ბრმა ინფანტას თვალები – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-7.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ბრმა ინფანტას თვალები

მზეში ფირუზს ქარი ფანტავს,

ეს კრთომაა თქვენი.

გაოცნებებთ ბრმა ინფანტას

ცხელი კართაგენი.

მიყვარს ღვინო სირაკუზის

და ნუბიელთ ვნება,

გადატეხა ყველა ღუზის

უგზოთ გაქანება.

და ევლება ტრფობის ძაფი

ნინევიის ხანებს

და სიგიჟით მოვესწრაფი

შეფიის ჰარამხანებს.

ასარგადონ – ბალტასარი,

სარდანაპალ სხვები.

ფიქრი ალთა-ბალთა არი

კრთიან ფინიკები!

და ტიგროსზე ჩნდება ფონი,

წყალზე ქალი ჯადო,

ბაბილონი, ბაბილონი

ჩემი ელდერადო!

თქვენ აჩრდილებს ღამე ჰპოვებს –

სული ჩემი მთვრალად,

ვსცქერ გადასულ სამეფოებს

ბრმა ინფანტის თვალად.