პოემა „ძმობილი“, X და XI თავი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1915

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-9.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

პოემა „ძმობილი“, X და XI თავი

X

მე იქ მივდივარ, თუ კი მიმიღეს!…,

სადაც არ არის მავნე მრუშობა

მე იქ მივდივარ, თუ კი მიმღეს,

მავნე მრუშობა სადაც არ არის,

სად ერთვარ შალვა გოგიაშვილის.

მე ვამჯობინე ძრახულ სიცოცხლეს

არაარსობის შვების სამარი,

ვსთმე ეს სოფელი პირველ ცოდვისგან

მოშხამული და განამაწარი.

მე ჩემის ნებით ქვეყნით გავდივარ,

თავს ნებით ვაძლევ მწარ მარტოობას.

რომ მეტი ჩირქი აღარ მოეცხოს

ანდერძის ძალით ჩვენსა და-ძმობას.

ვინ იცის, იქნებ ნებიერ გასვლით

მაღლა განგებას ზეცას ვრისხავდე,

ჩემში ჩანერგულ ციურსა ნიჭსა

ჩემის ხელითვე უწყალოთ ვკლავდე.

მაგრამ მანდ ქვეყნად არ მსურს დარჩენა,

„იქ“ კი რიღათი ვიმართლო თავი?!-

არას დავეძებ, თვით ბუნებაა

ამნაირ გრძნობის კაცში მსახავი.

მე „იქ“ არ მივალ, მსურს, მკვდარს გამაჩნდეს

საკუთარ ეზოს თავშესაფარი.

ორ ტკაველ მიწას მე არ დამიჭერს

ჩემი ბუდე და ჩემი სახლ-კარი.

მანდ სიცოცხლის დროს ძლიერ მომწონდა,

ვარდ-ბუჩქართა შორის რომ მიწა არი

და გევედრები სწორედ იმ ადგილს

გაათხრევიე ჩემთვის სამარი.

ამ დროს მოესმა შადრევანის მხრით

ქალს ხმაურობა არა-ჩვეული,

ისევ დაწყნარდა, კითხვას მისდევდა

დობილი ღონე გამოლეული,

ჩემ საფლავს მყუდროს შეამკობ ხოლმე

ზამბახ-ნარგიზით, იით, ყვავილით

ისე რომ, დაო, ცოცხალი ვიყო

თვით უნუგეშო მკაცრი სიკვდილით.

გოლვიან დღესა გათმოაპკურებ

თვალთა  მონახეთქ ცრემლისა წყაროს,

რომ ულეველათ ყოველმა ვარდმა

კუკურ სინორჩე გროვად დაყაროს.

ოდეს ესენი მწუხრისა ჟამსა

მოაკმევს ირგვლივ სუნსა საამოს,

მაშინ შენც იმას დაუკრავ არა?

მე რომ მიყვარდა „წყნარსა საღამოს“.

მაგრამ რაც მოხდა, ის დაივიწყე,

ნუღარ იქნება იმისი ხსოვნა,

უკანასკნელათ ერთსა გნუკავდი

და შემისრულე ეს ერთი თხოვნა.

ხმა საკრავისა, ხმა ბუნებისა

მოვა ჩემამდი ხშულსა სამარეს,

ის გამიქარვებს მწვავე კაეშანს,

ის გამიხარებს გულსა მწუხარეს.

ხორცითა მკვდარი, სულით ცოცხალი

ბნელ სადგურიდან დავყნოსავ ვარდსა

და შორს გავატან მაისის სიოს

ჩემში დარჩენილ დამჭკნარსა დარდსა.

დრო გამოშვებით მოიტან იქვე

სიყმაწვილისა სქელ ლექსის რვეულს.

და წამიკითხავ შენზე დაწერილ

ლექსსა უებარს, ლექსსა კურთხეულს.

მით გაიხსენე ის წმიდა გრძნობა,

პატარობისა გულში რომ ვზარდე,

ოღონდა ისევ იმ თვალით მზერდე,

ოღონდაც ისევ ძმისებრ გიყვარდე.

 

XI

რა გაათავა ტირილით კითხვა,

მოლზე დაეცა პირქვე დობილი,

გამოუთქმელათ იქ ვალალებდა

ბუნებისაგან ქალი გმობილი.

რა მისი გული წარმოიდგენდა

სარდაფის კარში ამაოებას,

ბოლო არ უჩნდა სასოწარფენილ

დაობლებული სულის გოდებას.

მან ბევრი რამე დაჰკარგა დღესა,

ძმობილი, სატრფო და მეგობარი,

ვის შეკედლოდა ფირფიტა ნავი,

ოდეს ზღვას ქროდა მწუხარე ქარი?

შორს გაისმოდა გალაღებული

სულისკვეთება დობილ ქალისა,

მასში მოჩანდა დამწარებულად

უიმედობა [მიცვალებისა];

გახსოვს საღამო, მაცხოვარის წინ

სალოცავადა რომ წავსდგებოდით,

მეორე დილას, სულ უთენია

დასვენებული წამოვსდგებოდით.

გახსოვს, დაიკო, ლექსის წერაში

ვინ კარგი დარჩეს, მეჯიბრებოდი,

მე  რომ დავწერდი, შენ ვერ შეძლებდი

და ამაზედა გაბრაზდებოდი.

გახსოვს, შენ უფრო მოგდევდა ხელში

და ჩემზე უფრო კარგად ხატავდი.

გახსოვს, საღამოს მაცხოვრისა წინ

სალოცავადა რომ წავსდგებოდით,

მეორე დილას დასვენებული

ხალისიანად წამოვხტებოდით.

გახსოვს, დაიკო, საკუთარ ხელით

დანახატ სურათს შემომიძღვნიდი,

ხანც მუსიკალურ იარაღზედა

ხალხურ სიმღერებს რომ მასწავლიდი.

გახსოვს, უდარდელ ყმაწვილობასა

რა სიხალისით ჩვენ ვატარებდით,

მხოლოდ ერთმანეთს მარტო ვიცნობდით,

სხვას სიახლოვეს არ ვიკარებდით.

გახსოვს, საღამოს მაცხოვრისა წინ

სალოცავადა რომ წავსდგებოდით,

დილას ისევ ცქვიტად, ხალისით

დასვენებული წამოვდგებოდით.

გახსოვს, საკუთარ მშვენიერ სურათს

მე რომ საჩუქრად შემომიძღვნიდი,

ხან მუსიკალურ იარაღზედა

ხალხურ სიმღერებს რომ მასწავლიდი.

ოჰ, მაშინ მრავალ ანგელოს გულით

მე შენ მიყვარდი, მე შენ გიმზერდი,

დაძმურ გრძნობითა გატაცებული

შენზე რა წმიდა ლექსებსა ვწერდი.

ოჰ, უდარდებელ პატარაობა,

ასე სიჩქარით რათ გაიარე,

ჯერ ცხოვრებისთვის ისევე ნორჩი

ასე უწყლოდ დამასამარე.

მან ბევრი რამე დაკარგა დღესა,

ძმობილი, სატრფო და მეგობარი,

ვის შეკედლოდა ამ ქვეყანაზედ

ის განწირული, ესდენ გულმკვდარი?

მე ვამჯობინე ძრახულ სიცოცხლეს

არაარსობის შვების სამარი,

ვსთმე ეს სოფელი ბრუნ…

შეძულებული და წანამხდარი.

რა გაათავა უშფოთვარ სიტყვა,

შადრევანისკენ ნელა წავიდა,

თანავე მასთან ერთი ვარსკვლავი

შავ ღრუბელთ გუნდში ნელა ჩავიდა.

მეორე მხრისკენ მოწმენდილ ცასა

გამოჩნდა სავსე უდუმრად მთვარე,

ქალი კითხვასა კვლავ განაგრძობდა,

[……………………………………………………..].

მაშინ მერწმუნე, მიწად ქცეული,

ვიქნები მშვიდი და ბედნიერი,

შენ-კი ყოველი აღფრთოვანებით

დაუმჭკნარი და მშვენიერი.

 

შ. გოგიაშვილი

ქუთ., 18-20/VIII, 1915