დათიკოს და ლუტას – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 08.05.1917

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-6.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დათიკოს და ლუტას

ძლივს ვიშოვე დრო საწერად,

და, ჰა, გიძღვნი მოკლე წერილს,

ბოლოებში ალმაცერად

კოხტა რითმით გულდასერილს.

გამარჯვება თქვენი, ხალხო,

მოგილოცავთ ახალ მაისს, –

ტრაპიზონით დანათალხო,

არ იგონებთ ნაზ ქუთაისს?….

…და სხვა და სხვა… ესეც კმარა…

შვაღამეა… გეძინება,

მარტოობა დრომ მომპარა,

დღეს საქმეში მეცინება!

ხან კრებები, რედაქცია,

ხან მცხოვრებთა რიცხვ-აღწერა, –

ღმერთმა ყველა დააქცია –

მათი თავფეხქუსლის წერა!

უგნურია ჭკუა გლახის,

ვუშველით, რომ გგონია –

იგი მაინც გაიძახის,

არ გვინდა „ანტონია“ (ავტონომია).

ეს იმას გავს, რომ გშიოდეს,

გსურდეს პური კან-წმინდაო,

ლუკმა მოგცენ პირში – ოდეს

იძახოდე, არ მინდაო!

მართლა! ახლა ვარ მერგეში!

მანდ თუ არის სამსახური-

ამხანაგით სულ ექვს დღეში

გეახლებით ჯან-საღური!

აწ, მშვიდობით, აგერ მალე

მოგწერთ კიდევ საჯაყ წერილს,

მანამდი კი – გენაცვალე

დამიჯერდით ამ გაბერილს!