შური მგოსნისა – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1915

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-5-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

შური მგოსნისა

დამივიწყე, სხვა გხიბლავს  დღეს შენ ქათინაურით,

დღეს შენთვრები სულელო იმის ყალბი ხმაურით,

ახ, არ იცი, რას ნიშნავს, მგონებ, შური მგოსნური,

ახ, არ იცი, რა არის ტანჯვა პატიოსნური…

მე რომ გიქე თვალები ცის ვარსკვლავთა კრებული,

მკერდზე ვნების ჭურჭელი მწყობრად აკოკრებული,

სწორი თითნი ნათალნი რხევა დარბაისლური,

სქელი თმების ნაწნავნი წარბწამწამნი ისლური.

და ეგ შენი არსება შენი ხმის სილამაზე,

ო, ლეილა ვის მიეც? ოხ, რას მეტყვი ამაზე!..

შენ გასთელე ეს ჩემი ზეციური გრძნობები

და მის ნაცვლად იყიდე გრძნობა დანაობები.

ახ, რად გავხდი მე შენგან გველის გესლით შხამული,

რად წამართვი დედმამა, სათაყვანო მამული.

ყველა შენ შემოგწირე სიყვარულის ძლეობით,

და ჰა, ევა, რა მომეც შენის სულმოკლეობით.

რა გლახა ხარ, რა გლახა, საძაგელი წყეული.

მონავ, მონავ საბრალო, ავგაროზის რწეულო?

შენ ბავშვი ხარ უენო საცოდავი, სულელი,

შენის ზანტი მოქცევით თითქოს რაცხის სულელი,

და გგონია, ნაზი ხარ, მეცინება, ხა, ხა, ხა,

გეტყვი შენ ხარ………………………………………..

შენ თუ იყავ ლამაზი, ისევ ჩემ ლექსთკრებულში

თორემ ისე რას გავხარ ამ ქუჩების გებულში,

მე შენ მოგეც სიმდიდრე და მე ისევ წაგართმევ,

და დავკაწრავ შენ სახეს გაყვითლებულს მთვარეულს

ჩამოგახევ ტანსაცმელს დაგამსგავსებ არეულს,

მკერდზე დაგცემ ცივ ბებუთს, სისხლს ავასხამ მჩქეფარი,

პერანგს გავხდი კუმაჩად, თვით ძაღლების კი მყეფარედ,

დაგიკორძებ მაგ ხელებს, ჩვარებ მოგცემ ქათიბსა,

ფეხქვეშ შავ თმებს დაგიყრი თავით ჩამონათიბსა,

ისე გტანჯავ, ო, ისე, რომ შეგზარდეს საწუთრო,

არ გეღირსოს სამარეც, რო ხსნა დაისაკუთრო.

არა, არა, შენ ივლი სხვის კარისკარ მათხოვრათ,

და წარსული გექნება სინანულის სახსოვრად.

ო, რა გლახა იქნები, ისინიც არ შეგხედავს,

მთელი შენი მოკეთე დამპალ კუბოს შეგჭედავს.

მე რომ შემგვხდე, სიცილით მოგიშხამავ წამებსა

( ჰე, ვინ იცის თუ გულში რაფერ გამაწამებსა).

ჰო, ასე მსურს სასჯელი შენით დანამსახური,

შენ იქნები ბოროტი ალქაჯების მსახური,

შეიწავლი მისნობას, შეამზადებ წამალსა,

გამონახავ თილისმას ავზნეობის წამალსა,

და შემასმევ ქურდულათ და მოხიბლავ მჭკნარ გულსა,

მაგრამ ვერ დამიბრუნებ საუკუნოდ კარგულსა.

მე ცისა ვარ მგოსანი არა ქალთა ტრფიალი,

დაგექცევა ბნელ გზაზე შხამით სავსე ფიალი,

დამარცხდები ბოროტი, გაიმარჯვებს ციური,

რისხვათ მოგევლინება თვით განგება ღვთიური.

დღეს მით ვარ უბედური, რომ შენ ხარ ბედნიერი,

სახეზე დაგთამაშებს მაცდურების იერი,

შენ ჩემთან არ ინდომე ერთი წამის ტარება,

რომ მგოსნისთვის მოგეცა საჩუქრად ნეტარება.

იმ მგოსნისთვის, რომელმაც მოგიტანა სიმბოლოდ,

ზენა ღმერთად დაგსახა ყოფნის თვად და ბოლოდ.

ხოლო ისეთს დაყობი მომცინარათ რხეული,

რომელსაც რომ სიმრუშემ გამოუხრა სხეული.

ა, სად ნახე, საბრალოვ, ცდომის შამპანიური,

სად დაკარგე უეცრად ჩემი გრძნობა ციური.

საბრალო ხარ, საბრალო, მაგრამ მე ვერ გიბრალებ,

შენს ქვაობას ჩემდამი ნუღარ გადაიბრალებ.

ესღა დამრჩა გაქურდულს შენთვის ზიზღის ძღვენია,

მიიღე და გერგება ჭეშმარიტად შენია.

ასეთია სასჯელი უზენაეს განგების,

ო, ეს წიგნი მე მატკბობს, ველი ამ გამარჯვებასა

შენ ტანჯვაში ვეძიებ ჩემი სულის შვებასა.

არ იფიქრო ამაში ჩემი სულმდაბლობა

მე მაღლა ვარ და ვიცი, სადაც უნდა ბრალობა,

მხოლოდ შენცა გაიგე განაჩენი ხმოსნისა,

ეს შენდამი შურია დამცირებულ მგოსნისა.

 

28, 11 საათი, ღამე