I
როგორ ჩავტიო გრძნობები ბწკარში,
ანდა რიფმები გავშალო ველად,
როცა ყოველი ვარსკლავი ცაში
თავს დამდგომია მე სახრჩობლად.
როგორ ავწიო ხმა ჩახლეჩილი,
გავაბა ტკბილი შაშვი კაკაბი.
როცა მთვარისა ჩავიდა ჩრდილი
და ჩამრჩა მხოლოდ გული ნაკაფი.
ვგრძნობ: ცასა და მიწას ვარ მოწყვეტილი,
როგორც მომართულ მშვილდზე ისარი.
არც მეცინება და აღარც ვტირი,
დაცხრირულია გულის ფიცარი.
გაავსეთ შხამით ანდა დამკალით,
მინდა ვიმღერო თვითმკვლელის ხმაზე,
დავაწყებიო ჩემს თავს კანკალი.
ვიმღერო, როგორ მტკივა მე გული,
ამღვრეულია სული ამრიგად.
რომ გზა ამებნა, ვარ დაკარგული
და წლები მუქთად რომ დავარიგე.
II
არც უდაბნოა და არც დუმილი,
თუ ხარ პოეტი და ძალა გერჩის,
თუ დაგრჩხლიალებს თავს სხივი დილის
და მოქალაქის გული სცემს მკერდში.
გსურს, ნახო საქმე ახლად შობილი?
მით მდიდარია ყოველი წამი.
თუ გსურს სიმღერა ხმა შეწყობილი,
სალამურია ყველა ლერწამი.
ირგვლივ ღელვაა: გაჰკარ მხარული,
ყოველი ტალღა მოვა ალერსით.
თუ ამ ეპოქის გაქვს სიხარული,
ეს ლექსი არის შობილი ლექსით.
სხვა აიმართა პირამიდები,
ვინღა შეხარის მთვარის აჩრდილებს.
რომანტიული არის დიდება
გმირული სულის დიდი საჩრდილე.
თუ სიყვარულსაც გაურევ ხმაში,
მაშინ ვარსკვლავიც წააგავს იას.
და ყოველ ნივთსა და ჩვენს ამბავში
შენ გაიგონებ მზის ჰარმონიას.
თუ შთაგონება იწვის და არის,
თავისუფალი აზრი თუ ფრინავს,
ცრემლშიც კი ნახავ ეპოქის ხალისს,
ღამეც ვარდივით ჰყვავის და ფშინავს.