გამახსენდება: იმერეთი. საღამოს ბინდი.
მორცხვი ქალწული თავსაფარში, კალათით მხარზე.
და ღამე შობის. სახარება. ვედრება. რინდი.
ძველი ბზის ტოტი დამტვერილი შუა ბახურზე.
ჩიჩილაგები აივანზე. ჯვარი ჭიშკარზე.
და მოგონება საქართველოს ძველი რაინდის.
ღამის გათევა. საუბარი ჩემ ურქო ხარზე.
ან მეზობლებში გადაპარვა კრძალვით და რიდით.
ო, ეს წარსული! და უმანკო წმიდა ბავშობა,
როცა მლოცავდა მამაჩემი ცისმარა დილით.
მიყვარდა მწუხრი. ეკლესია. და ქრისტეს შობა.
ღვთისმშობლის მზერა დატვირთული უსაზღვრო ქებით.
წყნარი სოფელი მაგონდება დღეს სასოებით.