავილთა გაბოროტებით,

შავ ვერანაზე აშრიტა ჟინი.

შეხვდა იდეალს დაფნის ტოტებით,

როცა ქალაქებს მოედვა სპლინი.

ცოდვიან ქალებს ეკაბადონა,

მათ ტანის სურნელს, პუდრს, სამკაულებს.

ო, ბეატრიჩე! წმინდა მადდონა!

დაატარებდა სულში ლაურებს!

ხავერდის კატა, ბუ და ღამურა,

უალერსებდნენ კაინის ძმობილს.

ბოდლერის ლანდი ესაღამურა,

მძაფრ საუკუნის დიდებას თრობილს,

მაგრამ დაეცა დამბლა მედგარი

და ნუგეშინად ის ჰქონდა ნაღალს:

პოეტის სულზე, – მამა, ედგარი, –

შეევედროდნენ მეუფეს მაღალს!

ხალხში შეიქნა მიეთ-მოეთი.

უხმოდ კვდებოდა დენდი ნარინდი…

აგონდებოდა კვლავ ინდოეთი,

ალბატროსები და ტამარინდი!..