სონეტი ეთერის ქალებს
თოთხმეტ სტრიქონში მოქცეულა ჩემი შაირი,
მარმარ სიტყვების გამოკვეთა სულს ეცნაურა,
მაგრამ არ მიყვარს ყრუ სონეტი რაგინდნაირი, –
პეტრარკას ხელით მსურს ავხაზო თეთრი ლაურა.
და ნაზი ლედი ლიგეია ლამაზ ხმაურათ
ჩემში წკრიალებს ვით წინ წილით დაფდაფ-დაირი.
გარდაცვლილ ლანდით ბეატრიჩე მეშინაურა,
ამბრად სურნელობს ოფელიას თმის ჯავაირი.
უფრო მწველია სილამაზე მზიურ ქალების
მედეას ცეცხლი, სხიოსნობა ნაზ ნესტანისა
და სიყვარული მაშრიყელთა მისნურ თვალების…
მე მათრობს მათზე ანთებული ტრფობის წიგნები…
და როს შეწყდება ზარიფობა ჩემი ტანისა, –
გადამწვარ სახით მიტირებენ ქალწულ-ციგნები!…
ზვიადი გრძნობა შელახული სანამ მეზიდა,
მე არ ვიცოდი თეთრ ქუჩებზე განაციები…
მხოლო როდესაც ყვავილობდენ აკაციები.-
ნელი-ნელ სულში მეჭრებოდა მეც ნემეზიდა!..
ეს არის ჩემი სასიცოცხლო ერთი გეზი და
კვლავ ფირუზისფრად აიქარგენ ცის არშიები,
როგორც რაინდი ჯვაროსანი, შურის მძიები,
ვენთები ჟინით და ვიჩქარი ასპარეზიდან…
მალე დაგღალავს სასიკვდილო ჩემი თარეში,
ლამაზ წვალებით აღსრულდები პირმანგოსანი.
ჩემი სონეტი დაგიტირებს ლურჯ კაბარეში…
მდუმარ კუბოსთან მუხლს მოიყრის ფარშუბოსანი…
მაგრამ მით უფრო შეგიყვარებს ყრუ სამარეში,-
ვიდრე ქუჩებზე – დღეს მდურავი შენი მგოსანი!…
შალვა კარმელი