ტიციან ტაბიძეს
ქალი:
შავი ნაწნავი გადავკიდე მერიდიანზე,
და ველი ახლა ათრთოლებით მთვარის გატეხას,
ბევრი ლოცვაა დაფენილი იდუმალ ქვაზე,
მრავალი ელის სარკეების ცქერით ატეხას.
ვაჟი:
ძვირფასო სქესო! დაიღვრებით ანდამანტებათ.
ჩვენ სანთლის დუეტს მთვარე ისმენს მხოლოდ ხარებას.
ქალი:
მთვარეა ავათ.
ვაჟი:
მოეკიდა საწყალს ანთება.
თქვენ წამოისხამთ, ქალბატონო, თეთრ მწუხარებას
და მოფრინდება როგორც მტრედი ცრემლი უფალისა.
უბიწო მარად შენ თვალებში ჯვარი იზრდება.
ქალი:
მთვარეა ჩვენი მოწყენილი ჭირისუფალი
(ო, აყვავდება ის მწუხარე პარადიზებათ).
სერაფიმების მესმის შენთან ნაზი შრიალი.
ღამეა დიდი და უცნობი მოდის მესია.
თითქოს დაგვნათის მოგონება ესკურიალის,
თითქოს ცრემლების გაგვაცილებს ჩვენ პროცესია.
ვაჟი:
დაიწყო მთვარემ სინანული და ცხრომა სწრაფი.
ქალი:
დაიღუპება ანთებისგან ის ოფლიანი.
ვაჟი:
ასე მგონია, გადაესხა თითქოს ქერძაფი.
ებრძვის ობობა საოცარი და ჭორფლიანი.
ო, ცივი მთვარე მედიუმი ჩვენი სულების.
დაგვტოვა მარტო საცოდავნი დამწვარ მიწაზე,
სადაც ჩვენივე გვიტრიალებს გარს სილუეტი.
ქალი:
ტირიან დები მარად მტვერში გადასულები.
და, დიდ სივრცეში იკარგება ჩვენი დუეტი.