ბატონები – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1923 წლამდე

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-15-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ბატონები

მინდა, შევაწყო რბილი ტონები.

ოქრონემსულით ვქარგო არშია,

აქ მოსეირნე მზის ბატონები, –

გაზაფხულზე და ზამთარშია.

 

როცა ბუხართან გაწვება კატა

(სიცივით გული თუ გადისერა) –

ოთახში ჩუმად შემოვა ფშატა

და შემოყობა ნელა კისერა.

 

ნახავს წითელა ბავშვებში ყველას.

შინდისფერ კაბას იცვამს ტანები.

გადვიტან ყვავილს და კიდევ ხველას…

მე თუ ფეშკაშებს მომიტანებენ!

 

როცა ჩანგურზე, როგორც კაკილებს,

ჩამომარცვლავენ ნანას თითბით, –

მას ბატონები არ ითაკილებს,

დატკბება, ვიცი დაბეჯითებით!

 

მაგრამ თუ შეხვდით თვეებს კვიმატებს…

ღამეც არ იქნა მშვიდი, ნათელი, –

შვებაზე შვებას ვერ შეგვიმატებს –

გაგორებული ქვის კამათელი.

 

მწერალი სტუმარი თოვლის კარვებში.

ნორჩ ქალწულებით წავა ნაცხელი.

ჩაჯდება სახე სნეულ ქარვებში

და მოვა დარდი აურაცხელი!..