ალამზე – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 01.07.1917

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-20-ხ.

გამოცემა : გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“, №9

პოეზია, შემოქმედება

ალამზე

მამულო ძვირფასო, რაინდთა მამულო,

წინაპართ სისხლითა მოცვარულ-ნამულო –

იხარე! – გაიღო მცხეთისა კარები

და შენდა აღდგომას ლხინობენ ზარები!..

აფეთქდა მეტეხი…  დაიქცა კედელი…

მოგიკვდა მტარვალი, ხუნდების მჭედელი…

მონობა წაიღო დროჟამის სამარმა,

სიცოცხლე გაიახლა ზეინაბ-თამარმა!

ერეკლეს ბრძოლის ხმა გუგნებს, გრიალებს…

კრწანისის დროშები კვლავ წითლად ფრიალებს…

ქაჯეთის ციხე-კოშკს ანგრევენ გმირები!

ტარიელ შელეწავს ცხრა კლიტულს დღეს ტანით

და მალე ილხინებს ტყვე მიჯნურ ნესტანით!..

წინ, მზისკენ მხედარნო – ახალ გზის ხიდებით,

თინათინს ვესტუმროთ ქორწილზე დიდებით!

აწ ვეღარ დაგვსუსხავს ქარ-ყინვა რუსთ ველის –

დღეს ზეიმს გადიხდის სამშობლო რუსთველის!..