ჩემთვის უკვდავ დას
არ განმიცდია ჯერ მე ოდნობით
ზარის ხმაური მეათასესი,
მხოლოდ დღეს ვცანი გულის მოდნობით,
რომ განმეშორა უძვირფასესი!
ჰე დაო, დაო, შენაციებო –
მზის სითბოს კუბო რად ამჯობინე?..
სიცოცხლის მგოსანს, ჩემო მთიებო –
საწუთრო რისთვის დამაგმობინე!..
რისთვის წამართვი სულის მშვიდობა,
რად დამითალხე სიმნი ფლასებით?
მე რად მინდოდა ოტარიდობა,
თუ არ ვიმღერდი ფარჩატლასებით?!.
შენ მიიცვალე უფარშუბოში,
მითხარ შენს სხეულს ვის მივაბარებ?
ტანჯვით დაკგრძალავ ლექსთა კუბოში
და ჩემთან ერთად შენც გამთაბარებ.
წელთწყებას იქით ნაზ თვალთა რულით
შენ განახლდები ქარვის მთვარეზე
და მე… ო, დაო, ძმურ სიყვარულით –
გიტირებ მარად ლექსთ სამარეზე!..
გულმკვდარი ძმა შ. კარმელი
1917 წ. ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი
ქარვის ტირილი
ვაკვდები ღვინოს, რომ მაკარგვინოს
წვალება მგოსანს, ხვალ საგვირგვინოს,
ვსტირი სევდისთვის, ვსტირ ისევ დისთვის –
ცას ვსთხოვ ანაზდათ, რომ დაიგრგვინოს. –
ყარყუმ ხაზიდით, მე ლამაზი დით,
ზეცამ წამართვა ზეცამ საზიდით…
ვაი ფირალო სულო მართალო,
შენ მიიცვალე ამ თვის […].
ქარვის დღეობით მსვლელობთ ხეობით
ჩვენ საფლავეთში ვერ მოკლეობით, –
საზარი ელდით დავცარიელდით
ვერ ვიქორწინებთ, დაო, მნეობით.
იგიც მარიდებს მკრთალ ოტარიდებს,
ჩემ თავს დაღალულს მკერდზე არ იდებს,
და სამრეკლოზე სანარეკოზე,
უკვე ვასმინე გლოვის ზარი დებს!.
მკვდართ სამყაროში სამწუხაროთ
მზე განისვენებს შავ მაღაროში,
მინდა გვირილით მთვარის ტირილი –
ცრემლი მშრალია თვალთ საღაროში!
და გზაბრუნდებით უკან ვბრუნდები
ო, ვით დამტანჯეს გულზე ხუნდებით!..
დუმბულ-დაფ ნელი დაუდაფნელი
თეთრ სიცხადეში ღამით ვხუნდები.
და მე ვსვამ ღვინოს, რომ მაკარგვინოს
წვალება მგოსანს ხვალ საგვირგვინოს,
ვსტირი სევდისთვის, ვსტირ ისევ დისთვის-
ცას ვთხოვ ანაზდათ რომ დაიგრგვინოს!..
შ. კარმელი
1917.ოქტომბ. 27